ას-1535-1541-2011 9 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «თ-ის” მიმართ და კუთვნილი ქვესადგურით სარგებლობის გამო მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის _ 27 900 ლარის ანაზღაურება, ელექტროენერგიის ჯამური მრიცხველის არასწორი ჩვენების გამო ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულების 3370,4 ლარის დაბრუნება, არაქონებრივი ზიანის _ 10 000 ლარის ანაზღაურება, განმეორებით აბონირებისათვის გადახდილი 405 ლარის დაბრუნება და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 455 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 2005 წლის 16 სექტემბრიდან არის სს «თ-ის” აბონენტი. მისი განცხადების საფუძველზე სს «თ-მა” მის სახელზე გასცა ტექნიკური პირობა, რომლის საფუძველზეც მის კუთვნილ ფართობზე აშენდა 400 კვ სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური. 2008 წლის 3 აპრილს მასა და სს “თ-ს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სს ,,თ-ს” ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დადებიდან 14 დღეში. 32500 ლარი გადახდილ იქნა 7 დღის დაგვიანებით, შესაბამისად სს ,,თ-ს’ უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0,2% ვადაგადაცილებულ დღეზე. 2008 წლის 3 აპრილამდე სს „თ-ი“ ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისათვის სარგებლობდა მის საკუთრებაში არსებული ქვესადგურითა და მისი თანმდევი მომსახურებით, არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა ხელშეკრულება და არ გადაიხადა ქირა. მსგავსი ქვესადგურით ელექტროენერგიის ტრანზიტის პერიოდში მაღალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი სატრანსფორმატორო ქვესადგურის გარე ქსელებითურთ ყოველთვიური ქირა უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინერ ენერგეტიკის თანამდევი მომსახურებით თვეში საშუალოდ შეადგენს 900 ლარს, რაც მთლიანად სარგებლობის პერიოდში 27 900 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ მინიჭებული ჰქონდა ინდივიდუალური აბონენტის სტატუსი სს ,,თ-მა” განმეორებითი სრულიად უკანონოდ გადაახდევინა 405 ლარი აბონირებისათვის.
მოპასუხე სს ,,თ-მა” სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს სახით 6 დღის ვადაგადაცილებისთვის გადასახდელი თანხის, 390 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ჯამური მრიცხველის არასწორი ჩვენების გამო ზედმეტად გადახდილი 3370,4 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 27900 ლარის და არაქონებრივი ზიანის 10 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, განმეორებით აბონირებისათვის გადახდილი 405 ლარის დაბრუნების თაობაზე სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს ,,თ-ს” გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 390 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენი ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისში, ... საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 40 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით_ ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურით 2008 წლის 3 აპრილამდე წარმოადგენდა გ. მ-ის საკუთრებას, ხოლო 2008 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა სს ,,თ-ს”. თბილისში, ... საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომეურნეობა იმყოფებოდა რა გ. მ-ის საკუთრებაში, მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა გ. მ-ე. შესაბამისად, ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის ექსპლოატაციაზე ზედამხედველობა და ტექნიკური მომსახურება, ისევე როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელ აბონენტთათვის მიწოდების პროცესზე კონტროლი, გახარჯული ელექტროენერგიის საფასური თანხების ამოღება და სს ,,თ-ის” ანგარიშზე შეტანა გ. მ-ისაგან დაევალა მის მიერ შერჩეულ სპეციალისტს _ ზ. პ-ეს. სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ელექტროენერგია მიეწოდებოდა გ. მ-ეს, რომელიც სს ,,თ-ის” მიერ რეგისტრირებული იყო დამოუკიდებელ აბონენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ეს აღრიცხვის კვანძი დამონტაჟებული ჰქონდა მაღალი ძაბვის მხარეს. ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები ელექტროენერგიას იღებდნენ გ. მ-ის საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის მეშვეობით და ისინი სს ,,თ-ის” მიერ დამოუკიდებელ აბონენტებად არ იყვნენ რეგისტრირებული. აბონენტის ელექტრომრიცხველის ბრუნვის ისტორის საფუძველზე პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მასზე, რომ გ. მ-ე არაა სს «თ-ის” ინდივიდუალურ აბონენტი, არამედ 10 ოჯახის წარმომადგენელი იყო, რაც დასტურდება გადახდის ქვითრებით. პალატამ აღნიშნა, რომ გადახდის ქვითრების მიხედვით, ელექტროენერგიის მიმღებს წარმოადგენს და ¹... აბონენტად რეგისტრირებულია გ. მ-ე, რაც შეეხება გადახდის ქვითრებზე დაფიქსირებულ მითითებას 10 ოჯახთან დაკავშირებით, ასეთი სახის ზოგადი აღნიშვნა არ შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული პირის აბონირებად ამ პირის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი აბონენტის ნომრის მინიჭების გარეშე. კონკრეტულ პირსა და სს ,,თ-ს” შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. თბილისში, ... საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომეურნეობის სს «თ-ის” საკუთრებაში გადასვლის შემდეგ გ. მ-ის ელექტრომრიცხველი დამონტაჟებულ იქნა დაბალი ძაბვის მხარეს. სს ,,თ-ის” თანამშრომლების მიერ გ. მ-ის მიმართ განხორციელებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების არსებობის დადგენის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელეს შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებების _ სს «თ-ის” თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურებისათვის საჭირო მტკიცება, რის გამოც აღნიშნული გარემოება ვერ იქნება დადგენილად ცნობილი. სს «თ-ი” გ. მ-ის კუთვნილი ელექტროქვესადგურის შესყიდვამდე არ გამოუყენებია. დასახელებული ქვესადგურიდან ელექტროენერგიის მიმღებს წარმოადგენდა მხოლოდ ელექტროქვესადგურის მესაკუთრე გ. მ-ე, რომლიც დარეგისტრირებული იყო დამოუკიდებელ აბონენტად. რაც შეეხება ქვესადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდებას მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ოჯახებისათვის, აღნიშნულს ახორციელებდა გ. მ-ე მის მიერ დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით. აპელანტის მითითებას რომ 405 ლარის გადახდის ფაქტი, სს «თ-ს” სადავოდ არ გაუხდია, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან გ. მ-ეს განმეორებით აბონირებისათვის 405 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის 991-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განამარტა, რომ გ. მ-ის კუთვნილი ელექტროსადგური სს ,,თ-ს” არ გამოუყენებია. აღნიშნული ქვესადგურით ელექტროენერგიის მიმღებ სუბიექტად სს ,,თ-ის” აბონენტის რეგისტრაციით ფიქსირდებოდა მხოლოდ ელექტროსადგურის მესაკუთრე გ. მ-ე. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდაზე ვალდებულ პირს. ამდენად, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული სამართლურთიერთობა არსებობდა მხოლოდ გ. მ-ესა და სს ,,თ-ს” შორის, ელექტროსადგურის ექსპლუატაცია კი გ. მ-ის მიერ ხდებოდა. ოჯახები, რომლებიც ელექტროენერგიას იღებდნენ გ. მ-ის ელექტროსადგურიდან, არ წარმოადგენდნენ სს ,,თ-ის” რეგისტრირებულ აბონენტებს და ამდენად, მასა და სს ,,თ-ს” შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება სს ,,თ-ის” მიერ ელექტროსადგურით სარგებლობასთან დაკავშირებით. ასეთი გარემოების არარსებობის პირობებში მოსარჩელის მოთხოვნა, სს ,,თ-ს” დაეკისროს ელექტროსადგურის გამოყენებით მიღებული სარგებლის შესაბამისი გადახდა, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს.
