Facebook Twitter

ას-1687-1672-2011 20 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გაუქმება

დავის საგანი – მამკვიდრებლის მკურნალობის, დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის მიმართ მამკვიდრებლის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების სანახევროდ _ 5 870,3 ლარის ნაწილში ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლის 1 მაისიდან მ. გ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. მ-ესთან, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ერთი ქალიშვილი _ ა. მ-ე. თავად მოსარჩელეს დ. მ-ისაგან შვილი არ შესძენია. დ. მ-ემ თავის შვილს, ა. მ-ეს უყიდა ბინა.

2010 წლის 25 ოქტომბერს დ. მ-ე გახდა ავად და გადაყვანილ იქნა კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც დაუდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა, ხოლო 2010 წლის 8 ნოემბერს, ძვირადღირებული მკურნალობის მიუხედავად, დ. მ-ე გარდაიცვალა. მემკვიდრებლის მკურნალობისა და დაკრძალვების ხარჯები მთლიანად გაიღო მოსარჩელემ. გარდაცვლილის სამკვიდრო კი თანაბარწილად მიიღო ორივე პირველი რიგის მემკვიდრემ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს დ. მ-ის მკურნალობისათვის თანხა არ გადაუხდია, რადგან მამკვიდრებელს იპოთეკით ჰქონდა დატვირთული ბინა და სარგებელს იღებდა მ. გ-ე. მას არც დაკრძალვის ხარჯები არ გაუღია, რადგან თანხა დახმარების სახით მიიღო დ. მ-ის ნათესავებისაგან. მოსარჩელე მალავს, რომ დ. მ-ის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ე. კ-ის სასარგებლოდ, საიდანაც ყოველთვიურად იღებდა სარგებელს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. მ-ეს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5433.2 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება:

დ. მ-ე იყო მოსარჩელე მ. გ-ის მეუღლე. თანაცხოვრების განმავლობაში მათ შვილი არ შესძენიათ. მოპასუხე ა. მ-ე არის გარდაცვლილი დ. მ-ის შვილი პირველი ქორწინებიდან.

დ. მ-ე გარდაიცვალა 2010 წლის 8 ნოემბერს. ქ. ქუთაისში, ა-ის გამზირ ¹138-ში მდებარე ¹57 სამკვიდრო ბინა მემკვიდრეობით მიიღეს დ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა მეუღლემ _ მ. გ-ემ და შვილმა _ ა. მ-ემ თანაბარი უფლებით. ა. მ-ეს მამის მკურნალობის, დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის გაწეულ ხარჯებში მონაწილეობა არ მიუღია.

სს «... საავადმყოფოს» გენერალურ დირექტორ კ. ხ-ის მიერ გაცემული ¹42 წერილით დასტურდება, რომ 2010 წლის 26 ოქტომბერს საავადმყოფოსა და მ. გ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა მოქალაქე დ. მ-ეს, რომლის მკურნალობის თანხამ შეადგინა 2630.75 Lლარი, საიდანაც მ. გ-ეს გადახდილი აქვს 2165 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 465.75 ლარს.

შპს «... საავადმყოფოში» დ. მ-ეს ჩაუტარდა მკურნალობა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 3345.73 ლარი, საიდანაც მ. გ-ის მიერ ანაზღაურებულია 500 ლარი, დარჩენილი დავალიანება არის 2845.73 ლარი.

სს «...ქირურგიულ ცენტრში» დ. მ-ეს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა, რომლის საფასური 170 ლარი გადაიხადა მ. გ-ემ.

2010 წელს დ. მ-ეს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება «აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობრის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში», რომლის ღირებულებამაც შეადგინა 210 ლარი.

ინდივიდუალურმა მეწარმე «გ. ლ-ამ» დ. მ-ის სახელზე ჩაატარა სარიტუალო მომსახურება, რომლის ღირებულება _ 480 ლარი გადაიხადა მ. გ-ემ.

2010 წლის 14 ნოემბერს შპს «ბ-ში» ჩატარდა დ. მ-ის ქელეხის სუფრა 200 კაცზე, რომლის ხარჯმა შეადგინა 1000 ლარი. იმავე დარბაზში 2010 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა დ. მ-ის ორმოცის სუფრა, რომლის ხარჯმაც შეადგინა 400 ლარი.

