Facebook Twitter

ას-1676-1664-2011 16 იანვარი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, უმკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ქონების უმკვიდროდ ცნობის და უმკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება ¹2/2615-09 საქმეზე ბათილად იქნა ცნობილი და განახლდა საქმის წარმოება. აღნიშნულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა თანხის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ... დასახლება I ქ. ¹44/2-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი არის უკანონო ნაგებობა და, ტექბიუროს ჩანაწერების მიხედვით, ირიცხება დ. ბ-ას სახელზე, რომლისგანაც მოსარჩელის მშობლებმა – ი. კ-მა და მ. კ-მა შეიძინეს 1954 წელს შინაურული ნასყიდობის ხელწერილის საფუძველზე 4000 მანეთად. ისინი ჩაეწერნენ სახლში და ცხოვრობდნენ გარდაცვალებამდე. ი. კ-ი გარდაიცვალა 1977 წლის 3 აპრილს. მ. კ-ი კი - 2003 წლის 11 დეკემბერს. ამჟამად სადავო სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ოჯახთან ერთად და იხდის კომუნალურ გადასახადებს. დ. ბ-ა, ვის სახელზეც ირიცხება სადავო უკანონო ნაგებობა, გარდაიცვალა 1979 წლის 13 აპრილს. მას მემკვიდრე არავინ ჰყავს. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე კვლავ ითხოვს სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობას, თუმცა, ამასთანავე ითხოვს, რომ დაუბრუნდეს ის თანხა, რომელიც მან გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში 2010 წლის 23 მარტის ცვლილებების შეტანამდე.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი. იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...ს დასახლების მე-5 გასავლელის I ქ. ¹44/2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კანონში შევიდა ცვლილებები, თუმცა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია სარჩელის შეტანის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამიტომ არ არსებობს მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ი. კ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...ს დასახლება, I ქუჩის მე-4 გასასვლელის №3/მე-5 გასასვლელის №2-ში, შენობა №3/1-ში მდებარე №1 (19,71 კვ.მ), №11 (10,17 კვ.მ) და №2 (18,06 კვ.მ) ფართის მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. კ-ის მშობლებს - ი. კ-ს და მ. კ-სა და, მეორე მხრივ, დ. ბ-ას შორის 1954 წლის 4 ივნისს დაიდო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... დასახლებაში I ქუჩაზე, მე-5 გასასვლელში, №44/2 –ში მდებარე ბინაზე, 4000 მანეთად მოსარჩელის მშობლებისათვის მიყიდვის თაობაზე. ი. და მ. კ-ები მითითებული მისამართის მიხედვით იხდიდნენ გადასახადებს. ი. კ-ი ჩაწერილია ქ. თბილისში, ... დასახლებაში, I ქუჩაზე, მე-5 გასასვლელ № 44/2-ში 1981 წლის 25 ნოემბრიდან, ხოლო მისი დედა მ. კ-ი - 1956 წლის 18 აპრილიდან. მოწმეების: ბ. კ-ას, მ. ბ-ასა და ა. კ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ი. კ-ი არის სადავო ბინის მოსარგებლე. ტექბიუროს მონაცემებით, ... დასახლებაში, I ქუჩაზე, მე-4 გასასვლელის №3/მე-5 გასასვლელის №2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი, აღრიცხული იყო დ. ბ-ასა და ვ. ს-ის სახელზე. დ. ბ-ა გარდაიცვალა 1979 წლის 13 აპრილს. ი. კ-ის დედა მ. კ-ი გარდაიცვალა 2003 წლის 11 დეკემბერს, ხოლო მამა – 1977 წლის 3 აპრილს. ნოტარიუსთა პალატის ცნობის თანახმად, სადავო ქონების მემკვიდრეობით მიღებასთან დაკავშირებით დ. ბ-ას მემკვიდრეებს სანოტარო ორგანოში არ მიუმართავთ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ დავის განხილვის მომენტისათვის ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში I ქუჩაზე, მე-4 გასასვლელი №3/მე-5 გასასვლელ №2-ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია საკუთრების უფლებით ა. ე-ზე, ამონაწერში თანამესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 აგვისტოს მონაცემებით, ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, I ქუჩაზე, მე-4 გასასვლელის №3/მე-5 გასასვლელის №2-ში, შენობა №3/1-ში მდებარე ოთახებზე: №1-ზე, №11-ზე და №2-ზე, როგორც ინდივიდუალურ საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის მონაცემებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, რომელსაც ამჟამად ფლობს მოსარჩელე და რომლის უმკვიდროდ ცნობასა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს იგი, არ წარმოადგენს ა. ე-ის საკუთრებას. როგორც აღინიშნა, ა. ე-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეეტრში აღრიცხულია ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთახები: №4, №5, №6 და №7; ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნას კი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ს დასახლება, I ქუჩა, მე-4 გასასვლელი №3, მე-5 გასასვლელის №2-ში, №3/1 შენობაში მდებარე №1, №11 და №2 ოთახების მესაკუთრედ ცნობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას, რომელიც გადასულია სახელმწიფოს საკუთრებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დაეყრდნო რა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტს, განმარტა: სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას, ამასთან, დგინდება, რომ ი. კ-ი არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; ი. კ-ი ცნობილ უნდა იქნეს თბილისში, ...ს დასახლება, I ქუჩა, მე-4 გასასვლელის №3/მე-5 გასასვლელის №2-ში, შენობა №3/1-ში მდებარე №1, №11 და №2 ფართის მესაკუთრედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სადავო ქონება 1985 წელს აღრიცხული იყო დ. ბ-ასა და ვ. ს-ზე, რაც ნიშნავს, რომ ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდა ორ პიროვნებას. ა. ე-მა საკუთრების უფლებით თავის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხა დ. ბ-ის სახელზე რიცხული 62.64 კვ.მ ფართი. ი. კ-აც ითხოვს დ. ბ-ას სახელზე ტექბიუროს მონაცემებით რიცხულ საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობას და მისთვის, როგორც მოსარგებლისათვის, უსასყიდლოდ გადაცემას, მაშინ, როდესაც დ. ბ-ას კუთვნილი წილი აღრიცხულია ა. ე-ის სახელზე, სახელმწიფოზე და აღრიცხულია ვ. ს-ის წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ბ-ას წილი სადავო ქონება, რომლის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადაცემა უნდა მოხდეს, არ არსებობს.

ტექბიუროს არქივის მონაცემებით ცნობა-დახასიათებაში მითითებულია სადავო ქონების ადგილმდებარეობა, კერძოდ, ... დასახლება, I ქუჩა, მე-4 გასასვლელი ¹3, მე-5 გასასვლელი ¹2, სადაც მითითებულია ორი მესაკუთრე: დ. ბ-ა და ვ. ს-ი, ამჟამად, ე-ი და სახელმწიფო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, რომელსაც ამჟამად ფლობს ი. კ-ი და რომლის უმკვიდროდ ცნობასა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს იგი, არ წარმოადგენს ა. ე-ის საკუთრებას, ე.ი. დარჩენილი სადავო უძრავი ქონება, რომელიც არის ვ. ს-ის წილი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სასამართლომ უკანონოდ გადასცა ი. კ-ს. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ხდება პრივატიზების გზით. სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უგულებელყო ზემოაღნიშნული ნორმა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრე ქონების განკარგვისას შეზღუდულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართელოს კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ქონების უმკვიდროდ ცნობა და უმკვიდრო ქონების მესკაუთრედ აღიარება «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

კასატორი, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.