Facebook Twitter

ას-1368-1385-2011 09 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «კ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «თ.ე.მ-ი ბ-ი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 8 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» მოპასუხე შპს «კ-ის» მიმართ. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის _ 36246 ლარის, აგრეთვე, მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქონლის მიწოდებიდან თანხის გადახდამდე ყოევლთვიურად 1087.38 ლარის დაკისრება.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა იმაზე, რომ მან შპს «კ-ს» 2008 წელში მიაწოდა 75444.57 ლარის ღირებულების საქონელი _ ბამბუკის პანელი. მოპასუხემ გადაიხადა საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 36246 ლარს. თანხის გადაუხდელობით მოსარჩელე ორგანიზაციას მიადგა გარკვეული ოდენობის ზიანი (ს.ფ. 2-10, 22-30).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «კ-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36246 ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის სახით ყოველთვიურად 1087.38 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 115-127).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოდავე მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

შპს «კ-მა» გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისთვის 3860 ლარის დაკისრების ნაწილში, მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 130-138).

შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის სახით ყოველთვიურად 1087.38 ლარის დაკისრების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 139-151).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს «კ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვიურად ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს «კ-ს» შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით ყოველთვიურად 543.69 ლარის გადახდა 2009 წლის იანვრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე; მასვე დაეკისრა შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის ნახევარის _ 790.98 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ შპს «კ-ის» სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს «კ-ს» მიაწოდა 75444.57 ლარის საქონელი;

საქმეში არსებული ცნობით დადგენილია, რომ შპს «კ-ს» შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» მიმართ გააჩნია დავალიანება 36246 ლარის ოდენობით;

საქმეზე წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ შპს «კ-ს» შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სასარგებლოდ გადახდილი აქვს პროდუქციის ღირებულება 39198.57 ლარის ოდენობით;

შპს «კ-მა» სარჩელი ცნო მხოლოდ 32326 ლარის გადახდევინების ნაწილში;

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თანხების გადახდა ხდებოდა ქვითრების გამოწერით. რაც შეეხებოდა სადავო თანხას, 3860 ლარს, მასზე არ იყო გამოწერილი ქვითარი.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა 3860 ლარის ოდენობით სინამდვილეში გადახდილი ჰქონდა, მაგრამ ქვითარი ვერ წარადგინა იმის გამო, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ იგი არ გამოწერა.

როგორც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადგინდა, შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» მოპასუხეს მიაწოდა 75444.57 ლარის საქონელი, ხოლო გადახდის ქვითრების მიხედვით შპს «კ-მა» გადაიხადა 39198.57 ლარი. ამ თანხების სხვაობა და შესაბამისად დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 36246 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია მოწმის სახით დაიკითხა ზაქარაძე, რომელიც შპს «კ-ში» მუშაობს და არის დაინტერესებული მხარის მოწმე, თუმცა მან მაინც ვერ დაადასტურა «ბ-ის» დირექტორისათვის თანხის გადაცემის დრო, თანხის ოდენობა და ის, თუ რა საქონლის გამო გადასცა ეს თანხა. მოპასუხემ ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულება თანხის გაწერის შესახებ. ამდენად, მითითებულ კონკრეტულ თანხაზე _ 3860 ლარზე, საქმეში არ მოიპოვებოდა გამოწერის ქვითარი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «კ-ის» სააპელაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

რაც შეეხებოდა შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ იგი ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და ამის გამო ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2009 წლიდან ამ დრომდე შპს «კ-ს» ვალის შპს «თ.ე.მ-ი ბ-ის» მიმართ არ გადაუხდია; შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა 2009 წლის იანვრის თვიდან თანხის გადახდამდე ზიანის ანაზღაურება ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა ყოველთვიურად 1087.38 ლარს; საქმეზე წარდგენილი საგადასახადო ანგარის-ფაქტურების მიხედვით შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» მოპასუხეს მიაწოდა 75444.57 ლარის საქონელი, ხოლო გადახდის დამადასტურებელი ქვითრებიდან გამომდინარე შპს «კ-მა» გადაიხადა 39198.57 ლარი, რომლის სხვაობა და შესაბამისად დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 36246 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანი შეიძლება გამოიხატოს ორი სახით: ქონებრივი დანაკლისით და მიუღებელი შემოსავლით.

შპს «თ.ე.მ-ი ბ-ს» ზიანი მიადგა იმ გარემოებებით, რომ იგი ეწეოდა ეკონომიურ საქმიანობას და ორი წლის განმავლობაში ვერ მიიღო მისი კუთვნილი თანხა, რის გამოც აიღო პროცენტი. მის მიერ ბიუჯეტში თანხის გადახდა მოხდა წინსწრებით და გადახდილმა თანხამ შეადგინა 280000 აშშ დოლარი.

