ას-1499-1508-2011 9 იანვარი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ც. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. რ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების, ცნობისა და ბრძანების ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ა-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ო. რ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელის განმარტებით, 1976 წელს შეიძინა ს-ის ქუჩის ¹25 მდებარე ბინა, სადაც იმავე წლიდან დაიწყო ცხოვრება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან მივიდა ვინმე ე. გ-ე და ბინაში ცხოვრების ნებართვა სთხოვა, რაზეც უარი განუცხადა. 2007 წელს, ე. გ-ის მოთხოვნით, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი და ბინის ნაწილი დაუკეტა იმ საფუძვლით, რომ ე. გ-ეს ჯერ კიდევ 1997 წელს ჰქონდა აღნიშნული ფართი პრივატიზებული. აღნიშნულის გამო, ც. ა-მა სასამართლოს მიმართა. საქმის განხილვისას ე. გ-ემ წარადგინა პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ქ. ქითაისის ... მუნიციპალიტეტს მისთვის გადაცემული აქვს ც. ალბორაშვილის კუთვნილი ფართი. მოპასუხემ ასევე წარადგინა ბრაძანება ¹6 და ცნობა ¹36, სადაც აღნიშნულია, რომ ე. გ-ე და მისი შვილები 1987 წლიდან ამ ფართში ცხოვრობენ. ც. ა-ის განმარტებით, საჯარო რეესტრის სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით ე. გ-ე და მისი შვილების სადავო ფართში 2000-2007 წლებში ჩაეწერნენ, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგლემ, ო. რ-ემ, გააყალბა ¹6 ბრძანება და ¹36 ცნობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის ... მუნიციპალიტეტის ¹6 ბრძანებისა და ¹36 ცნობის ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ც. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 აგვისტოს გაჩინებით ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქუთაისის მერიის ... მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ¹6 ბრძანებით, თავმჯდომარის მოადგილე ო. რ-ეს მიენიჭა რწმუნება მოსახლეობისათვის ბინის პირად საკუთრებაში გადაფორმებაზე;
2. ქუთაისის მერიის ... მუნიციპალიტეტმა 1997 წლის 5 მარტს ე. გ-ის სახელზე გასცა ¹36 ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, რადგანაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას. აპელანტის უფლებების სავარაუდო დამრღვევი შეიძლება ყოფილიყო სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო და არა ფიზიკური პირი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ ც. ა-ს შესთავაზა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, აპელანტი კი, აღნიშნულ შეთავაზებას არ დაეთანხმა, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დააკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ც. ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ცნობა ¹6, ხოლო ცნობა ¹36 საერთოდ არ შეაფასა. სადავო ფართი მუნიციპალიტეტის საკუთრება არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, მისი პრივატიზების წესით გასხვისების უფლება არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ ო. რ-ეს ჩადენილი სიყალბისათვის პასუხისმგებლობის აცილების საშუალება მისცა და არასათანადო მოპასუხედ ცნო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ც. ა-ი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, რის გამოც ც. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.