ას-1629-1619-2011 6 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ტ. ს-ო» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ს. ჰ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ს. ჰ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ტ. ს-ოს» მიმართ ძირითადი ვალის _ 9995 ლარის, ასევე 2010 წლის 18 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს _ ძირითადი თანხის 0.05%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2010 წლის 3 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შპს «ტ. ს-ომ» აიღო ვალდებულება სს «ს. ჰ-ისათვის» 9995 ლარის დაბრუნების თაობაზე. მხარეთა შორის განისაზღვრა ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკი, რომლის თანახმადაც მოპასუხეს 2010 წლის 18 აგვისტოდან 2011 წლის 18 თებერვლამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1427.8 ლარი. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობაც განისაზღვრა ძირითადი თანხის _ 9995 ლარის 0.05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული.
მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 341-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 417-ე მუხლზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობებზე და მოსარჩელე განზრახ აჭიანურებდა ამ პროცესს, რაც აფერხებდა შეთანხმებული ფორმითა და წესით გარიგების დადებას, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და შპს «ტ. ს-ოს» სს «ს. ჰ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 9995 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს _ 2010 წლის 18 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 9995 ლარის 0,05%-ის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ტ. ს-ოს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ სს «ს. ჰ-სა» და შპს «ტ. ს-ოს» შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული მორიგების შესახებ შეთანხმებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებით, სს ,,ს. ჰ-მა» იკისრა შპს ,,ტ. ს-სოს» სადაზღვევო პოლისების განახლების ვალდებულება, რომელთა მოქმედება შეჩერებულ იქნა დავალიანების გამო. შპს «ტ. ს-ომ» აღიარა დავალიანება სს «ს. ჰ-ის» მიმართ 9995 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება, იგი დაეფარა სრულად 2011 წლის 18 თებერვლამდე სს «ს. ჰ-ის» საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით _ 2010 წლის 18 აგვისტოდან ყოველთვიურად 1427.8 ლარის გადახდით. იმავე შეთანხმებით, შპს «ტ. ს-ომ» იკისრა ვალდებულება, ზემოაღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის საერთო თანხის 0,05%-ის ოდენობით. შპს «ტ. ს-ოს» მიერ 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მას სს «ს. ჰ-ის» მიმართ დავალიანება არ გააჩნია და განმარტა შემდეგი: სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, შესაბამისად, ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში ანაწილებს იმგვარად, რომ მოვალეს ეკისრება ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ გარემოების მტკიცება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი მითითებით იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სააპელაციო პრეტენზიას უსაფუძვლოს ხდის. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, და განმარტა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ძველი ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ შპს «ტ. ს-ოს» ვალდებულება სს «ჰ-ის» მიმართ ასახულია 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებაში მორიგების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი შესრულება.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პალატამ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებით შპს «ტ. ს-ომ» იკისრა ვალდებულება, 2010 წლის 18 აგვისტოდან ყოველთვიურად 1427,8 ლარის გადახდით დაეფარა სს «ჰ-ის» მიმართ არსებული ვალდებულება 9995 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე შეთანხმებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9995 ლარის 0,05%-ს ოდენობით და ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა, ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მართლზომიერად იქნა დაკისრებული 9995 ლარის 0,05% ყოველდღიურად 2010 წლის 18 აგვისტოდან ვალდებულების შესრულებამდე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტ. ს-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ საქმეში არსებული 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმება მორიგების თაობაზე არასწორად მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად, ეს შეთანხმება ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველს არ ქმნის. ამ შეთანხმებით მხარეებმა გამოხატეს ნება ახალი სადაზღვევო ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 3 აგვისტოს შემდეგ სადაზღვევო კომპანიას ახალი ხელშეკრულება დაზღვევის თაობაზე მოპასუხესთან არ გაუფორმებია, რაც გამორიცხავს კასატორის დავალდებულებას, სადავო შეთანხმების საფუძველზე აანაზღაუროს თანხა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმება ორმხრივი გარიგებაა და სს «ს. ჰ-ის» მიერ ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებმდე შპს «ტ. ს-ო» თავისუფალია ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სარჩელში არაა მითითებული დოკუმენტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მიიჩნევს კასატორისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, ასევე არაა მითითებული იმ თავდაპირველი შეთანხმების შემდგომი შესრულება-შეუსრულებლობის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში კასატორს დაეკისრება რა სადავო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდა, მოსარჩელეს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე კვლავ მოითხოვოს მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, რაც სადაზღვევო კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია ის საკითხი, 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებში მითითებული არის თუ არა მხარეთა შორის თავდაპირველად შემდგარი შეთანხმება და რატომ არაა მითითებული ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, საკუთარი ინიციატივით შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.01%-მდე. სასამართლოს მსჯელობა, რომ ვალის არსებობის აღიარება ძველი ვალდებულების შესრულების მზაობაზე მიანიშნებს, არ გამომდინარეობს 2010 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებიდან, რადგანაც ამ ხელშეკრულებაში არაა მითითებული ძველი ვალდებულების შესახებ და არც ისაა განსაზღვრული, თუ რა ბედი ეწია ამ ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს «ტ. ს-ოს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ტ. ს-ოს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ტ. ს-ოს» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ტ. ს-ოს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 840.96 ლარის 70% _ 588.672 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ტ. ს-ოს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს «ტ. ს-ოს» (...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 588.672 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.