გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-290-276(კ-06) 18 ივლისი, 2006 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ხ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის შრომითი მოწყობის უზრუნველყოფის დავალება სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე 1998წ. აპრილიდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ განყოფილებაში ...... ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც 2004წ. 6 თებერვალს გავიდა სადეკრეტო შვებულებაში, ხოლო სამსახურის უფროსის 2004წ. 6 თებერვლის ბრძანებით კი გაშვებულ იქნა დეკრეტულ შვებულებაში კიდევ 3 წლით. «ქ. თბილისის მერიის ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ» ქ. თბილისის მერის 2005წ. 15 მაისის განკარგულებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით «ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ» ქ. თბილისის მერიის 2005წ. 5 მაისის ¹33 ბრძანების მიუხედავად, ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური განაგრძობს ფუნქციონირებას და ამ სამსახურის უფროსს კვლავ ზ. გ-ია წარმოადგენს (სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეებიც ასევე აგრძელებდნენ მუშაობას), რამდენადაც მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა აღნიშნულ სამსახურს წერილობით, საიდანაც ამ უკანასკნელი პირებისაგან მიიღო პასუხი, შესაბამისად მოსარჩელის დასკვნით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ ის ფიქტიურად გამოცხადდა ლიკვიდირებულად. ამასთან, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური ახალი კადრებით შეივსო, ხოლო ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ მივლინებაში.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელშიც ის არის დასაქმებული, ქ. თბილისის მერია ვალდებულია‚ უზრუნველყოს მისი დასაქმება ტოლფას სამსახურში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება სამსახურის ლიკვიდაცია, მოსარჩელე დატოვებულ უნდა იქნეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.
ნ. ხ-ემ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2005წ. 16 მაისის ¹148 განკარგულების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 სექტემბრის განჩინებით ნ. ხომასურიძის სარჩელზე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ შრომითი მოწყობის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ შეწყდა წარმოება.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» კანონის 23.3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ.თბილისის მერიის დებულება. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა 1998წ. 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება «საქართველოს დედაქალაქის _ ქ.თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ». ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური. ქ. თბილისის მერიის 2005წ. 16 მაისის ¹148 განკარგულებით მოსარჩელე ნ. ხ-ე საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელის გათავისუფლება და განმარტა, რომ ადმინისტრაციას მისი გათავისუფლების დროს არ დაურღვევია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც კანონმდებლობა დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში არ ითვალისწინებდა იმ მოხელეთა გათავისუფლებისას შეზღუდვებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, სამსახურის ლიკვიდაციის ნაცვლად რეორგანიზაციის განხორციელების თაობაზე და განმარტა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები _ საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 1 მარტის ¹120 ბრძანებულება და ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანება, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია, წარმოადგენდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და მათზე დაყრდნობით გატარებული სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებები (ქმედება) ასევე ინარჩუნებდა მნიშვნელობას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
მიუხედავად ქ. თბილისის მერის 2005წ. 5 მაისის ¹33 ბრძანებისა, «ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ», სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, ასევე ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური განაგრძობს ფუნქციონირებას და ამ სამსახურის უფროსს კვლავ ზ. გ-ა წარმოადგენს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა აღნიშნულ სამსახურს წერილობით, საიდანაც ამ უკანასკნელი პირებისაგან მიიღო პასუხი, შესაბამისად მოსარჩელის დასკვნით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ ის ფიქტიურად გამოცხადდა ლიკვიდირებულად. ამასთან, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური ახალი კადრებით შეივსო, სამსახურის უფროსები კი ლიკვიდაციის შემდეგ იმყოფებოდნენ მივლინებაში.
