Facebook Twitter

ას-1504-1512-2011 10 იანვარი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ თელავის ¹5 სჯარო სკოლა, დირექტორი ნ. ვ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურების დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჯ-მა თელავის რაიონულ სასამართლოში სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა:

1. სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 10 სექტმებრის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობა;

2. სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა;

3. მოპასუხისათვის მის ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურების დაკისრება;

4. მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2008 წლის 17 სექტემბრამდე თელავის ¹5 საჯარო სკოლაში შემცვლელ მასწავლებლად მუშაობდა. მთელი წლის განმავლობაში ცხადდებოდა სამსახურში და ატარებდა სხვა პედაგოგების მიერ გაცდენილ გაკვეთილებს, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე შრომის ანაზღაურება არ მიუღია. ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და შესაფერისი ვაკანსიის გამოჩენის შემდეგ, სკოლის დირექტორმა ნ. ვ-მა გააყალბა სამსახურში მიღების შესახებ ¹10 ბრძანება და 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანებით უკანონის გაათავისუფლა სამსახურიდან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურში მიღებული იყო მაძიებელ მასწავლებლად ქართულ ენასა და ლიტერატურაში და არა შემცვლელ მასწავლებლად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქი საქმეთა პალატას გადაეცა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის გაჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სსიპ ქ.თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების თანახმად, 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2008 წლის 17 სექტემბრამდე ე. ჯ-ი დაინიშნა მაძიებელ მასწავლებლად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყოველგვარი შრომითი ანაზღაურების გარეშე;

2. სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების თანახმად, 2008 წლის 17 სექტემბრიდან ე. ჯ-ს აღნიშნულ სკოლასთან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა;

3. ე. ჯ-ი არ წარმოადგენდა სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის პედაგოგს;

4. 2007 წლის 17 სექტემბრის ბრძანების შინაარსის სიყალბე რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, ხოლო აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი, კერძოდ 2008 წლის 12 მარტის ¹121 ცნობა, იმის თაობაზედ, რომ ე. ჯ-ი ნამდვილად მუშაობს თელავის ¹5 საჯარო სკოლაში პედაგოგად, თავად ცნობის ადრსატის, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ იგი გაცემული იქნა მესამე პირის (მაგთის ოფისი) მიმართ და თავად ამ ცნობის მიზნობრიობის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამსაქმებლის მხრიდან აღიარებად;

5. თელავის ¹5 საჯარო სკოლას, როგორც დამსაქმებელსა და მეორეს მხრივ ე. ჯ-ს, როგრც მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ წარმოშობილა;

6. ე.ჯ-ის დანიშვნის დროს არ არსებობდა, მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტაციისა და მაძიებლობის გავლის წესი, შესაბამისად სკოლის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანება.

გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია დადგინდეს, გამოვლენილი იქნა თუ არა დამსაქმებლის, სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისად ე. ჯ-თან, როგორც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელთან შორმითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ ნება. კონკრეტულ შემთხვევაში ერთის მხრივ, თელავის ¹5 საჯარო სკოლას, როგორც დამსაქმებელსა და მეორეს მხრივ, ე. ჯ-ს, როგორც მასწავლებელს შორის, შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ წარმოშობილა. ამასთანავე საგულისხმოა, რომ ე. ჯ-ს რაიმე თანხა ხელფასის სახით სკოლისაგან არ ეძლეოდა, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობისათვის კი, დამახასიათებელია სასყიდლიანობა, ანუ შრომითი მოვალეობის განხორციელება ხდება ანაზღაურების – ხელფასის სანაცვლოდ. რამდენადაც თელავის ¹5 საჯარო სკოლას, როგორც დამსაქმებელსა და ე. ჯ-ს, როგრც მასწავლებელს (დასაქმებულს) შორის შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ წარმოშობილა, მოსარჩელე უფლებამოსილი არ არის მოითხოვოს სამსახურში აღდგენის შესახებ ქმედების განხორციელების დავალდებულება მოწინააღდეგე მხარისათვის

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ე. ჯ-სა და თელავის ¹5 საჯარო სკოლას შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა წარმოშობილი, არ არსებობდა არც ე. ჯ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების მიღების საფუძველიც. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, ე. ჯ-ს 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილობის მიმართ არ გააჩნიდა იურიდიული ინტერესი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ე. საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, ე. ჯ-ისათვის არავის განუმარტავს, რომ იგი მაძიებელი მასწავლებელი ან მასწავლებლობის მაძიებელი იყო. მხარეთა შეთანხმებით, მას სხვა პედაგოგების ნაცვლად გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა. ე. ჯ-მა ყველა ის სოციალური შეღავათი მიიღო, რაც სკოლის პედაგოგებზე ვრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ კი, შესაბამისი მტკიცებულებები არ შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ «მაძიებელი მასწავლებლის» სტატუსს კანონმდებლობა არ იცნობს, ხოლო «ზოგადი განათლების შესახებ» კანონით მასწავლებლობის მაძიებლობის ინსტიტუტი 2008 წლიდან იქნა შემოღებული, შესაბამისად ე. ჯ-ი 2007 წელს მასწავლებლობის მაძიებელი ვერაფრით იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ ის გარემოება გაითვალისწინა, რომ თუნდაც კასატორი მასწავლებლობის მაძიებლად ჩაითვალოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურების უფლება სკოლის დირექტორს მაინც გააჩნდა. ასევე მცდარია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ ე. ჯ-სა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ წარმოშობილა. საპირისპიროს ამტკიცებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შDესახებ ბრძანება, რომელიც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზეა გამოცემული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ე. ჯ-ს აღიარებითი სარჩელი ჰქონდა აღძრული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ისსაკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოცემული დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ჯ-ის (პირადი ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.