ას-1696-1680-2011 20 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ., ნ. და გ. გ-ეების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «... ბანკის» სარჩელის გამო, ბ. გ-ის, ნ. გ-ისა და გ. გ-ის მიმართ, სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის, ნ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულად არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ბ., ნ. და გ. გ-ეების საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 22 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა ა. ც-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. ც-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ბ., ნ. და გ. გ-ეების წარმომადგენელ ა. ც-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა დ. ს-ეს 2012 წლის 3 იანვარს (ტ.III, ს.ფ.108).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. გამომდინარე იქიდან, რომ ა. ც-ეს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, დ.სალაძისათვის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს უშუალოდ მისთვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 4 იანვარს და ამოიწურა 2012 წლის 8 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 8 იანვარი დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2012 წლის 9 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის, გ. გ-ისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.