ბს-293-231-კ-05 13 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ 2002წ. 11 მარტს გამოსცა ¹27 ბრძანება ბ. ღ-ის (მიწის გადასახადის გადამხდელის) ქონების დაყადაღების შესახებ.
2003წ. 9 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოპასუხე ბ. ღ-ს 2002წ. 1 სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის დავალიანება ერიცხებოდა 354 ლარის ოდენობით, რაზედაც გაეგზავნა ¹50 შეტყობინება გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელიც ჩაჰბარდა 7 სექტემბერს, 2002წ. 24 სექტემბერს გაეგზავნა ¹5/2 შეტყობინება ქონების დაყადაღების შესახებ, რომელიც ჩაჰბარდა 2003წ. 26 იანვარს. ¹27 ბრძანების საფუძველზე მოხდა ბ. ღ-ის კუთვნილი ქონების დაყადაღება, რომელიც ბ. ღ-ს არ გაუსაჩივრებია, რითაც ფაქტობრივად აღიარა ვალი.
ყვარლის რაიონის სასამართლომ მოპასუხის დაუსწრებლად განიხილა საქმე, ვინაიდან სხდომაზე გამოცხადებულმა ბ. ღ-ის მეუღლემ განაცხადა, რომ მოპასუხე ორი წლის წინ წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ და უახლოეს თვეებში არ ელოდება, მას კი სასამართლოსთვის არ წარუდგენია სსკ-ის 96-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება და ნება დართო საგადასახადო ინსპექციას, ღია სპეციალიზებულ აუქციონზე გაეყიდა მოპასუხის – ბ. ღ-ის ყადაღადადებული ქონება _ 0,75-ჰა მიწის ნაკვეთი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2003წ. 1 სექტემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ღ-მა და მოითხოვა ყვარლის რაიონის სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
2000წ. 30 ოქტომბერს ბ. ღ-სა და ყვარლის რაიონის გამგეობას შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 45წ. ვადით, რომლის შესაბამისად, ბ. ღ-ს ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე გამოეყო 159 ჰა. საზაფხულო საძოვარი საკუთარი ცხვრის საბალახოდ, რისთვისაც ყოველწლიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 477 ლარის ოდენობით. მეიჯარემ ბ. ღ-ს გადაახდევინა 2001წ. საიჯარო ქირა სრული ოდენობით _ 477 ლარი, ხოლო 2002წ. ქირა ნაწილობრივ _ 244 ლარი, მაგრამ მის მიერ საიჯარო ქირის წინასწარ გადახდის მიუხედავად, ვერ დაეუფლა საიჯარო ნაკვეთს, რადგან ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა სოფ. ... მცხოვრებ რ. ზ-ს. 2001წ. 16 ივლისს ბ. ღ-მა განცხადებით (რეგისტრაციის ¹153) მიმართა ყვარლის რაიონის გამგეობას, რომ ვერ დაეუფლა მიწის ფართობს და მოითხოვა აღმოეჩინათ დახმარება. მიუხედავად ამისა, გამგეობამ არავითარი ზომები არ მიიღო, ხოლო ბ. ღ-ის განცხადებით, იგი იძულებული გახდა, იმისათვის, რომ ცხვარი არ დახოცოდა, სოფ. ... მცხოვრები ა. ჩ-ისათვის გადაეხადა 400 ლარი და მისთვის გამოყოფილ საიჯარო საძოვარზე დაებინავებინა ცხვარი. 2002 წელსაც იგივე განმეორდა და ყვარლის რაიონის გამგეობასა და ბ. ღ-ს შორის შეწყვეტილ იქნა საიჯარო ხელშეკრულება, რადგან ყვარლის რაიონის გამგეობამ არ შეასრულა საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ ჩააბარა საიჯარო საძოვარი. აპელანტმა აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მოთხოვნები, კერძოდ: სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომელ საგადასახადო ინსპექციას მიეცა ამ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვის უფლება.
