Facebook Twitter

ას-1343-1361-2011 31 იანვარი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ო-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ დივიდენდის მიღება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჯ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შპს «ო-ას» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მიუღებელი დივიდენდის სახით 400000 ლარისა და 2009 წლის 26 ივნისიდან სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხის 0,7%-ის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, რამდენიმე წლის განმავლობაში შპს «ო-ას» პარტნიორი იყო და 33%-იან წილს ფლობდა, რომელიც 2009 წლის 26 ივნისს გაასხვისა. პარტნიორობის პერიოდში იგი ნაკლებად ერეოდა საზოგადოების ფინანსურ საქმეებში და მისთვის უცნობი იყო საზოგადოების მოგების ზუსტი ოდენობა. რ. ჯ-ემ მიიღო შეტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრიდან, რომლის მიხედვითაც მის მიერ მისაღები დივიდენდები შეადგენდა: 2005 წლისათვის – 19075,92 ლარს, 2006 წლისათვის – 305 131,17 ლარს, ხოლო 2007 წლისათვის – 401 986,39 ლარს. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს სრულად არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებითYსააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და, საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, შპს «ო-ას» რ. ჯ-ის სასარგებლოდ 335 906, 72 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. რ. ჯ-ე 2005 წლის 18 იანვრიდან 2009 წლის 26 ივნისამდე შპს «ო-ას» პარტნიორი და 33%-იანი წილის მესაკუთრე იყო;

2. 2009 წლის 26 ივნისს რ. ჯ-ემ შპს «ო-აში» მისი 33%-იანი წილი ი. თ-ი ფ-ის სახელზე გაასხვისა;

3. 2005-2006 წლებში საწარმოს ჰქონდა მოგება;

4. 2007 წლის 12 მარტს შედგა შპს «ო-ას» პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები მ. თ-ე, ი. თ-ი ფ-ი, გ. გ-ლ და რ. ჯ-ე. კრება შეეხებოდა 2005-2006 წლებში მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილებას;

5. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდი ყველა პარტნიორზე გაიცა თავიანთი წილის შესაბამისად, მათ შორის რ. ჯ-ეზე – 350 906.72 ლარი;

6. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მიკუთვნებული დივიდენდი რ. ჯ-ეს არ მიუღია. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალური მთავარი სამმართველოს 2011 წლის 12 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს «ო-ას» 2007 წლის 13 აპრილს და 2007 წლის 31 ივლისს დივიდენდების მიღების უწყისზე ხელმოწერა «რ.ჯ-ე» არ ეკუთვნის რ. ჯ-ეს;

7. 2008 წელს საწარმოს მოგება არ ჰქონია;

8. 2007 წელს დივიდენდები პარტნიორებს შორის არ განაწილებულა;

9. სადავო პერიოდში რ. ჯ-ეს დივიდენდის სახით მიღებული აქვს 15 000 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ვინაიდან 2007 წლის მოგების დივიდენდებად განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, ამ ნაწილში რ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

რაც შეეხება 2005-2006 წლებში მიღებულ მოგებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში რ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო, რადგანაც არსებობდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მითითებულ წლებში მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე და მოსარჩელის მისაღები დივიდენდი შეადგენდა 350 960 ლარს. ეს თანხა რ. ჯ-ეს არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ რ. ჯ-ის კუთვნილი დივიდენდი მიიღო მამული თ-ემ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელეს ამ უკანასკნელისთვის შესაბამისი მონდობილობა არ გაუფორმებია და მისგან არც რაიმე თანხა მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო, რადგანაც დივიდენდი, თავისთავად, ერთგვარი მოგება იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ო-ამ» საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. შპს «ო-ამ» ასევე გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინება. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება:

1. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რამდენად შეეძლო რ. ჯ-ეს შპს «ო-აში» წილიდან გამომდინარე უფლებებზე დავა, რადგანაც მან თავისი კუთვინილი წილი 2009 წლის აგვისტოში გაასხვისა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ ვინაიდან წილის ნასყიდობა უფლების ნასყიდობაა, შემძენზე გადადის პარტნიორის ყველა მოთხოვნა;

2. შპს «ო-ას» რ. ჯ-ის მიმართ დავალიანება რომ ჰქონოდა, აღნიშნულის თაობაზე მითითებული იქნებოდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით კი ირკვევა, რომ დავალიანება საზოგადოების მიმართ თავად მოსარჩელეს გააჩნდა;

