ას-1631-1621-2011 20 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. ს-ის, ზ. ს-ის, თ. ს-ის და ე. ს-ის წარმომადგენლის ნ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ც. ს-ის, ზ. ს-ის, თ. ს-ის და ე. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ჩ-ის მიმართ უძრავ ნივთზე თანასაკუთრების უფლების აღიარება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ც. ს-ის, ზ. ს-ის, თ. ს-ის და ე. ს-ის წარმომადგენლის ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 1234.55 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 20 დეკემბერს კასატორების წარმომადგენლმა განცხადებით მომართა საკასაციო პალარას რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებველი ქვითარი, სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა და ავადმყოფის დიაგნოზი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საიდანც ირკვევა, რომ ც. ს-ე, თ. ს-ი და თ. ს-ი არის დროებით უმუშევარი, აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის საბოლოო განხილვამდე. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. 2012 წლის 3 იანვარს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით კასატორებს, მათივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების შეტყობინებიდან 3 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, ამასთან, კასატორებმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორებს ურჯერ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, მათ არაერთხელ განემარტათ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ხარვეზი დღემდე არ არის შევსებული, სახელმწიფო ბაჟი სრულად არ არის გადახდილი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ს-ის, ზ. ს-ის, თ. ს-ის და ე. ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. ც. ს-ის, ზ. ს-ის, თ. ს-ის და ე. ს-ის წარმომადგენლის ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. ც. ს-ეს, ზ. ს-ს, თ. ს-ს და ე. ს-ს დაუბრუნდეს ც. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების თბილისის არასაგადასახდო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი -¹ 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - 300773150, დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.