სააპელაციო პალატამ 2004წ. 18 თებერვალს, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმე არსებითად განიხილა და გამოიტანა გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე. ბ. ღ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნება დაერთო თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, ღია სპეციალიზებულ აუქციონზე გაეყიდა ბ. ღ-ის ყადაღადადებული ქონება _ 0,75-ჰა მიწის ნაკვეთი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ბ. ღ-ს გაეგზავნა შეტყობინება გირავნობისა და იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელიც ჩაიბარა მისმა ოჯახის წევრმა 2002წ. 7 სექტემბერს. 2002წ. 24 სექტემბერს მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება ქონების დაყადაღების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაცული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ხოლო 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ღ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველ ინსტანციაში განსახილველად დაბრუნებას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განცხადებით, 2001წ. ნოემბრიდან 2004წ. დეკემბრამდე იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაც დასტურდება ყვარლის რაიონის გრემის თემის საკრებულოს ცნობის საფუძველზე. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო საქმის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილვის თაობაზე, ასევე საქმის მასალებში არ მოიპოვება ყვარლის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიერ დადასტურებული უწყება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია. მხოლოდ ასეთი უწყების მიღების შემდეგ ჰქონდა სასამართლოს მოპასუხის დაუსწრებლად საქმის განხილვის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დარღვეულია სსკ-ის მე-2, მე-4, 70-ე და 78-ე მუხლები, რითაც მას წაერთვა უფლება, სასამართლოს წესით დაეცვა საკუთარი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
მოწინააღმდეგე მხარემ, თელავის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ღ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და მას ნება დაერთო ღია სპეციალიზებულ აუქციონზე ბ. ღ-ის დაყადაღებული ქონების _ 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 11 მარტის ¹27 ბრძანების მიხედვით, კასატორ ბ. ღ-ს ერიცხება მიწის გადასახადის დავალიანება 354 ლარი. წარმოდგენილია ასევე 2002წ. 24 სექტემბრის ¹512 შეტყობინება, საგადასახადო კოდექსის 244-245-ე მუხლების საფუძველზე, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რაც ბ. ღ-ს არ გაუსაჩივრებია. მოსარჩელე, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელით მოითხოვდა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას (უფლების მინიჭებას), რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ. კასატორი ბ. ღ-ი არც რაიონულ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ გამოცხადდა, მაგრამ სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2000წ. 30 ოქტომბერს ყვარლის რაიონის გამგეობასთან დადო მიწის იჯარის ხელშეკრულება 49წ. ვადით 159 ჰა საძოვარზე და საიჯარო ქირა შეადგენდა 477 ლარს წელიწადში. აპელანტი მიუთითებდა, რომ ნაწილობრივ გადაიხადა საიჯარო ქირა და დარჩენილი ჰქონდა 2002წ. ქირა _ 233 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი არ არის ბ. ღ-სა და ყვარლის რაიონის გამგეობას შორის დადებული მიწის იჯარის ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 11 მარტის ¹27 ბრძანებაში მითითებული, ბ. ღ-ზე რიცხული დავალიანება 354 ლარი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის დავალიანებას თუ მიწის საიჯარო ქირის დავალიანებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან საგადასახადო კოდექსის 244-247-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები, გადასახადის გადამხდილის ქონებაზე გირავნობისა და იპოთეკის უფლება, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრირების ღონისძიებებს ურჩ გადამხდელთა მიმართ და გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო სამართალურთიერთობაში, ხოლო გამგეობასთან მიწის იჯარის ხელშეკრულება წარმოადგენს არა საგადასახადო სამართალურთიერთობას, არამედ ადმინისტრაციული გარიგებიდან, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავას და იგი საგადასახადო კოდექსის 244-247-ე მუხლებით არ რეგულირდება. ამიტომ სასამართლომ საქმის ხელახლა, არსებითი განხილვისას შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2003წ. ¹27 ბრძანებასა და სარჩელში მითითებული თანხა 354 ლარი წარმოადგენს ბ. ღ-ის, როგორც გადასახადის გადამხდელის დავალიანებას თუ გამგეობასთან დადებული საძოვრის იჯარის ქირას. აღნიშნული უმთავრესი გარემოების დადგენის შემდეგ, საკასაციო პალატის აზრით, შესაძლებელი გახდება დავის სწორად გადაწყვეტა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საგადასახადო კოდექსის 245-ე და 247-ე მუხლებთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადახდევინების მიზნით უფლება აქვს ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას, რომლის რეალიზაციაც უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თუ გადამხდელი თავად არ გადაიხდის გადასახადს, მაგრამ საკასაციო პალატა ყურაღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ყადაღის დადება და შემდგომ რეალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონებისა. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და ნება დართო სპეციალიზებულ აუქციონზე ბ. ღ-ის დაყადაღებული ქონების _ 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის რეალიზაცია, მაგრამ სასამართლოს არ გამოუკვლევია, აღნიშნული 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბ. ღ-ის საკუთრებას, თუ ეს არის 2000 წელს ყვარლის რაიონის გამგეობიდან 49წ. ვადით იჯარით აღებული 159 ჰა მიწის ნაკვეთის (საძოვარი) ნაწილი, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, ასევე მნიშვნელოვანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ბ. ღ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საქმეზე სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.