საქმეზე დგინდებოდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით შპს «თ.ე.მ-ი ბ-მა» განიცადა მატერიალური ზიანი, რომელიც გამოიხატა მიუღებელ შემოსავალში, რასაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ მოხდა ვალდებულების დროულად შესრულება, ამასთან, შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ი» იყო მეწარმე სუბიექტი და ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, მოვალისათვის (შპს «კ-ისათვის») სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ მოსარჩელე აღნიშნული საქმიანობით იღებდა შემოსავალს და ვალდებულების დროულად შეუსრულბელობით, ანუ საქონლის ღირებულების დროულალ დაუბრუნებლობით, მას მიადგებოდა ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოდ დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულება შპს «კ-მა» დროულად და ჯეროვნად არ შეასრულა, რაც ითვალისწინებდა მისთვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრებას, მაგრამ არა იმ ოდენობით, რასაც შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ი» მოითხოვდა, არამედ 36246 ლარის 1.5%-ის ოდენობით, რაც უფრო გონივრული და სამართლიანი იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა ასეთ შემთხვევაში შეადგენდა 543.69 ლარს (36246X1.5%-ზე). სწორედ ეს თანხა უნდა დაკისრებოდა შპს «კ-ს» შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ის» სასარგებლოდ ყოველთვიურად 2009 წლის იანვრიდან თანხის სრულ გადახდამდე (ს.ფ. 278-291).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «კ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ არგუმენტებზე:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები, რომლებიც საფუძვლად დაუდო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. სასამართლოს არანაირი საფუძველი არ აქვს იმსჯელოს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე, მაშინ როდესაც არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულება, სადაც უნდა განისაზღვროს ვალდებულებები, გადახდის დრო, ადგილი და ა.შ. კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ზეპირი შეთანხმება. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის განმარტება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია არანაირ მოქმედებას, რომელსაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ისათვის»;

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კავშირში არ არის ზიანთან. დაუსაბუთებელია ისიც, რომ შპს «თ.ე.მ.-ი ბ-მა» შპს «თ-ისაგან» იმიტომ აიღო პროცენტით თანხა, რომ მოპასუხისაგან ორი წლის განმავლობაში თანხა ვერ მიიღო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით («ბითიეი ბანკის» 2011 წლის 7 თებერვლის ¹7/0299 ცნობა) ირკვევა, რომ 2007 წლის 14 მაისს შპს «თ.ე.მ-ის» აღნიშნული ბანკისგან აუღია სესხი 250000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, რაც წინასწრებით დაუფარია 2010 წლის 25 ოქტომბერს. მოპასუხეს კი მასთან ვალდებულება წარმოეშვა 2009 წელში. ყურადსაღებია ისიც, რომ შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ის» (როგორც შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ის» და ისე, შპს «თ.მ.-ის» დირექტორიც და დამფუძნებელიც არის შოთა მიქელაძე) შპს «თ.მ.-გან» თანხა უსესხებია ორჯერ: 2009 წლის 4 იანვარს და 2010 წლის 4 იანვარს. შპს «თ.მ.-ის» ბანკიდან სესხის გამოტანიდან ორი წლის შემდეგ შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ისათვის» უსესხებია თანხები, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია, ვინაიდან შპს «თ.მ.-ი» ამ დროის განმავლობაში პროცენტს უხდიდა ბანკს. გაურკვეველია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაასკვნა სააპელაციო სასამართლომ, რომ შპს «თ.ე.მ.-ი ბ-მა» ბიუჯეტში გადაიხადა 280000 აშშ დოლარი. ასეთი რამ მოსარჩელეს არც სარჩელში, არც სააპელაციო საჩივარში და არც შესაგებელში არ მიუთითებია;

კასატორის მოსაზრებით, არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს «თ.ე.მ.-ი ბ-მა» განიცადა მატერიალური ზიანი, რომელიც გამოიხატება მიუღებელ შემოსავალში, რასაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ვინაიდან მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებულა, შესაბამისად ვალის გადახდის არანაირ ვადაზე არ ყოფილა შეთანხმება. გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლო რომელი ვადის დარღვევაზე მიუთითებს, როცა ასეთი ვადა საერთოდ არ არსებულა;

რაც შეეხება ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, კასატორის განმარტებით, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა მხარეთა შეთანხმება იყო და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მტკიცებულებები არ არსებობს, არ არსებობს თავათ შეთანხმებაც ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს, თუ რომელი ხელშეკრულების რომელი პუნქტი იქნა შესრულებული არაჯეროვნად და უნდა იმსჯელოს აქედან გამომდინარე რა ზომის ზიანი მიადგებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. ასევე, კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს ზიანის ოდენობა და არა ისე, როგორც აცხადებს სააპელაციო სასამართლო, რატომ იქნებოდა 543.69 ლარის გადახდა უფრო სამართლიანი, მაშინ, როდესაც ის ზეპირი შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის არსებობდა, იმ დროისათვის ორივე მხარის ინტერესს შეესაბამებოდა. კანონიერი და სამართლიანი იქნებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სადაც დასაბუთებულია, თუ რატომ არ დაეკისრა შპს «კ-ს» ზიანის თანხის გადახდა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, კერძოდ, სასამართლოს მტკიცებულებად უნდა მიეღო მოწმის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «კ-ის» წარმომადგენელმა შპს «თ.ე.მ.-ი ბ-ის» დირექტორს ხელზე გადასცა 3860 ლარი და ეს თანხა უნდა გამოკლებოდა დავალიანებას – 36246,00 ლარს (ს.ფ. 298-305).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს «კ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «კ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «კ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1171.64 ლარი) 70% _ 820.148 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «კ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს «კ-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1171.64 ლარი) 70% _ 820.148 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.