Facebook Twitter

ას-1692-1676-2011 16 იანვარი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ზ-ი, ტ. ზ-ი. ნ. ც-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების მოშლილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-ამ, თ. და ტ. ზ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. ა-ის მიმართ ხელშეკრულების მოშლილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 1 დეკემბერს მ. ა-ს, ნ. ზ-სა და ნ. ციმიტიას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ბ-ის“ 2006 წლის 8 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მ. ა-ს, ნ.ზ-ისა და ნ.ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა 70 776 აშშ დოლარისა და 3 460 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა მომხდარიყო მ. ა-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით. ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 7 მარტის განკარგულების საფუძველზე აღნიშნული ბინა კრედიტორებს ნ.ზ-სა და ნ.ც-ას თანასაკთრებაში გადაეცათ. 2007 წლის 8 ნოემბერს ნ. ც-ამ და ნ. ზ-მა მოპასუხე მ. ა-თან სანოტარო ფორმის დაცვით დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებაში მყიდველად მოხსენიებულ მ. ა-ს, 2007 წლის 15 ნოემბრამდე 70000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში უნდა გადასცემოდა თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹39-ში მდებარე ¹78 ბინა. მ. ა-მა დაარღვია უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების პირობები და ნ.ზ-სა და ნ. ც-ას თანასაკუთრებაში არსებული ბინა არ გამოისყიდა.

მოპასუხე მ. ა-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მის მიერ სრულდებოდა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საქმეში არსებული მასალებით კარგად ჩანს, რომ ის მალე გადაიხდიდა 70 000 აშშ დოლარიდან დარჩენილ თანხას – 27 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, შესრულდებოდა წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თუკი მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაირღვა ხელშეკრულების შესრულების ვადა, რის გამოც უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, მაშინ მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების მოშლისას უნდა გაეთვალისწინებინა სამოქალაქო კოდექსით კრედიტორისთვის დადგენილი დამატებითი ვადის მიცემის ან გაფრთხილების მოვალეობის შესახებ. ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები, არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ც-ასა და ნ. ზ-ს მიღებული აქვთ გადასახდელი სრული თანხის, 70 000 აშშ დოლარის, ნაწილი – 43 000 აშშ დოლარი. მათ რომ ამ ხელშეკრულების რაიმე საწინააღმდეგო ჰქონოდათ, მაშინ არც თანხას მიიღებდნენ. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, მოსარჩელე მხარეს არაფერი უხსენებია სარჩელში მიღებული თანხის უკან დაბრუნებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ას, თ. და ტ. ზ-ების სარჩელი, მოშლილად იქნა ცნობილი გამყიდველებს _ ნ. ც-ას, ნ. ზ-სა და მყიდველ მ. ა-ს შორის 2007 წლის 8 ნოემბერს სანოტარო ფორმის დაცვით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 8 ნოემბერს ნ. ც-ას, ნ. ზ-სა და მ. ა-ს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ამ გარიგების თანახმად, ნ. ც-ამ და ნ. ზ-მა ნება გამოხატეს მ. ა-ისათვის მიეყიდათ თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹39-ში მდებარე ¹78 ბინა იმ პირობით, თუ მყიდველი მ. ა-ი 2007 წლის 15 ნოემბრამდე გადაიხდიდა 70 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მხარეებმა ამ პირობის შესრულებას და ვადას დაუკავშირეს ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რომლითაც გამყიდველები (ნ. ც-ა და ნ. ზ-ი) მყიდველს (მ. ა-ს) გადასცემდნენ საკუთრების უფლებას ხელშეკრულების საგანზე. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაც «ბე». ჯერ კიდევ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე მ. ა-მა ნ. ც-ასა და ნ. ზ-ს ,,ბეს» ანგარიშში გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დავას არ იწვევდა და ამასთან, საქმეში მტკიცებულებების სახით წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «ბ-ის» მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს მიღებული ¹01/06-200 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის 7 მარტს გაცემული ¹01/33-25 განკარგულების ასლებით დადასტურებული იყო ის გარემოებები, რომ ნ. ც-ას, ნ. ზ-სა და მ. ა-ს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობები. ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში კრედიტორებს (ნ. ც-ასა და ნ. ზ-ს) მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ნატურით გადაეცათ თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹39-ში მდებარე, მ. ა-ის კუთვნილი ბინა ¹78. სამკვიდრო მოწმობის ასლით დადასტურებულია, რომ სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, გამყიდველად წოდებული ნ. ზ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 19 სექტემბერს და მისი დანაშთი სამკვიდრო (აქტივი და პასივი) მიიღეს შვილებმა თ. და ტ. ზ-ებმა, რაც ადასტურებს მათ უფლებამონაცვლეობას აწ გარდაცვლილი დედის _ ნ. ზ-ის უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹39_ში მდებარე ¹78 ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრე იყო მოსარჩელე ნ. ც-ა, ხოლო 1/2 ნაწილის თანამესაკუთრეები იყვნენ მოსარჩელეები თ. და ტ. ზ-ები. ამასთან, დადასტურებული იყო ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ბინა სადავო ხელშეკრულების საფუძვლით დატვირთული იყო მოპასუხე მ. ა-ის მომავალი საკუთრების უფლებით. მხარეთა შორის სადავოდ იყო ქცეული ის გარემოება, თუ რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გადახდილი მოპასუხე მ. ა-ს 2007 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ მ. ა-ს ხელშეკრულების ვადის დარღვევით, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ჰქონდა შესრულებული თავისი ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ თუ გათვალისწინებული იქნებოდა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მას მოსარჩელეთათვის გადასახდელი ექნებოდა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მ. ა-ს გადაწყვეტილების გამოტანის დღისათვის სრულად არ შეუსრულებია 2007 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა მინიმუმ 27 000 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის (ხელშეკრულების მოშლის) პირობებსა და წესს. ამ მუხლის პირველი ნაწილი ხელშეკრულების მოშლას უკავშირებს კონტრაგენტის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას ან მის ნაწილობრივ დარღვევას. ამასთან, კანონი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობას არ განიხილავს ხელშეკრულების უპირობო მოშლის საფუძვლად და ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით კრედიტორს ბოჭავს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების გამოყენების ვალდებულებით, თუმცა კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც აუცილებლობას არ წარმოადგენს დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულება დაიდო კრედიტორების – ნ. ც-ასა და ნ. ზ-ის მხრიდან, მ. ა-ისათვის ანგარიშის გასაწევად, რათა მისცემოდა ბინის შენარჩუნების საშუალება. ამასთან, სადავო ხელშეკრულების დადება არ იყო განპირობებული მხოლოდ ამ გარემოებით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა კრედიტორთა ინტერესები, კერძოდ, კონკრეტული ვადის დათქმით მათ მიეღოთ თავის დროზე მ. ა-ისათვის სესხად გადაცემული და კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით აღიარებული (დადასტურებული) თანხა. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ა-ის მიერ ჯერ კიდევ 2007 წლის 15 ნოემბრისათვის შესასრულებელი ვალდებულება არ იყო სრულად შესრულებული. აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი და არა – ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, დაუსაბუთებელია.

