Facebook Twitter

ას-1728-1710-2011 23 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. მ-ე

წარმომადგენელი _ ვ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. მ-ის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 13 დეკემბერს თ. ს-სა და ლ. მ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ. ს-მა ლ. მ-ეს ორი თვის ვადით, წლიური 3% სარგებლის დარიცხვით ასესხა 17 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. მ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ქ-ის შესახვევის 21-ე კორპუსში მდებარე ¹64 ბინა. ლ. მ-ეს არ დაუბრუნებია ნასესხები თანხა და არც სარგებელი გადაუხდია.

მოპასუხე ლ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. 2007 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელე თ. ს-თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხი აიღო 2 თვით და უნდა დაებრუნებინა 2008 წლის 13 თებერვალს. მოსარჩელე ვალდებული იყო, სარჩელი სასამართლოში წარედგინა 2011 წლის 13 თებერვლამდე. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 15 მარტს. შესაბამისად, მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით ლ. მ-ემ თ. ს-ისაგან ისესხა 17 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით თვეში 3% სარგებლის გადახდის პირობით. იმავე ხელშეკრულებით აღნიშნული ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ქ-ის შესახვევ №21-ში მდებარე ლ. მ-ის კუთვნილი ¹64 ბინა. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ლ. მ-ე ვალდებული იყო, 2008 წლის 13 თებერვლამდე შეესრულებინა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, დაებრუნებინა სესხი 17 000 აშშ დოლარი და გადაეხადა მასზე დარიცხული ორი თვის სარგებელი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით. ლ. მ-ეს 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით ლ. მ-ის მიმართ თ. ს-მა 2009 წლის 21 სექტემბერს წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია შპს ,,სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში». აღნიშნული არბიტრაჟის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტის მოთხოვნა. შპს ,,სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟის” 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე, 626.3 და 417-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულება არ ყოფილა შესრულებული, ლ. მ-ეს მართლზომიერად დაეკისრა კრედიტორის მიერ დაყენებული მოთხოვნის ფარგლებში პირგასამტეხლოს გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის, ამავე კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სარჩელი განხილვისათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს როგორც სასამართლო, ასევე კერძო არბიტრაჟი მხარეთა მიერ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში. მართალია, სამართალწარმოება საქართველოში ხორციელდება საერთო სასამართლოების მეშვეობით, მაგრამ სახელმწიფო “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შემოღებით უზრუნველყოფს სამართალწარმოების ალტერნატიულ საშუალებას. ამავე დროს, სასამართლო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებელი ერთ-ერთი შტო, უფლებამოსილია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გადასინჯოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და შეამოწმოს პირის უფლების ხელყოფის ფარგლები. საკითხის სადავოობა, ვარგისია თუ არა ერთ-ერთი მხარის მიერ გამოხატული ნება საარბიტრაჟო განხილვისათვის, არ შეიძლება შეფასდეს იმგვარად, რომ არბიტრაჟი არ წარმოადგენს სამოქალაქო უფლების დაცვისათვის კომპეტენტურ ორგანოს, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელი განხილულია არბიტრაჟის მიერ და არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. საარბიტრაჟო შეთანხმებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სადავოობა წარმოადგენს სასამართლოში დამოუკიდებელი განხილვის საგანს. მასთან დამოკიდებული გარემოებების შეფასება მოითხოვს სპეციალურ გამოკვლევას. ასეთი სახის პრეტენზიის არსებობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ვერ გახდება არბიტრაჟის არაკომპეტენტურობის ცალსახად დადგენის საფუძველი, ასეთი დასკვნის საარბიტრაჟო განხილვის ეტაპზე გამოტანის შეუძლებლობა კი გამორიცხავს სარჩელის განხილვისათვის არბიტრაჟის არაკომპეტენტურ ორგანოდ მიჩნევას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას უკავშირებს სარჩელის შეტანას. სარჩელის განხილვისათვის კი, როგორც აღინიშნა, კომპეტენტური შეიძლება იყოს როგორც სასამართლო, ასევე კერძო არბიტრაჟი. სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ თ. ს-ის მიერ 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით 2009 წლის 21 სექტემბერს შეწყდა შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელიც დაიწყო 2008 წლის 13 თებერვლიდან. სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო განხილვის შედეგის ბათილობა კი წარმოადგენდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის საფუძველს. თ. ს-ის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით 2009 წლის 21 სექტემბერს შეწყდა შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 29 აპრილს, სარჩელი კი, სასამართლოს წარედგინა 2011 წლის 5 აპრილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით : 2007 წლის 13 დეკემბერს თ. ს-სა და ლ. მ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ. ს-მა ლ. მ-ეს ორი თვის ვადით, წლიური 3% სარგებლის დარიცხვით ასესხა 17 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. მ-ის უძრავი ქონება. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2011 წლის 15 მარტს კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან რამდენიმე თვეში. მას სახელშეკრულებო მოთხოვნიდან წარმოშობილ ვალდებულების მიმართ მოთხოვნის უფლება ჰქონდა 2008 წლის 13 დეკემბრიდან 2011 წლის 13 თებერვლამდე. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.