Facebook Twitter

ას-1695-1679-2011 9 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ. ც-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ც-ამ მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე დაწესებულების 2011 წლის 14 იანვრის ¹1/კ-37 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორად რ. ც-ას რეგისტრაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 25 ივლისის ¹543 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ამავდროულად, მოსარჩელემ მოითხოვა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა (ტომი 1, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 14 იანვრის ¹1კ-37 ბრძანების გამოცემისას არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, მოსარჩელე რ. ც-ას მოთხოვნა ამ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა ასევე სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა უშუალოდ გამომდინარეობდა სარჩელის პირველი მოთხოვნიდან, რომელიც სასამართლომ ჩათვალა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად (ტომი 1, ს.ფ. 126-135).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 145-155).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით რ. ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2007 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საფუძველზე რ. ც-ა დირექტორად წარდგენილ იქნა სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლაში;

2007 წლის 25 ოქტომბერს, სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მოსარჩელე რ. ც-ას, როგორც ამავე სკოლის დირექტორს, შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც რ. ც-ას შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 300 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ამავე სამინისტროში შესული, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის და წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის _ მოსარჩელის რეკომენდაციების (07/33868-02, 09.10.09; ¹04/38029-11, 10.11.09; ¹04/41265-06, 07.12.09) საფუძველზე შეისწავლა სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის საკითხი;

გენერალური ინსპექციის დასკვნაში დეტალურად აისახა, თუ რა დარღვევები გამოვლინდა სკოლაში. აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხე დაწესებულების გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ¹407 ბრძანებით სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლას მიეცა გაფრთხილება. სკოლას დაევალა დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სამინისტროში ინფორმაციის წარდგენა;

ბრძანება სკოლას ჩაბარდა 2010 წლის 29 ივნისს. შესაბამისად, სკოლის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოპასუხე სამინისტროში ინფორმაციის წარდგენის ერთთვიანი ვადა იწურებოდა 2010 წლის 29 ივლისს;

დასახელებული ბრძანება სკოლის (მისი დირექტორის) მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა;

რ. ც-ას, როგორც წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის წერილი (ინფორმაცია) გენერალური ინსპექციის დასკვნაზე რეაგირებასა და დარღვევებთან დაკავშირებით სკოლაში გატარებული ღონისძიებების შესახებ, მოპასუხე სამინისტროს ჩაბარდა 2010 წლის 16 დეკემბერს. მოსარჩელის განმარტებით, მან გაცილებით ადრე (2010 წლის 27 ივლისს), სკოლისათვის მიცემულ ვადაში, მესამე პირის მეშვეობით იგივე წერილი (ინფორმაცია) გაუგზავნა მოპასუხე სამინისტროს, რომელსაც ეს წერილი ადრესატისათვის არ ჩაუბარებია;

2011 წლის 6 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც, რ. ც-ას ერთი და იმავე შინაარსის კორესპონდენცია სამინისტრომ მიიღო ორჯერ: 2010 წლის 10 სექტემბერს და 2010 წლის 16 დეკემბერს. ამ კორესპონდენციის შესწავლის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სკოლას არ აღმოუფხვრია გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებული დარღვევები, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ რ. ც-ასათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გაფრთხილებით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში დარღვევებზე რეაგირების თაობაზე ანგარიშის წარდგენის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. ც-ამ ზემოაღნიშნულ დარღვევებზე არ მოახდინა სათანადო რეაგირება და მათ აღმოსაფხვრელად არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები. ეს ნიშნავდა, რომ მოსარჩელემ არასრულად აღმოფხვრა აღნიშნული დარღვევები.

სააპელაციო სასამართლო საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 2011 წლის 11 იანვრის მოხსენებითი ბარათით მიმართა მინისტრს წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ რ. ც-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის დავალების თაობაზე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2011 წლის 14 იანვარს გამოსცა ¹1/კ-37 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ წალენჯიხის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორად რ. ც-ას რეგისტრაცია, გარდა ამისა, ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის 543 ბრძანების დანართში და ამოღებულ იქნა პუნქტი ¹521; სადავო ბრძანებაში, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად, სხვა აქტებთან ერთად, მითითებულია «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 49-ე მუხლის მე-7 პუნქტზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 30-ე მუხლებით, «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-12, 44-ე, 49-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებთან (და შრომით დავებთან) მიმართებით, სპეციალურ კანონს წარმოადგენს საქართველოს კანონი «ზოგადი განათლების შესახებ». ამ კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დადგინდა წერილობით გართხილებაში მითითებული დარღვევების დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიერ აღმოუფხვრელობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ¹1/კ-37 ბრძანება გამოიცა კანონის დაცვით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს (ტომი 2, ს.ფ. 33-42).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ც-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, სადაც გაწერილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარეს, რ. ც-ასათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად მოყავს შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა, კერძოდ ის, რომ მოსარჩელეს არ აღმოუფხვრია გენერალური ინსპექციის დასკვნაში ასახული დარღვევები. ეს არის არასწორი, რადგან კასატორმა მითითებული დარღვევები აღმოფხვრა სრულად, განსაზღვრულ დროში. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში გაასწორა 2009 წლის სექტემბრის უწყისში არსებული დარღვევა, რაც შესწორების სახით შეიტანა 2009-2010 სასწავლო წლის ივნისის საანგარიშო-საგადასახადო უწყისში. აღნიშნული დასტურდება სახელფასო უწყისით, აგრეთვე, ამონაწერით შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალიდან;

კასატორის მოსაზრებით, დასკვნაში მითითებული დარღვევა სკოლის შინაგანაწესის დამტკიცებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი დამტკიცებულია «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საჯარო სკოლის შინაგანაწესი, სკოლის დირექტორის წარდგინებით დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ, რაც დასტურდება სკოლის შინაგანაწესზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით. გენერალურ ინსპექციაში წარდგენილია 2009-2010 სასწავლო წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომათა ოქმის ასლი სხდომაზე დამსწრე პირთა სააღრიცხვო ფურცელთან ერთად, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. დასკვნაში აღნიშნული ბრალდება, თითქოს სკოლამ დაარღვია სკოლის მოსწავლეების (თ.ნინავას, ც.ც-ას, ბ.მიქავას, გ.ც-ას) უფლებები, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან დასახელებულ მოსწავლეებს სხვა დროსაც ჰქონდათ მიცემული დისციპლინური დარღვევები. სკოლაში უსაფრთხო და მშვიდი სამუშაო ატმოსფეროს შესაქმნელად საჭირო გახდა მათი განთავსება ცალ-ცალკე. გათვალისწინებულ იქნა აგრეთვე მათი მშობლების და მასწავლებლების თხოვნა და ბავშვები უპრობლემოდ იქნენ გადაყვანილნი სხვადასხვა სკოლაში. აღმოფხვრილი იქნა ასევე მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პრობლემაც, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი შეიძლებოდა დადებულიყო ზეპირი ფორმითაც. ამას ადასტურებენ სკოლის მასწავლებლები. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტით, დირექტორის ბრძანება მასწავლებელზე საათების განაწილების შესახებ, უთანაბრდება შრომით ხელშეკრულებას, ხოლო 2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან მასწავლებლებთან დადებულია წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები (ტომი 2, ს.ფ. 45-52).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ. ც-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ც-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ც-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ. ც-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.