ას-1537-1543-2011 24 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ყ-ე 2» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა «ყ-ე 2-ის» მიმართ ამავე ამხანაგობის 2009 წლის 8 ივლისისა და 11 ნოემბრის კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა ამხნაგობა ,,ყ-ე 2». 2009 წლის 8 ივლისს ამხანაგობა წევრების მიერ მოწვეულ კრებაზე განისაზღვრა ლ. ჭ-ის თავმჯდომარეობიდან გადაყენებისა და ამხანაგობა ,,ყ-ე 2-ის» თავმჯდომარის არჩევის საკითხი. აღნიშნული კრება ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან კრების მოწვევის და ჩატარების პროცედურა არ იქნა შესრულებული კანონმდებლობითა და ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. ლ. ჭ-ეს არ მისვლია ოფიციალური საფოსტო შეტყობინება 2009 წლის 8 ივლისის კრების მოწვევისა და კრებაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგის შესახებ. ასევე მისთვის არ უცნობებიათ, რა დროს და რის შესახებ ტარდებოდა კრება, ამასთან, 2009 წლის 8 ივლისს ამხანაგობა ,,ყ-ე 2-ის» წევრთა კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი. ასევე გაუგებარია 2009 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმის სამართლებრივი მნიშველობა და შინაარსი, ვინაიდან ფაქტობრივად ხელახლა მოხდა ლ. ჭ-ის თანამდებობიდან გადაყენება და უკვე მოქმედი თავმჯდომარე თ. კ-ე ხელახლა დაინიშნა თანამდებობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: 2009 წლის 8 ივლისის კრებით ლ. ჭ-ის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ახალ თავმჯდომარედ თ. კ-ის არჩევას ხელს აწერდა ამხანაგობის სულ 9 წევრი, ხოლო ამხანაგობის წევრთა უმრავლესობაა 11 წევრს პლუს ერთი. 2009 წლის 11 ნოემბრის კრებაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ამხანაგობის ნება და ამხანაგობის წევრთა უმრავლესობამ, ანუ 12-მა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება ლ. ჭ-ის გადაყენების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ გააჩნია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი, რაც კანონითაა განსაზღვრული აღნიშნული დავის დასაწყებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და სრულად გაიზაირა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ჭ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ამხანაგობა «ყ-ე 2» დაფუძნდა 2002 წლის 13 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, ამხაგობის წევრების მიზანს წარმოადგენს წინამდებარე დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედეონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად;
2. 2005 წლის 5 აპრილის ¹5 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობა «ყ-ე 2-ის» თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლ. ჭ-ე, ხოლო 2007 წლის 17 თებერვლის კრების ოქმის თანახმად, მას უფლება მიეცა დამოუკიდებლად დადოს გარიგებები, საჭიროებისამებრ გაასხვისოს ამხანაგობის კუთვნილი დამატებითი ფართი;
3. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ყ-ე 2-ის» 2009 წლის 8 ივლისის ამხანაგობის წევრთა კრებაზე ლ. ჭ-ე გადაყენებული იქნა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თ. კ-ე. დამსწრე ამხანაგობის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. კრების ოქმს ხელს აწერს ამხანაგობის 9 წევრი;
4. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ყ-ე 2-ის» 2009 წლის 11 ნოემბერის ამხანაგობის წევრთა კრებაზე ლ. ჭ-ე გადაყენებული იქნა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თ. კ-ე. დამსწრე ამხანაგობის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება. კრების ოქმს ხელს აწერს ამხანაგობის 12 წევრი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება, ხოლო სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს არ დაეთანხმა და დამატებით აღნიშნა შემდეგი:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ინდივიდიუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის 2009 წლის 08 ივლისისა და 2009 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმების ბათილად ცნობა. აღნიშნული ოქმების მიხედვით, ამხანაგობა ,,ყ-ე 2”-ის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული იქნა ლ. ჭ-ე და ახალ თავმჯდომარედ არჩეული იქნა თ. კ-ე. ლ. ჭ-ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, მისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს აღიარებითი ხასიათის მოთხოვნას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ვერ დგინდება, სარჩელის დაკმაყოფილებას უშუალოდ მოსარჩელისათვის რა დადებითი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, კერძოდ, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საბოლოო შედეგი უკავშირდება ამხანაგობის წევრთა ნებას, ანუ სასარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ცხადია, სადავო საკითხი არ იქნება აღმოფხვრილი, იმდენად რამდენადაც ამხანაგობას სრული უფლება გააჩნია კვლავ მოიწვიოს ამხანაგობის წევრთა კრება და ლ. ჭ-ე კვლავ გაათავისუფლოს ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაცული იყო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ყ-ე 2-ის» 2009 წლის 8 ივლისისა და 2009 წლის 11 ნოემბრის კრების მოწვევის პროცედურა, არ არსებობდა ამ კრებებზე შედგენილი ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის ნებას გამოხატავდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ჭ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებსი მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს არ გამოურკვევის საქმისათვნის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით გათავისუფლდა თუ არა კასატორი თავმჯდომარის თანამდებობიდან. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ლ. ჭ-ე ამხანაგობის კრებაზე მიწვეული არ ყოფილა. ამხანაგობის თავმჯდომარის გადაყენება დასაშვებია, თუ იგი უხეშად არღვევს თავის მოვალეობებს, სასამართლოს კი, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. სასამართლო ვერ ასაბუთებს სადავო საკითხისადმი იურიდიული ინტერესის არარსებობას და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ. ჭ-ე, როგორც ამხანაგობის წევრი პირდაპირაა დაინტერესებული ბინების აშენებით, რაც შეიძლება მისი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ Lლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.