Facebook Twitter

ას-1680-1666-2011 6 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. მ-ის სარჩელის გამო, სსიპ სოფელ დიღმის ვ.სონღულაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. კასატორმა დადგენილ ვადაში მომართა სასამართლოს განცხადებით, წარმოადგინა 100 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილისა, იმ საფუძვლით რომ არის უმუშევარი და არ გააჩნია სხვა შემოსავალი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი კონკრეტულად აყალიბებს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო კასატორის მიერ მითითებული სსსკ-ის 46-ე მუხლის მეორე ნაწილი გათავისუფლების სხვა შემთხვევებში მოიაზრებს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონს, სადაც ამომწურავადაა ჩამოთვლილი მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, მხარე არ უთითებს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით მოითხოვს დარჩენილი 200 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს რომ, სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები ვალდებული არიან, შეჯიბრებითობის ფარგლებში უტყუარად დაადასტურონ მათი მოთხოვნის მართებულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მხარის პოზიციას ვერ გაიზიარებს. მოცემულ შემთხვევაში ვ. მ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება მისი ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო.

ვ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 9 დეკემბრის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, პალატა თვლის, რომ მიღებულ უნდა იქნას განსახილველად, რადგანაც იგი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამდენად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად კი, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ვ. მ-ს დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე მის მიერ გადახდილი 100 ლარი.

3. წარმოებაში იქნეს მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.