Facebook Twitter

ას-1651-1639-2011 11 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე -Mბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. ს-ას სარჩელის გამო, დ. ს-ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, დ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა 750 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2011 წლის 12 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ა. ს-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დ. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დ. ს-ის წარმომადგენელმა ა. ს-ემ, დადგენილ ვადაში მომართა სასამართლოს განცხადებით და იშუამდგომლა საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებაზე, იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში ვერ შეძლეს საჭირო თანხის მოძიება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავის ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არაა იმპერატიული ხასიათის და არ მოიაზრებს საპროცესო ვადის გაგრძელებას ყოველი მოთხოვნისას. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის უტყუარობის თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლოს უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა მის დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის შუამდგომლობის ავტორს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი შეიცავს მხარის ვალდებულებას შუამდგომლობა წარმოადგინოს დასაბუთებული სახით, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული. მოცემულ შემთხვევაში, მხარე შუამდგომლობს რა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, მას შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მხარემ ვერ შეძლო საჭირო თანხის მოძიება, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის საფუძვლად საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის. ამასთან, სასამართლომ ერთხელ უკვე გაუგრძელა კასატორს საპროცესო ვადა და აქედან გამომდინარე პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ა. ს-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ს-ს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.