აპელანტმა მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლზე და განმარტა, რომ იმ სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელშიც ის არის დასაქმებული, ქ. თბილისის მერი მოვალეა უზრუნველყოს მისი დასაქმება ტოლფას სამსახურში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება სამსახურის ლიკვიდაცია, ის დატოვებულ უნდა იქნეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც რაიონულ სასამართლოს უმსჯელია. ასევე, სასამართლომ არასწორად განმარტა საკარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა არ ცნო ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 მარტის განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» კანონის 23.3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ.თბილისის მერიის დებულება. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად ძალადაკარგულად ჩაითვალა 1998წ. 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება «საქართველოს დედაქალაქის _ ქ.თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ». ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური. ქ. თბილისის მერიის 2005წ. 16 მაისის ¹148 განკარგულებით მოსარჩელე ნ. ხ-ე საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 1 მარტის ¹120 ბრძანებულება და ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანება, წარმოადგენდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელთაც ჰქონდა სამართლებრივი მნიშვნელობა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა სამსახურის ლიკვიდაციის გამო, ხოლო ადმინისტრაციას მისი გათავისუფლების დროს არ დაურღვევია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც კანონმდებლობა დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში მითითებულ მუხლში დადგენილ შეზღუდვებს არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის ნორმები და განმარატა, რომ ნ. ხ-ე მუშაობდა რა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში, შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანხმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მასზე უნდა გავრცელებულიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივი:
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში დაუშვებელია მცირეწლოვანი შვილის ყოლის პირობებში მოსამსახურე ქალის სამსახურიდან გაშვება, ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე, 96-ე, და მე-14 მუხლები, ვინაიდან შრომის კანონმდებლობა ვრცელდება საჯარო მოსამსხურეებზეც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ, ის ფიქტიურად გამოცხადდა ლიკვიდირებულად, რამდენადაც რეალურად ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში მოხდა რეორგანიზაცია, რაც არ წარმოადგენს საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურში დაითხოვეს ძველი კადრები და საატესტაციო გამოცდების ჩატარების შემდეგ, რომელიც კასატორმაც გაიარა, სამსახურმა ძველ რეჟიმში განაგრძო ფუნქციონირება.
საკასაციო სასამართლოს 2006წ. 26 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ბ» პუნქტის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სსკ-ის 393.2 და 394 «ე» მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებულია.
სსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურში, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი რეალურად ლიკვიდაცია განხორციელდა, თუ ადგილი ჰქონდა სამსახურის რეორგანიზაციას. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 1 მარტის ¹120 ბრძანებულებასა და ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანებას, რომელთა საფუძველზეც მერიის საქალაქო სამსახური, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი, ჩათვალა ლიკვიდირებულად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დასკვნის გამოტანისას არ შეაფასა და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, კასატორის წერილებს ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქლაქო სამსახურის მიმართ, არ შეაფასა ის გარემოება, რომ აღნიშნული სამსახურის ლიკვიდირებულად გამოცხადების შემდეგაც სამსახურის უფროსს კვლავ ზ. გ-ა წარმოადგენდა, რომელიც როგორც უფლებამოსილი პირი პასუხობდა კორესპონდენციებს. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა გამოიტანოს იმ ფაქტთთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ფუნქციები, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. ¹33 ბრძანებით, გადაეცა თუ არა სხვა ორგანოს, ამასთან იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ, რეალურად აღნიშნულ სამსახურში ადგილი ჰქონდა ლიკვიდაციას თუ რეორგანიზაციას, შესაბამისად იმსჯელოს თუ რამდენად წარმოადგენს სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაცია მუშაკის სამსახურიდან უპირობო გათავისუფლების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურიდან მოხელის გათავისუფლება დასაშვებია დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, ამათან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, არ ქმნის საფუძველს მოხელის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. რეორგანიზაციის დროს, შტატების შემცირების შემთხვევაში, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლი აუცილებელ პირობად მიიჩნევდა მუშაკისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზებას. მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევდა მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას. აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებებას, რომლითაც დაწესებულება როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შრომის კანონთა კოდექსის მოქმედება მუშაკებზე არ ვრცელდება, რამდენადაც, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 14.1. მუხლის თანახმად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ნ. ხ-ის გათავისუფლებისას ადმინისტრაციის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის დარღვევის არარსებობის თაობაზე, იმ პირობებში, როცა სასამართლოს არ უმსჯელია, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი, რეალურად განხორციელდა ლიკვიდაცია, სამსახურმა შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც სუბიექტმა, თუ განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ არის უფლებამოსილი სასამართლო იმსჯელოს ადმინისტრაციის მიერ ნ. ხ-ის გათავისუფლებისას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლის დაურღვევლობის თაობაზე, რამდენადაც, მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათით ცალსახად ადგენს, რომ მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლამდე ასაკის აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში რეალურად ლიკვიდაციის ნაცვლად სამსახურის რეორგანიზაცია განხორციელდა, უნდა გამოიკვლიოს, რამდენი საშტატო ერთეული შენარჩუნდა შტატების შემცირების შემდეგ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურში, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი, ადმინისტრაციის მიერ დაცულია თუ არა «შრომის კანონთა კოდექსის» 36-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავს მუშაკის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.3 მუხლის დებულებები, რომლებიც, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს ატესტაციის შედეგების გათვალისწინების უფლებას.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულია თუ არა ნ. ხომასურიძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა და აქვს თუ არა ადმინისტრაციას ამ თანამდებობაზე კასატორის აღდგენის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 393-ე, 394-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;