პალატის აზრით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ა-ის სამომავლო საკუთრების უფლება, დასტურდებოდა მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესის არსებობა და ამას განაპირობებდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მიმართ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი, თუმცა გადაწყვეტილებაში აღნიშნულის შესახებ არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა 2007 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების შინაარსი, ასევე შეფასების გარეშეა დარჩენილი ხელშეკრულების დარღვევის შემდგომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. ხელშეკრულებაში აღნიშნული არაა თანხის გადახდის კონკრეტული თარიღი, არამედ საუბარია გონივრულ ვადაზე, ამასთან, ხელშეკრულების შინაარსი არ შეიცავს დათქმას, რომ, იმ შემთხვევაში თუ მ. ა-ის მხრიდან არ შესრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულება შეწყდებოდა და მხარეებს დაუბრუნდებოდათ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულების დადებით მიიღეს. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ მ.ა-მა შეასრულა ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი, 70 000 აშშ დოლარიდან გადახდილ იქნა 43 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 27 ათასი აშშ დოლარი. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ გამყიდველებმა შესრულება მიიღეს ვადის დარღვევით და უარი არ განუცხადებიათ მის მიღებაზე, თუკი კრედიტორებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვადას, მათ არ უნდა მიეღოთ შესრულება და იმთავითვე დაეყენებინათ საკითხი ხელშეკრულებიდან გასვლაზე, თუმცა მათ მიიღეს ვადის დარღვევით გადახდილი თანხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად ცნობა. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.