3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული რ. ჯ-ის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა. ეს დოკუმენტი დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 15 000 ლარის გარდა სხვა ოდენობით დივიდენდის მიღების ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს «ო-ას» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. რ. ჯ-ე 2005 წლის 18 იანვრიდან 2009 წლის 26 ივნისამდე შპს «ო-ას» პარტნიორი და 33%-იანი წილის მესაკუთრე იყო;

2. 2009 წლის 26 ივნისს რ. ჯ-ემ შპს «ო-აში» მისი 33%-იანი წილი ი. თ-ი ფ-ის სახელზე გაასხვისა;

3. 2005-2006 წლებში საწარმოს ჰქონდა მოგება;

4. 2007 წლის 12 მარტს შედგა შპს «ო-ას» პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები მ. თ-ე, ი. თ-ი ფ-ი, გ. გ-ლ და რ. ჯ-ე. კრება შეეხებოდა 2005-2006 წლებში მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილებას;

5. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდი ყველა პარტნიორზე გაიცა თავიანთი წილის შესაბამისად, მათ შორის რ. ჯ-ეზე – 350 906.72 ლარი;

6. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მიკუთვნებული დივიდენდი რ. ჯ-ეს არ მიუღია. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალური მთავარი სამმართველოს 2011 წლის 12 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს «ო-ას» 2007 წლის 13 აპრილს და 2007 წლის 31 ივლისს დივიდენდების მიღების უწყისზე ხელმოწერა «რ.ჯ-ე» არ ეკუთვნის რ. ჯ-ეს;

7. 2008 წელს საწარმოს მოგება არ ჰქონია;

8. 2007 წელს დივიდენდები პარტნიორებს შორის არ განაწილებულა;

9. სადავო პერიოდში რ. ჯ-ეს დივიდენდის სახით მიღებული აქვს 15 000 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შპს-ში პარტნიორის წილის სამართლებრივი ბუნების განმარტება.

«მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შპს-ს კაპიტალში პარტნიორის წილი წამოადგენს საზოგადოების პარტნიორობიდან გამომდინარე ქონებრივ-სამართლებრივი სიკეთის მოთხოვნის უფლებას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. რაც შეეხება თავად წილს, იგი, როგორც უფლება, სამოქალაქო ბრუნვის ნაწილია და შეიძლება თავისუფლად გასხვისდეს სხვა პირზე.

უფლების გასხვისებასთან (დათმობასთან) დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 წიგნის მე-3 კარის III თავი – საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე.

აღნიშნული კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

მოცემული ნორმა ცხადყოფს, რომ უფლების დათმობის შემდეგ შემძენზე გადადის ამ უფლებიდან მისაღები ყველა ქონებრივ-სამართლებრივი სარგებელი, მათ შორის ისეთიც, რომელიც გასხვისებამდეა წარმოშობილი და უფლების თავდაპირველ მესაკუთრეს არ მოუთხოვია. აღნიშნული ნორმა ვრცელდება შპს-ში წილის გასხვისების შემთხვევაზეც, ამდენად, წილის გასხვისების შემდეგ, შემძენს გადაეცემა ამ წილიდან გამოდინარე ყველა მოთხოვნა. რაც შეეხება კონკრეტულად დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, მისი დათმობა შესაძლებელია ცალკე უფლების სახით წილის გადაუცემლად, ხოლო წილის გასხვისების შემთხვევაში, თავდაპირველი მესაკუთრის მიერ არარეალიზებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ასევე გადადის წილის შემძენზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, რადგანაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა დივიდენდების განაწილების თაობაზე არ წარმოშობს კონკრეტული პარტნიორის მიერ მისი ავტომატურად მიღების ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 26 ივნისს რ. ჯ-ემ შპს «ო-აში» მისი 33%-იანი წილი გაასხვისა. საქმის მასალები და თავად სარჩელი ადასტურებს, რომ პარტნიორობის პერიოდში რ. ჯ-ეს კუთვნილი დივიდენდების მიღება არ მოუთხოვია და არც მათი მიღება გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წილის გასხვისების შემდეგ, ამ წილიდან გამომდინარე დივიდენდების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად მათი განაწილების პერიოდისა, გადაეცა წილის შემძენს - ი. თ-ი ფ-ს, აღნიშნული გარემოება კი, რ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდის, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება აქვს შეფასებული და ფაქტობრივი გარემოებები სწორადაა დადგენილი, მცდარი გადაწყვეტილების მიღება კი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ემ შპს «ო-ას» უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს «ო-ას» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება რ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. რ. ჯ-ეს დაეკისროს შპს «ო-ას» მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის ანაზღაურება;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.