ბს-293-278(კ-06) 1 აგვისტო, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ პ. ძ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მეორე სახის პენსიის დანიშვნა და ერთი წლის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა პ. ძ-ემ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მეორე სახის (მოხუცებულობის გამო) პენსიის დანიშვნის, ასევე წინა ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა იმ საფუძვლებით, რომ წარმოადგენდა სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს, დაბადებული იყო 19... წელს, იღებდა ინვალიდობის პენსიას 45 ლარის ოდენობით. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი უარს ეუბნებოდა მეორე სახის პენსიის დანიშვნაზე (ს.ფ. 4).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პ. ძ-ის ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი) დაენიშნა მეორე სახეობის პენსია _ მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) მოხუცებულობისათვის დაწესებული მინიმალური დანამატით (84 ლარი) 2005 წლის 1 ივლისიდან, მასვე აუნაზღაურდა მიუღებელი საპენსიო თანხა 1008 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ძ-ე იყო 85 წლის და როგორც სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ყოველთვიურად იღებდა პენსიას 45 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში განმარტებული იყო, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათის მოპოვებისათვის ამ კანონის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი პირობები: ა) უნდა ყოფილიყო 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე; ბ) უნდა შესრულებოდა 75 წელი; გ) უნდა ჰქონოდა ოფიცრის წოდება ან უნდა ყოფილიყო სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი. მოსარჩელე პ. ძ-ე ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, რის გამოც მასზე უნდა გავრცელებულიყო მითითებული მუხლით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად, მას უფლება ჰქონდა, მიეღო მოხუცებულობის პენსია (28 ლარი) ორი მინიმალური პენსიის დანამატით (56 ლარი), ე.ი. 129 ლარი. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის ინვალიდობის პენსიაზე მოხუცებულობის პენსიის დამატების შედეგად ძველსა და ახალ პენსიებს შორის არსებული სხვაობის წინა 12 თვის (1008 ლარის) ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 37-38).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აპელანტის განმარტებით, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონში 2005 წლის 28 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული კანონის მე-60 მუხლის «ი-ლ» ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, რის გამოც მითითებული ნორმა მოსარჩელეზე ვერ გავრცელდებოდა (ს.ფ. 40).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, პ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ძ-ე წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის მონაწილეს და მისი პენსია შეადგენდა თვეში 45 ლარს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით გაუქმდა ამ კანონის მე-7 და მე-8 თავები და ამდენად, აღარ არსებობდა ორი სახეობის პენსია. ამასთან, «სახელმწიფო პენსიის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის «დ-ა» ქვეპუნქტით, ომის მონაწილეებს ეკუთვნოდათ პენსია 70 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ პირს ჰქონდა ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება, შეეძლო აერჩია ერთ-ერთი სურვილის მიხედვით (ს.ფ. 56-58).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ძ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი, რომლითაც გაუქმდა ამ კანონის მე-7 და მე-8 თავები. კასატორის მოსაზრებით, დავის გადაწყვეტისას სასამართლოს აღნიშნული ცვლილება არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მან სასამართლოს მიმართა 2005 წლის ივლისის თვეში, კანონში ზემომითითებული ცვლილების შეტანამდე. აღნიშნული ცვლილება მის მდგომარეობას აუარესებდა და ამ შემთხვევაში კანონს არ ჰქონდა უკუქცევითი ძალა (ს.ფ. 61-63).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით პ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, ამასთან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3, 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირებმა, რომელთაც «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მოქმედების დროს მოითხოვეს კუთვნილი საპენსიო შეღავათის მიღება, თუმცა უფლების რეალიზაცია ვერ მოასწრეს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონისა და «სახელმწიფო პენსიის შესახებ» კანონის ამოქმედებამდე, დაკარგეს აღნიშნული შეღავათის მიღების უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ამოღებულია «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-7 და მე-8 თავები და, შესაბამისად, გაუქმებულია მე-60 მუხლიც, რომელიც აღნიშნული მე-7 თავის შემადგენელ ნორმას წარმოადგენდა. იმავდროულად, მიღებულია «სახელმწიფო პენსიის შესახებ» 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი, რომლის გარდამავალი დებულებების 22-ე მუხლში მოწესრიგებულია ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების საკითხი. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულია ომის მონაწილეთა პენსიის განსხვავებული ოდენობები იმისდა მიხედვით, პირი განეკუთვნება მხოლოდ ომის მონაწილეს, ომის მონაწილე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს თუ ომის მონაწილე მესამე ჯგუფის ინვალიდს, მათ შორის, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის დადგენილია 84 ლარის ოდენობის პენსია. ამასთანავე, «სახელმწიფო პენსიის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის ოდენობაზე ნაკლები ან მისი ტოლია. ამდენად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს კანონის ძველი რედაქციის საფუძველზე კუთვნილი გარანტიების შენარჩუნებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირები, რომლების აკმაყოფილებდნენ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის პირობებს, ხოლო საპენსიო ფონდი არამართლზომიერად ეუბნებოდა უარს საპენსიო შეღავათის გავრცელებაზე და მითითებული ნორმის მოქმედების პერიოდში სასამართლო წესით მოითხოვეს კუთვნილი საპენსიო უფლებების რეალიზაცია, უნდა გაუთანაბრდნენ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ძველი კანონით მინიჭებული უკეთესი საპენსიო შეღავათის შენარჩუნების უფლების მქონე პირთა კატეგორიას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია საკითხი, მოსარჩელე პ. ძ-ეს მოპოვებული ჰქონდა თუ არა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება. აღნიშნული მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსია ენიშნებოდა 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეს, რომელიც უნდა ყოფილიყო 75 წელს მიღწეული და დიდი სამამულო ომის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ოფიცერი. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, ინვალიდობის მეორე ჯგუფი მოსარჩელე პ. ძ-ეს მინიჭებული ჰქონდა თუ არა დიდ სამამულო ომში მიღებული ჭრილობის გამო. საქმის მასალები აღნიშნულ საკითხზე არაერთგვაროვანია და წინააღმდეგობრივია თავად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლის პოზიცია. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული, ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლის ბოლო განმარტების თანახმად, მოსარჩელე არის ომის მონაწილე და არა ინვალიდი, თავად მოსარჩელის განმარტების თანახმად, მას ინვალიდობა მიღებული აქვს 1960 წელს (ს.ფ. 52). აღნიშნული საკითხი, კერძოდ, მოსარჩელე პ. ძ-ეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა დადგენილი აქვს თუ არა დიდ სამამულო ომში მიღებული ჭრილობის გამო, საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევას, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია საამისოდ შესაბამისი პროცესუალური უფლებამოსილების არქონის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე პ. ძ-ე დიდ სამამულო ომში მიღებული ჭრილობის გამო დაინვალიდებულ პირს. თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.