Facebook Twitter

ას-1726-1708-2011 9 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ე. ე-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ს-მა მოპასუხე ე. ე-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის აუქციონაზე რეალიზაციით და ამონაგები თანხის მესაკუთრეთა შორის წილების შესაბამისად განაწილება (ტომი I, ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება თბილისში, ვარკეთილის დასახლების ... ¹12 კორპუსში მდებარე ბინაში (ფართით 61.31კვ.მ), აღნიშნული ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა სადავო ბინის მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად, კერძოდ, ა. ს-ს გადაეცა ამონაგები თანხის 1/2½ნაწილი, ხოლო მოპასუხე ე. ე-ას ასევე - 1/2 ნაწილი (ტომი I, ს.ფ. 105-109).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ე-ამ (ტომი I, ს.ფ. 114-125).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ე. ე-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა თბილისში, ვარკეთილის დასახლების ... ¹12 კორპუსში მდებარე ¹100 ბინაზე საზიარო უფლების გაუქმების მიზნით ბინის აუქციონზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის მხარეებს შორის განაწილება, თანამესაკუთრეებს შორის მათი წილების პროპორციულად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ვრცელდება ა. ს-ის და ე. ე-ას თანასაკუთრების უფლება, თითოეულზე 1/2-1/2 ნაწილის პროპორციულად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის 1/2 ნაწილზე ა. ს-ის საკუთრების უფლება იყო სადავო, რადგან 1993 წლის 3 ივნისს სახელმწიფო ნოტარიუს ა.რუხაძესთან შედგენილი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა ა. ს-მა იყო ყალბი, ვინაიდან მასზე მოსარჩელის ხელმოწერის ნამდვილობის საკითხი ეჭვს იწვევდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლზე, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ა. ს-ი წარმოადგენდა სადავო ნივთის 1/2 ნაწილზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მსჯელობის საგანი ვერ იქნებოდა 1993 წლის 3 ივნისს ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყოფითა და ამონაგების განაწილებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეები იყვნენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (კორპუსში) მდებარე საცხოვრებელი ბინის თანსამესაკუთრეები. ბინა წარმოადგენდა საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. სადავო უძრავ ქონებას ჰყავდა ორი თანამესაკუთრე, რომლებსაც ეკუთვნოდათ უძრავი ქონებიდან 1/2-1/2 წილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა იყო შეუძლებელი, რამდენადაც სადავო ბინა წარმოადგენდა მრავალბინიან სახლში მდებარე ერთოთახიან იზოლირებულ ბინას. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 21 ივნისის ¹5019 საექსპერტო დასკვნაზე, რომლის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებაში მყოფი ბინის 1/2 იდეალურ წილებად გაყოფა სამშენებლო ნორმების და წესების თანახმად, იყო შეუძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის საზიარო უფლების სადავო საგანი (ბინა) გაყოფადი არ იყო, რის გამოც მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო მისი გაყიდვით (ტომი II, ს.ფ. 58-63).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. 2001 წელს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება კანონდარღვევით არის დადებული და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შესაბამის პირებს. პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც გაცემულია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ, დადეს არაუფლებამოსილმა პირებმა. ნათელია, რომ ეს ხელშეკრულება არის ყალბი. სწორედ ამ ყალბი საბუთით ამტკიცებს ა. ს-ი თავის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე. ამის შესახებ კასატორმა არაერთხელ განაცხადა, მაგრამ სასამართლომ მითითებული გარემოება ყურადღების მიღმა დატოვა, რაც კანონსაწინააღმდეგოა;

საგულისხმოა, რომ ა. ს-ი წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გალინა მამედოვასთან და ის არასდროს ყოფილა ჩაწერილი სადავო ბინაში, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრის ცნობებით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ა. ს-ი თანამესაკუთრედ არის აღიარებული;

სასამართლოს უნდა შეემოწმებინა სარჩელსა თუ საჩივარში მითითებული გარემოებები და გადაწყვეტილება მის შესაბამისად უნდა გამოეტანა. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ა. ს-ის მიმართ დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით. რამდენადაც, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, სასამართლო უნდა დალოდებოდა სათანადო ორგანოების მიერ შესაბამისი გამოძიების ჩატარების შედეგებს (ტომი II, ს.ფ. 68-76).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ე. ე-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ე-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ე-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ე-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ე. ე-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.