შპს «ნიკეას სასაფლაოს» საფლავის ¹201 პასპორტით დასტურდება, რომ დ. მ-ის საფლავისათვის გამოყოფილ იქნა 7.5 მ.კვ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 350 ლარი.

სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული საფლავი გათვალისწინებულ იქნა 2 პირზე, შესაბამისად, მხოლოდ დ. მ-ის საფლავის ღირებულება უნდა განისაზღვროს 175 ლარით და განაწილდეს მხარეებს შორის.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარეებმა მიიღეს დ. მ-ის სამკვიდროს 1/2 წილი. შესაბამისად, მოპასუხე ა. მ-ე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ გადახდილი და გადასახდელი აუცილებლად მიჩნეული ხარჯი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის განჩინებით (საქმე ¹3კ/441-01) დადგენილია იმ აუცილებელი ხარჯის სტანდარტი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას და, მათ შორის, არის სარიტუალო მომსახურების, დასაფლავების, ქელეხისა და ორმოცისათვის გაწეული ხარჯები.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დ. მ-ის მკურნალობაზე გაწეული ხარჯი, ქ.ქუთაისის მერიის მიერ ანაზღაურებული 700 ლარის გამოკლებით, ანუ 5656.48 ლარი უნდა განაწილდეს თანაბრად მემკვიდრეებს შორის. ამდენად, მოსარჩელის მიერ დ. მ-ის მკურნალობისათვისა და დაკრძალვისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯი, რომელშიც მონაწილეობა მოპასუხესაც უნდა მიეღო, უნდა განისაზღვროს 10866.48 ლარით. შესაბამისად, ა. მ-ე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს დ. მ-ის მკურნალობაზე და დაკრძალვაზე გაწეული აუცილებელი ხარჯის – 10866.48 ლარის ½1/2, 5433.2 ლარი.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა დ. მ-ის მკურნალობასა და დაკრძალვაზე მ. გ-ის მიერ ხარჯების გაწევის ფაქტს და გააბათილებდა ამ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ამდენად, აპელანტის მსჯელობა ამ მტკიცებულებათა გაუზიარებლობის თაობაზე არასწორია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და არასწორად შეაფასა მტკიცებულებანი.

პალატამ სს «... საავადმყოფოს» მიერ გაცემული ¹42 წერილი ისე მიიჩნია უტყუარად, რომ 2165 ლარის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ჩეკი ან ორდერი არ არსებობდა.

შპს «...საავადმყოფოს» მიერ გაცემული ¹353 წერილით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციასა და კ. გ-ეს შორის 2010 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მკურნალობის თანხამ შეადგინა 3345.73 ლარი, საიდანაც მოსარჩელემ გადაიხადა მხოლოდ 500 ლარი. პალატას არ გამოურკვევია, რა მიზნით გადაიხადა თანხა მ. გ-ემ კ. გ-ის სახელზე გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად. არ არსებობდა არც სალაროს ჩეკი ან ორდერი, რაც მ. გ-ის მიერ თანხის გადახდას დაადასტურებდა.

პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სალაროს შემოსავლის ორდერი ან ქვითარი არ არსებობდა არც სს «...ქირურგიული ცენტრის» ¹84 ცნობას, შპს «ბ-ისა» და «... მედიცინის ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლის 30 მაისს გაცემული ¹03/256 ცნობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმე «გ. ლ-ას» მიერ გაცემულ ცნობას, სარიტუალო მომსახურების საფასური _ 480 ლარი დაფარეს მამკვიდრებლის ნათესავებმა.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები, რადგან მ. გ-ე არ იყო ა. მ-ის კრედიტორი. პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა არც სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, ვინაიდან დ. მ-ის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდრო ქონებაზე არც ერთ კრედიტორს პრეტენზია არ განუცხადებია.

სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა გამოკვლევის მარეგულირებელი საპროცესო ნორმები და არასათანადოდ განმარტა სამოქალაქო კოდექსის მუხლები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 22 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ა. მ-ეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.