Facebook Twitter

ას-1635-1625-2011 20 იანვარი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. კ-ე და რ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რ. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სს «... ბანკის» განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო რ. კ-ის კუთვნილი უძრავი ქონების წილს.

აღნიშნული განჩინება ბ. და რ. კ-ეებმა გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადახდის ბრძანებით სს «... ბანკის» განცხადება დაკმაყოფილდა; ბ. და რ. კ-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 2224,16 ლარის გადახდა.

ბ. და რ. კ-ეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინეს შესაგებელი და სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით გაუქმდა 2010 წლის 30 აპრილს მიღებული გადახდის ბრძანება, დადგინდა, დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის სასარჩელო წესით განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ბ. და რ. კ-ეების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ბ. და რ. კ-ეების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბ. და რ. კ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2224,16 ლარის ანაზღაურება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბ. და რ. კ-ეებმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის განჩინებით 2010 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

აღნიშნული განჩინება ბ. და რ. კ-ეების მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. და რ. კ-ეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა მოთხოვნით.

კასატორების მითითებით, სასმაართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ბ. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხდომაზე გამოუხადებლობის შეუძლებლობას ადასტურებდნენ. ასევე არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ბ. კ-ე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დღემდე აგრძელებს მკურნალობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და რ. კ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაშვებისა და განხილვის საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. და რ. კ-ეების საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. და რ. კ-ეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.