ას-1570-1569-2011 20 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მემკვიდრედ აღიარება, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ-ის მიმართ მემკვიდრედ და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ო-ე აღიარებულ იქნა აწ გარდაცვლილი ვ. ო-ას მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ, ბათილად იქნა ცნობილი ე. ნ-ის სასარგებლოდ ნოტარიუს დ. ხ-ის მიერ 2008 წლის 20 ივნისს გაცემული სანოტარო აქტი _ ¹2-1053 სამკვიდრო მოწმობა ვ. ო-ას სამკვიდრო ქონების (ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხის ¹9-11-ში მდებარე 278,8 კვ.მეტრი დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი) მიღების შესახებ 1/6 ნაწილში (იდეალური წილი), რომლის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე მ. ო-ე (პ/ნ ...), ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხის ¹9-11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი 557,60 კვ.მეტრი ფართი საკადასტრო კოდით ¹...) ე. ნ-ის საკუთრების უფლება 1/12 ნაწილში (იდეალური წილი).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ე. ნ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:L
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხის ¹9-11-ში მდებარე 557,60 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი ეკუთვნოდა ვ. ო-ას.
მ. ო-ე, ე. ნ-ი, ქ.კ-ე-ა-ა, ლ.ო-ა, რ- ო-ი, მ. კ-ა არიან ვ. ო-ას მეორე რიგის მემკვიდრეები, ხოლო პირველი რიგის მემკვიდრეები მას არ ჰყოლია.
2003 წლის 28 ნოემბერს ვ. ო-ა გარდაიცვალა და ანდერძი არ დაუტოვებია. მ. ო-ემ გასწია ვ. ო-ას დაკრძალვის ხარჯები, ასევე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მის დანაშთ ქონებას, მათ შორის ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხის ¹9-11-ში მდებარე ვ. ო-ას საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მ. ო-ემ მიიღო ვ. ო-ას სამკვიდრო.
საქმის მასალებით უდავოდ დგინდება მ. ო-ის მიერ ვ. ო-ას სამკვიდროს მიღების ფაქტი. ქ.ქუთაისის მერიის «ქალაქ მუზეუმის” ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 27 ოქტომბრის ცნობით დასტურდება, რომ მ. ო-ე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხის ¹11-ში. სასამართლოს სხდომაზე მოწმემ, ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა, ლ. ბ-მა განაცხადა, რომ ეს ცნობა შედგა ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შედეგად.
პალატამ ყურადღება გაამახვილა სს «ქუთაისგაზის” აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე, სადაც ხელშეკრულების გაფორმების თარიღად მითითებულია 2004 წლის 26 აგვისტო. აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ დროისათვის მ. ო-ე ზემოხსენებულ მისამართზე ფაქტობრივად იმყოფებოდა. მ. ო-ის კუთვნილი უძრავი ქონება ესაზღვრება ვ. ო-ას სამკვიდროში შემავალ ნაკვეთს. ამის გამო, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მ. ო-ის პოზიცია, რომ ვ. ო-ას გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა მეზობლად მდებარე თავისუფალ მიწის ნაკვეთს და გამოიყენა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. აღნიშნული დაადასტურეს საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც. მათ განმარტეს, რომ ვ. ო-ას გარდაცვალების შემდეგ სწორედ მ. ო-ე ფლობდა, წმენდდა და ასუფთავებდა მიწის ნაკვეთს და ქათმებიც კი ჰყავდა მოშენებული. მხოლოდ მოწმე ზ. ჟ-მა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი გააწმენდინა ე. ნ-მა, თუმცა მოწმის თქმით, ეს მოხდა «გასულ წელს” და «სამი წლის წინ”, ე.ი. 2008-2010 წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც ვ. ო-ას ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო ე. ნ-მა, მასა და მ. ო-ეს შორის წარმოიშვა დავა ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით.
