Facebook Twitter

ას-1730-1712-2011 30 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ დოკუმენტის სიყალბის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების (ამონაწერი ოქმებიდან ¹45/2 და ¹45) სიყალბის აღიარების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

წ-ებს საკუთრებაში გააჩნდათ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც იწყებოდა ამჟამინდელი ა-ის ქუჩის ¹...-დან და გრძელდებოდა ყ-ის ქუჩის ჩათვლით, სახლისა და საკარმიდამოს გასწვრივ უკანა მხარეს ამჟამინდელი ა-ის ქუჩის მონაკვეთისა და სადავო მიწის ფართის «გორკასა» და რუსთაველის ქუჩის ჩათვლით. აღნიშნული ქონების თანამემკვიდრეები ხ. წ-თან ერთად იყვნენ თანაბარი უფლებების მქონე დედმამიშვილები: შ. და ლ. წ-ები. შ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი, ვისაც შეიძლება უფლება ჰქონდეს ქონებაზე, არის ლ. წ-ი. ლ. წ-ს თავისი საკარმიდამოს განკარგვა და მოვლა-პატრონობა არასდროს შეუწყვეტია. სადავო ტერიტორიის ჩამორთმევის თაობაზე არ მოიპოვება ოფიციალური მასალები, არსებობს მხოლოდ დოკუმენტი, რომლითაც ხ. წ-ს ჩამოერთვა მხოლოდ 1333 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის გამოც მოსარჩელე პრეტენზიას არ გამოთქვამს. საკომლო წიგნების ამონაწერების თანახმად, წ-ებს 1936-40 წლებში გააჩნდათ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, შემცირდა. საკომლო წიგნის ამონაწერისა და საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზის თანახმად, ლ. წ-ის ოჯახს კანონიერ მფლობელობაში გააჩნდათ 6482 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სამ ნაწილად იყო დაყოფილი და აქედან 3092 კვ.მ მიითვისა სამხედრო ტურბაზამ, 814 კვ.მ მოხმარდა გზების მშენებლობას, ხოლო 400 კვ.მ კი, უკანონიდ მიისაკუთრა ფ-მა. ნ. ფირცხალაშვილს სახლის მშენებლობა უნდა დაეწყო დადგენილების მიღებიდან 3 თვეში ანუ 1954 წლის აგვიტოში, რაც არ განხორციელებულა, რადგანაც მან მშენებლობა რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყო, აღნიშნული ადასტურებს, რომ სწორედ ამ დროისათვის მოხდა დედანი ოქმის გაყალბება. ბათუმის საარქივო და ქობულეთის საჯარო რეესტრის სარქივო მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება. მიწის თაობაზე წ-ები დავობდნენ ამ დროიდან მოყოლებული, რაც დასტურდება გაზეთში არსებული პუბლიკაციებით. სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» დასკვნის თანახმად, სადავო დოკუმენტები არაიდენტურია, ტექსტი შესრულებულია სხვადასხვა საბეჭდ მანქანაზე, დედანში ჩადებულია თანამედროვე თაბახის ფურცელი, ხოლო ძირითადი ფურცელი კი იმდროინდელ პერგამენტზეა დაბეჭდილი. აწ გარდაცვლილმა ნ. ფ-მა ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობა გამოიყენა და გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში, რომელიც ბათუმის არქივში ინახებოდა, გაყალბებული ამონაწერი ჩადო, ხოლო ქობულეთის ტექბიუროს არქივში ნ. ფ-ის საქმეში დევს 1954 წლის 30 აპრილის ¹45/2 ოქმი, ასევე გაყალბებული ამონაწერი, რომლის ტექსტი განსხვავდება ბათუმის არქივში გაყალბებული დედნის ოქმისაგან. ფ-ის საქმეში ასევე მოიპოვება კომუნისტური მმართველობის დროს დაწერილი წერილი, სადაც სწორედ სადავო უძრავ ქონებაზეა საუბარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

