ას-1624-1614-2011 24 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ გარიგების ნამდვილობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-ის მიმართ მოსარჩელესა და ლვ. ს-ს შორის დადებული გარიგებების ნამდვილობის აღიარების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის სექტემბერში ნ. ფ-ემ და აწ გარდაცვლილმა ლვ. ს-მა თანასაკუთრებით შეიძინეს გ-ის ქ¹3-ში მდებარე ფართი. ამ ხელშეკრულების დადებიდან რამდნიმე თვეში ლვ. ს-ს შეექმნა პირადი პრობლემები და თანასაკუთრებიდან მისი კუთვნილი ფართის გასხვისება გადაწყვიტა, რის გამოც მხარეთა შორის გაფორმდა კიდევ ერთი შეთანხმება, რომ ლ.ს-ის მიერ ფართის გასხვისების შემთხვევაში ამ ფართს შეიძენდა ნ.ფ-ე. მოგვიანებით მოსარჩელემ ლ.ს-ს გადასცა თანხა, რაც დადასტურდა შეთანხმებით, თუმცა ნივთზე საკუთრების უფლების აღრიცხვა მოსარჩელემ ვერ მოახერხა ნ. ფ-ისათთვის თავდაპირველად კუთვნილი ფართის გაქურდვისა და ლ.ს-ის ავადმყოფობის გამო. 2008 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ლვ. ს-ი, მისი მეუღლე ლ. ს-ი აპირებს სადავო ფართის გასხვისებას, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მას და ლ.ს-ს შორის დადებული გარიგების ნამდვილობის აღიარება.
მოპოასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სარჩელი არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ნ. ფ-ეს უძრავი ქონების თაობაზე გარიგების არსებობის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი გარიგების წარდგენის გზით უნდა დაედასტურებინა, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება სადავო ნივთზე მოსარჩელეს წარმოეშობოდა მხოლოდ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 4 აპრილს ლვ. ს-მა და ნ. ფ-ემ შ. ს-ისაგან შეიძინეს ქ.ქუთაისში, გ-ის ქ¹3-ში მდებარე უძრავი ქონება. 2007 წლის 31 აგვისტოს უძრავი ქონების ნაწილი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ. ფ-ისა და ლვ. ს-ის სახელზე. ლვ. ს-ი გარდაიცვალა 2008 წელს. 2007 წლის 28 აპრილს ლვ. ს-სა და ნ. ფ-ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრენი ვალდებულებას იღებდნენ, განსაზღვრულ შემთხვევებში თანასაკუთრებაში არსებული ფართი გადაეცათ თანამფლობელისათვის 2500 აშშ დოლარად. 2008 წლის 17 ივლისს ლვ. ს-სა და ნ. ფ-ეს შორის დაიდო «ხელშეკრულება», სადაც მითითებულია შემდეგი: «მე, ლვ. ს-ი ნ. ფ-ეზე ვყიდი შენობას, მდებარეს გ-ის ქუჩის ¹3-ში, ამავდროულად, მიმაქვს ორიათასი ამერიკული დოლარი».
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი «ხელშეკრულებიდან» არ ჩანს, რომ მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 477-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ლვ. ს-ს «მიჰქონდა» 2000 აშშ დოლარი, რაც არ ნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე. სასამართლოს მითითებით, დოკუმენტში ასევე არ არის აღნიშნული გასაყიდი ნივთის მახასიათებლები. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში სადავო ქონების ნაწილი რეგისტრირებული იყო შ. ს-ის, ნ. ფ-ისა და ლვ. ს-ის საკუთრებად, გარდა ამისა, ქონების ნაწილი რეგისტრირებული იყო ნ. ფ-ისა და ლვ. ს-ის ინდივიდუალურ საკუთრებად. «ხელშეკრულებიდან» არ ჩანს, თუ საკუთრებაში არსებული რომელი უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე შეთანხმდნენ მხარეები. «ხელშეკრულების» ტექსტი შედგენილია აწმყო დროში და არ დასტურდება გარიგების დასრულების ფაქტი. ამდენად, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის, თუნდაც სათანადო ფორმის დაუცველად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, გაზიარებულ იქნა ასევე სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების შეძენის ნამდვილობა გარიგების წერილობითი ფორმით დადებასა და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაციას უკავშირდება, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, უძრავ ნივთის შესაძენად აუცილებელია, არა მარტო გარიგების წერილობითი ფორმით დადება, ასევე საჭიროა, გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული იყოს კანონით დადგენილი წესით: ნოტარიუსის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ან მხარეებმა გარიგებას ხელი უნდა მოაწერონ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არაა სახეზე. პალატამ ჩათვალა, რომ სადავო გარიგება დადებულია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია, რაც არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სადავო გარიგებების ნამდვილობის აღიარება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატის განჩინებაში არასწორადაა ასახული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად განმარტა და არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგანაც სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით თანასაკუთრებაში არსებული ფართის თანამფლობელისათვის 2500 აშშ დოლარად გადაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლო ამ ფაქტს არ უკავშირებს შემდგომში დადებულ შეთანხმებებს, რომლითაც ამ შეთანხმების შესრულება დასტურდება. განჩინებით არასწორადაა გადმოცემული ხელწერილის შინაარსი, კერძოდ, ხელწერილის თანახმად, ლ.ს-მა მიიღო 2500 აშშ დოლარი, განჩინებაში კი მითითებულია 2000 აშშ დოლარის წაღების თაობაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო თანხის მიღების ფაქტზე ყურადღებას არ ამახვილებს და სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 477-ე მუხლების არასწორი ინტერპრეტირებით თვლის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება არ მომხდარა, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც გარიგების საგანზე, ისე მის ფასზე შეთანხმების ფაქტი. სასამართლომ ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შესახებ არასწორად არ გამოიკვლია რეესტრის ამონაწერი, სადაც გარკვევითაა განსაზღვრული ნ. ფ-ისა და ლვ. ს-ის მიერ შეძენილი თანასაკუთრების ფართის მონაცემები. არალოგიკურია სასამარლოს შეფასება ხელწერილის აწმყო დროში შედგენის თაობაზე, რადგანაც ლ.ს-ი სადავო ქონების სანაცვლოდ ადასტურებს 2500 აშშ დოლარის მიღების ფაქტს, რაც სასამართლოს მიერვე დადგენილი, მანამდე შედგენილი გარიგებების თანახმად, თანასაკუთრების ფართის ურთიერთგადაცემის ვალდებულების შესრულებას ადასტურებს. სასამართლოს შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილი ¹3 ხელწერილისათვის, სადაც აღნიშნულია, რომ ლ.ს-ს მიაქვს 500 ლარი სახლის ნასყიდობის სანაცვლოდ, რათა ამ თანხით შეასრულოს მისი, როგორც ინდ.მეწარმის, საგადასახადო ვალდებულება. სადავო ქონების სანაცვლოდ 2500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, გარდა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა, დაადასტურეს ასევე დაკითხულმა მოწმეება, მათ შორის, ლვ. ს-ის ძმამ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს, არამედ საქმის განხილვა შეწყდა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ. ნ. ფ-ის განმარტებით, სასამართლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგებები არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა მხარის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
ნ. ფ-ემ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ასევე დაურთო მტკიცებულება 1 ფურცლად და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გურამ ლაღიძის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
კასატორ ნ. ფ-ეს უარი უნდა ეთქვას ექსპერტზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობაზე, ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტის დასკვნა ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ნ. ფ-ეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გურამ ლაღიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. ნ. ფ-ის შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.