ას-1650-1638-2011 9 იანვარი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან წილის მიკუთვნება, თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული სარგებლის ნახევარის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის სარჩელით მიმართა ე. ბ-მა მოპასუხე ა. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. მასა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
ბ. მოპასუხისათვის მათი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება;
გ. ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუქსონის» თანამესაკუთრედ ცნობა;
დ. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ ა. ბ-სა და ა. გ-ეს შორის 2010 წლის 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
ე. თანასაკუთრებაში არსებული ქონების (ქ.თბილისში, ბ-ის ქ.¹39-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹94-ის) რეალიზაციიდან მიღებული სარგებლის _ 17500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება მისი, როგორც თანამესაკუთრის სასარგებლოდ (ტომი II, ს.ფ. 50-60, 229-235, 238-241).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა მოდავე მხარეებს შორის 2000 წლის 22 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი ¹11; ა. ბ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილების _ 2001 წლის 7 აპრილს დაბადებული თ. ბ-ის და 2005 წლის 10 მაისს დაბადებული ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულის სასარგებლოდ 150-150 ლარის, მთლიანობაში 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან, 2010 წლის 15 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; გარდა ამისა, მოპასუხეს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების, ქ.თბილისში, ბ-ის ქ.¹39-ის ბინა ¹94-ის რეალიზაციით მიღებული სარგებლის _ 20329 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუქსონის» 1/2 წილის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ტომი II, ს.ფ. 244-257).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუქსონის» 1/2 წილის თანამესაკუთრეობაზე, აგრეთვე, ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული სარგებლიდან, 35000 აშშ დოლარიდან 17500 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე. აპელანტმა მოითხოვა მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დასახელებული ავტომანქანა აღირიცხებოდა თავის საკუთრებაში, ამასთან, მოპასუხეს დაეკისრებოდა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების _ თბილისში, ბ-ის ქ.¹39-ში მდებარე ბინა ¹94-ის რეალიზაციიდან მიღებული სარგებლის, 17500 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, მასვე დაეკისრებოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (ტომი II, ს.ფ. 264-273).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილებში, რა ნაწილებითაც მოპასუხე ა. ბ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების, ქ.თბილისში, ბ-ის ქ.¹39-ის ბინა ¹94-ის რეალიზაციით მიღებული სარგებლის _ 20329 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუქსონის» 1/2 წილის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ბ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული სარგებლიდან ნახევრის, 17500 აშშ დოლარის გადახდა; ე. ბ-ი ცნობილ იქნა ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუკსონის» 0.18 წილის მესაკუთრედ; აპელანტს სახელმწიფო ხაზინიდან უკან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი ბაჟი _ 813 ლარი; ა. ბ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 651.32 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ბ-ი და ა. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლის 22 იანვარიდან. 2001 წლის 7 აპრილს მათ შეეძინათ პირველი ქალიშვილი თ. ბ-ი, ხოლო 2005 წლის 10 მაისს _ მეორე შვილი ლ. ბ-ი;
თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2009 წლის 23 იანვარს ა. ბ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისში ბ-ის ქ.¹39-ში, ბინა 94 ფართით _ 59.79კვ.მ. ნასყიდობის ფასმა შეადგინა 35000 აშშ დოლარი;
2010 წლის 19 მარტს ა. ბ-მა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს ბინა საკუთრებაში გადასცა დედას, სოფიო მჭედლიშვილს. ნასყიდობის ფასმა შეადგინა 35000 აშშ დოლარი. ამდენად, თანასაკუთრებაში არსებული ამ უძრავი ნივთის რელიზაციით ა. ბ-მა მიიღო სწორედ 35000 აშშ დოლარის სარგებელი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ფაქტის დადგენისას (უძრავი ნივთის რეალიზაციით მიღებული სარგებელი) პირველი ინსტანციის სასამართლო არასწორად დაეყრდნო აუდიტორულ დასკვნას სადავო ბინის საბაზრო ღირებულების შესახებ, რადგან იმ გარემოების დადგენისას, თუ რა სარგებელს იღებს მხარე უძრავი ნივთის რეალიზაციით, მნიშვნელოვანია გარიგებაში მითითებული ნასყიდობის ფასი და არა აუდიტის დასკვნით განსაზღვრული ამ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მხარე (მოსარჩელე) სარჩელით აღარ ითხოვდა 2010 წლის წლის 19 მარტის გარიგების ბათილად ცნობას, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, თავისი ინიციატივით ემსჯელა ამ გარიგების კანონიერებაზე, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში _ 2009 წელს, ა. ბ-მა შეიძინა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი”. შესაბამისად, უდავო იყო, რომ ეს ავტომანქანა ასევე წარმოადგენდა მხარეთა თანასაკუთრებას. დგინდებოდა ისიც, რომ მხარეებს ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდათ 2010 წლიდან. 2010 წლის 18 ივნისს ა. ბ-მა შეიძინა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი”, ს/ნ .... ტრანსპორტის შეძენა განხორციელდა ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულების” საფუძველზე, სადაც ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სს ,,... ბანკი” და ა. ბ-ი, ხოლო გირავნობის საგანს აღნიშნული ავტომანქანა. ა. ბ-მა აიღო ავტოკრედიტი, რომლის მოცულობა შეადგენდა 19560 ლარს (წლიური საპროცენტო განაკვეთი 17%), დაფარვის ვადა _ 24 თვეს. სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს” დირექტორის მიერ გაცემული ცნობით (08.09.2010წ. _ ¹08-010) ჰიუნდაი-ტუქსონი გაიყიდა 26150 აშშ დოლარად მოქალაქე ა. ბ-ზე.
