Facebook Twitter

ას-1641-1631-2011 20 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ფ-ა, ჟ. ჯ-ფ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ჯ-ფ-ასა და რ. ფ-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის თებერვალში მის შვილებს, რომლებიც მიატოვა დედამ _ თ. ფ-ამ დაენიშნათ ალიმენტი თითოეულს ყოველთვიურად 50 ლარი. თ. ფ-ა ალიმენტს იხდიდა ერთი წლის განმავლობაში ე.ი 2009 წლის მარტამდე. შემდეგ კი სააღსრულებო ბიურომ ვერ უზრუნველყო თანხის ამოღება, რადგან იგი გათხოვდა და მეორე ქორწინებაში შეეძინა ვაჟიშვილი.

2010 წლის მაისში სააღსრულებო ბიუროსაგან შეიტყო, რომ თ. ფ-ა აღიარებულია ქმედუუნაროდ და ამიტომ ალიმენტს ვეღარ გადაიხდიდა. თ. ფ-ას დედა მუშაობს საბერძნეთში, ხოლო მამა _ რ. ფ-ა სამარშუტო ხაზზე. მოპასუხეს აქვს ეკონომიკურად შეძლებული ოჯახი. ამდენად მოსარჩელე ითხოვს, რომ მისი ხუთი შვილს სარჩენად დაკისრებული ალიმენტი გადაიხადონ თ. ფ-ას მშობლებმა.

მოპასუხე რ. ფ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფება მთელი მისი ოჯახი, სადაც ამჟამად სამი ქმედუუნარო პირი ცხოვრობს _ ორი მისი შვილი და ერთი შვილიშვილი. მოპასუხე იხდის მომვლელის სათანადო ანაზღაურებასაც. თავად რ. ფ-ას ჯანმრთელობა შერყეული აქვს და ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმის მეთვალყურეობა მაღალი არტერიული წნევისა და გულის იშემიური დაავადების გამო. ჟ. ჯ-ფ-ა კი წასულია ოჯახიდან და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აპელანტს თ. ფ-ასთან ქორწინების განმავლობაში შეეძინა ხუთი შვილი _ ვ., ს., თნ., ა. და გ. გ-ეები. ვ. გ-ე გათხოვილია და შექმნილი აქვს ოჯახი. ს. გ-ე იმყოფება პატიმრობაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გასაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. ფ-ას არასრულწლოვანი შვილების სარჩენად დაეკისრა 250 ლარის გადახდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ-ესა და თ. ფ-ას შორის ქორწინება შეწყდა. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ფ-ა აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შვილიშვილისათვის ალიმენტის გადასახდელად დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას არ შეუძლია, სარჩო მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები პაპისა და ბებიის ფინანსური შესაძლებლობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ რ. ფ-ასა და ჟ. ჯ-ფ-ას შემოსავლის ოდენობა აპელანტის მიერ სარწმუნოდ დასაბუთებულად არ მიიჩნია. მხოლოდ მხარის განმარტება კი, რომ ჟ. ჯ-ე საბერძნეთშია, მუშაობს და სოლიდური შემოსავალი აქვს, ან რ. ფ-ა ეწევა სატრანსპორტო საშუალებით საქმიანობას, მისი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი მას (შვილიშვილის) სარჩოს მიღების შესაძლებლობა მშობლებისაგან არ გააჩნია. კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების დედა ქმედუუნაროდ არის აღიარებული, მაგრამ ბავშვებს ჰყავთ სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მამა.

პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ შვილისადმი არსებული თავის კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლობით გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, დ. გ-ემ, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ახალგაზრდა ადამიანმა უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ელემენტარულ დონეზე მაინც, ეს კი მისთვის სავსებით ხელმისაწვდომია და ობიექტურადაც შესაძლებელი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირი შეიძლება არ იყოს დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ ჰქონდეს შემოსავალი.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რ. და ჟ. ფ-ების კმაყოფაზეა მოსარჩელის ყოფილი ცოლი _ ქმედუუნაროდ აღიარებული თ. ფ-ა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის ახსნა-განმარტება, რომელსაც მტკიცებულებების თანაბარი ძალა გააჩნია.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი. პაპისა და ბებიის საკმაო შემოსავალი დასტურდება იმით, რომ პაპას ნამდვილად გაქირავებული აქვს სამარშუტო ტაქსი წყალტუბოს სატრანსპორტო საწარმოში, ხოლო ბებია ჟ. ჯ-ფ-ია ნამდვილად იმყოფება საბერძნეთში სამუშაოდ და მის შემოსავალი თვეში 800 ევროს შეადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.