Facebook Twitter

ას-1527-1533-2011 16 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ კასპის ¹1 საჯარო სკოლა, დირექტორი თ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ, ნ. ქ-მა, ნ. ნ-მა, ნ. ქ-მა, ნ. ე-მა, ა. ს-ემ და ი. ხ-მა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში კასპის ¹1 საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ნ-მა, ნ. ქ-მა და ნ. ე-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ქ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მოქმედი რედაქციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი ითვალისწინებდა საკასაციო საჩივრის შეტანის 1-თვიან ვადას, რომლის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ.) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 20 ივლისს გამოცხადდა და ნ. ქ-ი სარეზოლიუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ქ-ს ან მის წარმომადგენელს დასაბუთებული განჩინება უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2011 წლის 19 აგვისტოსი. საქმეში არსებული ხელწერილი ადასტურებს, რომ ნ. ქ-მა განჩინება ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 28 სექტემბერს ჩაიბარა, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 1-თვიანი ვადის ათვლა 19 აგვისტოდან დაიწყო და 2011 წლის 19 სექტემბერს ამოიწურა. საკასაციო საჩივარი კი, 2011 წლის 30 სექტემბერსაა შემოტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან კასატორის უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 2591-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ქ-ის (პირადი ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.