გ. მ-ეს სს ,,თ-ის” მიერ მიყენებულ ზიანად მიიჩნია იმ ელექტროენერგიის ღირებულება, რაც წარმოადგენდა სხვაობას ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის მხარეს დამონტაჟებული მრიცხველის ჩვენებასა და დაბალი ძაბვის მხარეს დამონტაჟებულ მრიცხველთა ჩვენებას შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ 6 კვ ძაბვის სატრანსფორმატორო ელექტრო გამანაწილებელი ქვესადგური წარმოადგენდა გ. მ-ის საკუთრებას. შესაბამისად, მას მომსახურებას არ უწევდა სს «თ-ი». ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო მრიცხველი დამონტაჟებული იყო მისი კუთვნილი ქვესადგურის მაღალი ძაბვის მხარეს, რაც გათვალისწინებულია «ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესებით». ელექტროენეგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის ¹18 დადგენილებით გათვალისწინებულია შეღავათები მაღალი ძაბვის მომხმარებლებისათვის, კერძოდ, დადგენილება განსაზღვრავს სხვადასხვა ტარიფებს ძაბვების მიხედვით. არსებული ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაღალი ძაბვის მხარეს ელექტროენერგიის მიმღები აბონენტი განიცდის რა ტრანსფორმატორში დანაკარგს, არსებული ზიანი კომპენსირდება კანონმდებლობით დადგენილი ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით. ვინაიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, აბონენტ გ. მ-ეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მაღალი ძაბვის მხარეზე აღრიცხული ელექტროენერგიის შესაბამისად კანონიერად ჩაერიცხა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ დასაბუთებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომელიც ადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების ვალდებულებას და არა სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით განხორციელებას. სს ,,თ-მა”, მისთვის მინიჭებული სამოქალაქო უფლება გამოიყენა ბოროტად, მოსახლეობა ინდივიდუალურ აბონენტებად არ დაარეგისტრირა, კოლექტიური მრიცხველი დაუმონტაჟა მაღალი ძაბვის მხარეს და გაუზარდა დანახარჯი. სემეკის მოთხოვნის მიუხედავად, არ დადო ხელშეკრულება გ. მ-ესთან. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი. სს ,,თ-ს” ბაზარზე უკავია დომინირებული მდგომარეობა და იგი ვალდებული იყო, ხელშეკრულება დაედო გ. მ-ესთან. სემეკმა მისცა სს თ-ს მითითება, გაეფორმებინა გ. მ-ესთან ქვესადგურით სარგებლობაზე ხელშეკრულება. თვითონ გ. მ-ეც არაერთგზის მოითხოვდა სს ,,თ-ისაგან”, რათა გაეფორმებინათ მასთან ხელშეკრულება. თითოეული ამ ფაქტის დამადასტურებელია სს „თ-ისათვის“ წარდგენილი განცხადებები. ყოველივე ეს მოწმობს, რომ სს „თ-ი“ მართლსაწინააღმდეგოდ, საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ზიანს აყენებდა ფიზიკურ პირ გ. მ-ეს. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი და არ გამოიყენა 976-ე მუხლი. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვდა განმეორებითი აბონირებისათვის გადახდილი 405 ლარის დაბრუნებას, რადგან ის ერთხელ უკვე იყო აბონენტი და მისთვის განმეორებით არ უნდა გადაეხდევინებინათ თანხა. სს „თ-მა“ არ გააფორმა ქვესადგურის ქირავნობისა და მომსახურების ხელშეკრულებები, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით იძულებული გახდა ჰქონოდა ფაქტობრივი ურთიერთობა, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა ზიანი. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. თ-ის უკანონო ქმედებების შედეგად გ. მ-ეს შეელახა ჯანმრთელობა. მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სამედიცინო ბარათები, რითაც დასტურება, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება და მორალური ზიანის მიყენება განაპირობულია სს ,,თ-ის” მართლსაწინაამდეგო ქმედებებითა და მოსალოდნელი განადგურების მუქარით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე და 976-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.