Facebook Twitter

ას-1717-1700-2011 23 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ა-ი

წარმომადგენელი _ დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. გ-ას მიმართ და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა შემდეგი დასაბუთებით: 1994 წელს გ. მ-ისაგან 100 000 რუსულ რუბლად შეიძინა ქ.საგარეჯოში, კ-ას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, სადაც დღემდე ცხოვრობს, რეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს. გ. მ-მა სახლის გაფორმებისათვის მინდობილობაც გადასცა, თუმცა ფართის საკუთრებაში აღრიცხვა ვერ შესძლო, ვინაიდან მინდობილობას გაუვიდა ვადა. მოპასუხე ტ. გ-ამ ისარგებლა ამ გარემოებით, შეცდომაში შეიყვანა გ. მ-ი, მიიღო მისგან მინდობილობა და საკუთარ სახელზე აღრიცხა სხვისი ქონება.

მოპასუხე ტ. გ-ამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, გ. მ-თან გააფორმა თანხის ეტაპობრივად გადახდის შემდეგ, მოსარჩელე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

საგარეჯოს საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ა-ი და ტ. გ-ა 2004 წლამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. 1990 წელს შეეძინათ საერთო შვილი. 1994 წელს გ. მ-ისაგან 100 ათას რუსულ რუბლად, კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, მხარეებმა იყიდეს ქ. საგარეჯოში, კ-ას ქუჩა ¹30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სადაც 2004 წლამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. მითითებული უძრავი ქონების გადაფორმების მიზნით, 2009 წლის 1 ოქტომბერს გ. მ-მა მინდობილობა გასცა ტ. გ-ას სახელზე. ამ მინდობილობის საფუძველზე, ეს უძრავი ქონება 2009 წლის 12 ოქტომბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. მ-ის სახელზე. 2009 წლის 26 ოქტომბერს სადავო სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ტ. გ-ას სახელზე, იმავე წლის 15 ოქტომბერს ტ. გ-ას, როგორც გ. მ-ის წარმომადგენელსა და ტ. გ-ას შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო სახლში ცხოვრობს ნ. ა-ი, რომელიც ამ მისამართზე რეგისტრირებულია 2006 წლიდან. ნ. ა-ი სადავო საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით, სახლის დღევანდელი მესაკუთრისათვის მოპასუხე ტ. გ-ასათვის სახლის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

პალატამ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობები არ საჭიროებს სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას და ისინი უნდა დარეგულირდეს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებული ურთიერთობები საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაშიც გრძელდება და ვალდებულებები, რომლებიც ამ კანონის თანახმად, ეკისრება თავდაპირველ მესაკუთრეს, საცხოვრებელი სადგომის გასხვისების შემთხვევაში გადადის ახალ მესაკუთრეზე, თუმცა იმისათვის, რომ მოცემულ ურთიერთობებზე გავრცელდეს მითითებული კანონის მოქმედება, აუცილებელია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობა თავდაპირველ მესაკუთრე - გ. მ-სა და მოსარჩელე ნ. ა-ს შორის, რაზედაც მოსარჩელეს არ მიუთითებია. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ა) პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე განსაზღვრულია როგორც პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციული აქტით. სარჩელიდან ირკვევა, რომ ნ. ა-მა 1994 წელს გ. მ-ისაგან 100 000 რუბლად შეიძინა ქ. საგარეჯოში, კ-ას ქ. ¹30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. გ. მ-ისაგან მას გადაეცა ბინის გასაფორმებლად საჭირო საბუთები, თუმცა უყურადღებობის გამო, ვერ მოახერხა სახლის გადაფორმება, რითაც ისარგებლა მოპასუხე ტ. გ-ამ და 2009 წელს სახლი მოტყუებით აღრიცხა თავის სახელზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული დავა არ გამომდინარეობს ხსენებული კანონიდან და შესაბამისად, ამ დავაზე არ შეიძლება გავრცელდეს მისი დებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი და მიიჩნია, რომ მას და სახლის ყოფილ მესაკუთრე გ.მ-ს შორის არ უნდა მოწესრიგდეს ზემოთ ხსენებული კანონით. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ 1994 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში, 2006 წლიდან იქ არის ჩაწერილი და რეგისტრირებული, იხდის კომუნალურ და მიწის გადასახადებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომზე მესაკუთრედ ცნობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის დაუბრუნდეთ დ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ნ. ა-ის დაუბრუნდეთ დ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.