Facebook Twitter

ას-1649-1637-2011 20 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჩ-ე, გ. ჩ-ე

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიელბით გ. ჩ-ეს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 28394,08 ლარისა და ასევე კვების _ 532,27 ლარის გადახდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 29 აპრილს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილ და დაყადაღებულ იქნა მოვალე გ. ჩ-ის ქონება. მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღებული ქონებიდა არცერთი ნივთი არ არის გ. ჩ-ის და ეკუთვნის ზ. ჩ-ეს. გ. ჩ-ე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს მის სახლში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას ნაქირავები ჰქონდა ბინა თბილისში, სადაც ცხოვრობდა და უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს, ბოლო ერთი წელია აღიკვეცა ბერად და ცხოვრობს მონასტერში. თანხა, რომელსაც ის სამხედრო სამსახურისას იღებდა ხმარდებოდა მის ავადმყოფ მეუღლეს და ასევე გაიხარჯა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ამდენად, ზ. ჩ-ემ მოითხოვა თავისი კუთვნილი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.

მოპასუხე გ. ჩ-ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მას დაყადაღებული ნივთების შეძენაში წვლიი არ მიუძღვის და, შესაბამისად, არც მის საკუთრებას წარმოადგენს.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოვალე გ. ჩ-ე, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობდა მოსარჩელსეთან (მამა), სამოქალაქო კოდექისს 158-ე მუხლის შესაბამისად, მასთან ერთად თავადაც ითვლებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2011 წლის 29 აპრილის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და, შესაბამისად, ყადაღისაგან გათავისუფლდა შემდეგი ქონება: ტელევიზორი «ლჯ», დივანი _ სამეული, ტელევიზორის მაგიდა, რესივერი «სუპერმაქსი», «მაგთიფიქსის» ტელეფონი.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. ჩ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა 28394, 08 ლარის, ასევე კვების თანხის 532,27 ლარის გადახდა;

გ. ჩ-ე მოსარჩელე ზ. ჩ-ის შვილია. მონასტერში წასვლამდე ის რეგისტრირებული იყო გ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლში.

აღმასრულებლის აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას მდებარე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში, სადაც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს მოსარჩელე, ასევე რეგისტრირებულია მოპასუხე გ. ჩ-ე.

მოწმე ნ. ჩ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ ზ. ჩ-ე წლებია მუშაობს საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე და საკუთარი დანაზოგით ოჯახს შემატა სადავო ნივთები. ყველა ნივთი, რაც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, წარმოადგენდა ზ. ჩ-ის საკუთრებას, ხოლო ,,მაგთიფიქსის” ტელეფონი ოჯახს აჩუქა შვილმა - თ. ჩ-ემ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ დაამტკიცა ის გარემოება, რომ სადავო ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და, შესაბამისად, აპელანტის მითითება გადაწყვეტილების უსწორობაზე უსაფუძვლო იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რაც მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს დაადასტურებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

«სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.