ზემოთ დასახელებული ავტომანქანის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, კერძოდ ის, რომ ა. ბ-სა და სს ,,... ბანკს” შორის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება”, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ავტოკრედიტით (19560 ლარი) შეიძინა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი” ს/ნ ..., დაიდო 2010 წლის 18 ივნისს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ქორწინება და იგი მხოლოდ ფაქტობრივ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ეს ავტომანქანა ვერ მოექცეოდა თანასაკუთრების რეჟიმში. აქვე, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო ავტომანქანის _ ჰიუნდაი ტუქსონის _ შესაძენად მოპასუხემ გამოიყენა 2009 წელს შეძენილი იგივე მარკის ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომელიც ფირმას ჩააბარა 9500 აშშ დოლარად, დაუმატა ავტოკრედიტით აღებული თანხა და შეიძინა ახალი ავტომანქანა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უდავო იყო, რომ ახალი ავტომანქანის შეძენაში ა. ბ-მა გამოიყენა თანასაკუთრებაში არსებული ძველი ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხიდან (9500 აშშ დოლარი) ე. ბ-ის კუთვნილი 4750 აშშ დოლარი ( 9500 : 2 = 4750-ს). შესაბამისად, ახალი ავტომანქანის ღირებულების გათვალისწინებით (26150 აშშ დოლარი), მოსარჩელის წილი ამ ავტომანქანაზე შეადგენდა 0.18-ს (4750/26150).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საერთო საკუთრების გაყოფა. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. კანონის საფუძველზე წარმოშობილი საერთო (თანაზიარი) საკუთრების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრება.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოარკვია, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში ბ-ის ქ.¹39-ში მდებარე ბინა 94 (ფართით 59.79კვ.მ) ა. ბ-მა გაყიდა 35000 აშშ დოლარად. ამდენად, ე. ბ-ის კუთვნილი 1/2 ნაწილის რეალიზაციით მიღებული სარგებელი შეადგენდა 17500 აშშ დოლარს, რაც იყო 35000 აშშ დოლარის ნახევარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა მიკუთვნებოდა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი კუთვნილი წილის რეალიზაციით მიღებული სარგებელი.
სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ავტომანქანის _ «ჰუნდაი ტუკსონის» 1/2 წილის ე. ბ-ის სახელზე აღრიცხვას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წილი სადავო ავტომანქანაზე უნდა განსაზღვრულიყო 0.18 ნაწილით (ტომი III, ს.ფ. 40-49).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, შემდეგი საფუძვლებით.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონება შეფასდა აბსოლუტურად რეალურ ფასში. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლო გადაწყვეტილებას ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის, «ჰიუნდაი ტუკსონის» 0.18 წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ. მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ არ შეამოწმა სასამართლომ, როდის შეიძინა მოპასუხემ 9500 აშშ დოლარად გასხვისებული ავტომანქანა. სასამართლო გადაწყვეტილებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა. ბ-ი 2008 წლიდან რეალურად აღარ ცხოვრობს ე. ბ-თან. სადავო ავტომანქანა ა. ბ-მა შეიძინა 2010 წლის 18 ივნისს. მან წინა ავტომობილი ერთი თვით ადრე შეიძინა. ამდენად, მოპასუხემ ორივე ავტომობილი შეიძინა მაშინ, როდესაც იგი აღარ იმყოფებოდა ქორწინებაში ე. ბ-თან. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები აღნიშნული თვალსაზრისით, არასწორია (ტომი III, ს.ფ. 53-60).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა კასატორმა ა. ბ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხსნის მოთხოვნას თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციით მიღებული სარგებლიდან ნახევარის _ 17500 აშშ დოლარს გადახდის ნაწილში და გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ე. ბ-ი ცნობილ იქნა ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის _ «ჰიუნდაი ტუკსონის» (ფერი _ რუხი გამოშვების წელი _ 2010 წელი, სანომრე ნიშანი _ ...) 0.18 წილის მესაკუთრედ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუკსონის» 0.18 წილის მესაკუთრედ ე. ბ-ის ცნობის თაობაზე, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ა. ბ-ისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუკსონის» 0.18 წილის მესაკუთრედ ე. ბ-ის ცნობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
რაც შეეხება ა. ბ-ის საკასაციო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ა. ბ-ისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა. ბ-მა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ა. ბ-ისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა «ჰიუნდაი ტუკსონის» 0.18 წილის მესაკუთრედ ე. ბ-ის ცნობის თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ა. ბ-ისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება;
3. კასატორ ა. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.