პალატამ მიიჩნია, რომ მ. ო-ის მიერ ვ. ო-ას დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლება დასტურდება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის სახელზე ე. ნ-ის მიერ დაწერილი განცხადებითაც. აქ განმცხადებელი მ. ო-ის მიერ «ტერიტორიის მითვისებას” იხსენებს, როგორც 2008 წლამდე მომხდარ ფაქტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ მ. ო-ე, ფაქტობრივად, როგორც მესაკუთრე დაეუფლა ვ. ო-ას სამკვიდროს, ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის პირველი ჩიხი ¹9-11-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და მიიღო მისი სამკვიდრო. ასეც რომ არ იყოს, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ვ. ო-ას სამკვიდროს, გარდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთისა, შეადგენდა, ასევე ქუთაისში, გ-ის ¹18-სა და ნაზარაშვილის 12-ში მდებარე ბინა. ვ. ო-ას გარდაცვალების შემდეგ მ. ო-ემ გადაწყვიტა ამ ქონების სამართლებრივი ბედი _ განკარგა იგი, რაც ამტკიცებს, რომ მ. ო-ე დაეუფლა ვ. ო-ას სამკვიდროს ნაწილს მაინც.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით და ჩათვალა, რომ მ. ო-ეს ვ. ო-ას სამკვიდრო მიღებული აქვს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო, საქმეში ჩაება საპროცესო თანამონაწილეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ო-ეს მოპასუხეებად არ მიუთითებია სააპელაციო საჩივარში დასახელებული პირები, არ აღუძრავს სარჩელი მათ წინააღმდეგ და არ დათანხმებია მოპასუხეებად მათ საქმეში ჩართვას. გარდა ამისა, აპელანტს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული პირები, მართლაც, არიან ვ. ო-ას მემკვიდრეები, მიღებული აქვთ სამკვიდრო და აქვთ პრეტენზია ვ. ო-ას დანაშთ ქონებაზე. ამდენად, სასამართლომ აპელანტის პოზიცია უსაფუძვლოდ ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები და არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რომ მ. ო-ის კუთვნილი ქონება ესაზღვრება ვ. ო-ას სამკვიდროში შემავალ ნაკვეთს. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქმის მასალებით მ. ო-ის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა დადასტურებული არ არის.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. ო-ე ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩა ¹1-ის ¹11 ჩიხში. აღნიშნული ქონება კი წარმოადგენს მისი მამის _ სერგო ო-ის დანაშთ ქონებას და ვ. ო-ას სამკვიდროსთან კავშირი არ აქვს.
სააპელაციო სასამართლომ სადავო სამკვიდროს მიღების ფაქტი დაადასტურა იმ მოტივით, რომ მ. ო-ემ სადავო მიწის ნაკვეთი გამოიყენა საყოფაცხოვრებო მიზებისათვის და აღნიშნული დაასაბუთა მოწმეთა ჩვენებებით. პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მოწმე ჟუჟუნა ჩუბინიძის, ნათია რუხაძის, ნოდარ კუჭავასა და ზ. ჟ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კი, პალატამ დატოვა შეფასების გარეშე.
სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე მიუხედავად იმისა, რომ კასატორმა გაამახვილა ყურადღება მითითებულ ნორმაზე. პალატამ არასწორად შეაფასა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის სახელზე კასატორის მიერ შედგენილი განცხადება, როდესაც მიუთითა, რომ მასში მ.ო-ე აცხადებდა 2008 წლამდე მომხდარ ფაქტს. ფაქტობრივად, განცხადებაში მხარე საუბრუბდა 2008 წელს მომხდარ ფაქტზე.
სასამართლომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღო მტკიცებულებად არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია მემკვიდრეები _ ქ.კ-ისა და ა. ო-ის მიერ და საქმის წარმოება შეჩერებულია თ.გ-ის გარდაცვალების გამო.
პალატამ არასწორად დაადგინა სადავო მემკვიდრობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მხარემ მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ქონების უმნიშვნელო ნაწილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 1 დეკემბერს მელიტონ გოგისვანიძისა და ე. ნ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ე. ნ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.