1954 წლის გადაწყვეტილება, რომლის ნამდვილობასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე და მოითხოვს სიყალბის ფაქტის დადასტურებას, შეეხება ნ. ფ-ის სახელზე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩანაწერებში ამჟამად რეგისტრირებულია გ. და ნ. თ-ეების სახელზე, რის გამოც სადავო დოკუმენტის სიყალბის დადგენის შემთხვევაშიც კი, ვერ დადგება ის სამართლებრივი შედეგი, რის მიღწევასაც მოსარჩელე ცდილობს. ქობულეთის მუნიცპალიტეტის საკრებულო ვერ გადასცემს მოსარჩელეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საკუთრებაში, ვიდრე რეესტრის ჩანაწერები ძალაშია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ საკომლო წიგნის ამონაწერის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1936-40-იან წლებში წ-ებს სარგებლობაში ჰქონდათ გარკვეული მიწის ნაკვეთი, თუმცა საკომლო წიგნში არ არის მითითებული, თუ რომელი იყო აღნიშნული ნაკვეთი. საჯარო რეესტრის 2007 წლის 16 ივლისის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. წ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.ქობულეთში, ა-ის გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონება _ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 729 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი და 136 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართის საცხოვრებელი სახლი. ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (ამონაწერი ოქმიდან ¹45/2) ნ. გ.ს ასულ ფ-ს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ¹142-ში წ-ის ნაკვეთიდან ახალი ქუჩის გასწვრივ გამოეყო 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ფ-ისათვის ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ქობულეთში, ა-ის ქ¹83-ში მდებარე 400 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი 2002 წლის 20 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებისა და 2002 წლის 19 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ. თ-ისა და გ. თ-ის საკუთრებად. მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. იგი ითხოვს ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების (ამონაწერი ოქმიდან ¹45/2 და ¹45) სიყალბის დადგენას (აღიარებას), რომლის შესაბამისად, ნ. გ.ს ასულ ფ-ს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ¹142-ში წ-ის ნაკვეთიდან ახალი ქუჩის გასწვრივ გამოეყო 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სიყალბის დადგენის თაობაზე ლ. წ-ის 2011 წლის 28 აპრილს აღძრული სარჩელი არის დაუსაბუთებელი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით, 178-ე მუხლის ,,ლ» ქვეპუნქტით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს სარჩელით, იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ის პირდაპირი შედეგი, რასაც უნდა იწვევდეს აღიარებითი მოთხოვნა და ეს ინტერესი უნდა განმარტავდეს საბოლოოდ რა შედეგის მიღწევა სურს, რა მიზნისთვის ითხოვს მოსარჩელე ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სიყალბის დადგენას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. პალატამ მიუთითა აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მისი აღიარებითი მოთხოვნის _ ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სიყალბის დადგენის იურიდიული ინტერესი არის ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სიყალბის დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელე დაიცავს თავის საკუთრების უფლებას, ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამართალმემკვიდრე ქობულეთის საკრებულოს მოსთხოვს, საკუთრების უფლებით მიაკუთვნოს სადავოდ გახდილ ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებული მიწის ფართი. პალატამ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული განმარტება იმ დაფუძვლით, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. იგი არ აყენებს მიკუთვნებით მოთხოვნას იმ შემთხვევისთვის, თუ დადგინდება სადაო გადაწყვეტილების სიყალბე. ასევე აპელანტის (მოსარჩელის) მიერ სარჩელზე დართული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია და მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სადავო 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ისათვის გამოყოფილი 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი დღეისათვის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ნ. თ-ისა და გ. თ-ის საკუთრებად. აპელანტი ლ. წ-ი არ მიუთითებს ნ. თ-ისა და გ. თ-ის არაკეთილსინდისიერებაზე, არ ხდის სადავოდ 2002 წლის 20 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებას და 2002 წლის 19 აპრილის სამკვიდრო მოწმობას, რომელთა საფუძველზეც 400 კვ.მ მიწის ფართობი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ. თ-ისა და გ. თ-ის საკუთრებად და არ მოითხოვს საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობას. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, საჯარო რეესტრში ნ. თ-ე და გ. თ-ე აღრიცხული არიან იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად, რომლის საკუთრების უფლებით მიკუთვნების მოთხოვნითაც აპირებს ლ. წ-ი, აღძრას სარჩელი მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება აპელანტის (მოსარჩელის) იურიდიული ინტერესი ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სიყალბის დადგენის შესახებ, ვინაიდან, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგი არ დადგება, რის გამოც, როგორც სარჩელი, ისე სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. პალატამ ასევე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტები (საბუთები) შესრულებულია სხვადასხვა საბეჭდ მანქანაზე, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ვერ გახდება საფუძველი დოკუმენტის სიყალბის დასადასტურებლად, ამასთან, პალატის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო საბუთების ასლები და არა მათი დედნები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ. წ-ის სარჩელი სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზითა და საკომლო წიგნის ჩანაწერებით დასტურდება, რომ წ-ებს საკუთრებაში გააჩნდათ 1 ჰა მიწის ნაკვეთი და განსაზღვრულია ამ ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, რომელიც დაყოფილი იყო სამ ნაწილად და მათი საერთო ჯამი შეადგენდა 6482 კვ. მეტრს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის 2007 წლის 16 ივლისის ამონაწერის თანახმად, ლ. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.ქობულეთში, ა-ის გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი 729 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი საერთო სასარგებლო ფართით 136 კვ.მ. აღნიშნულით სასამართლო დასძენს, რომ ლ. წ-ის კანონიერი უფლება შემოიფარგლა მხოლოდ დაუზუსტებელი 729 კვ.მ მიწის ნაკვეთით და 136 კვ.მ საცხოვრებელი სახლით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. წ-ების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 3092 კვ.მ სრულიად უკანონოდ მიითვისა სამხედრო ტურბაზამ, 400 კვ.მ _ აწ გარდაცვლილმა ნ. ფ-მა, ხოლო მიწის უმეტესი ნაწილი მოხმარდა გზების მშენებლობას. ოფიციალურად ლ. წ-ის ოჯახისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის აქტი არსებობს მხოლოდ 1333 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. დანარჩენ ნაწილში ლ. წ-ის მიწის ნაკვეთის მითვისება ამა თუ იმ ორგანიზაციის თუ პირის მიერ მოხდა უკანონოდ. რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ლ.წ-ის მიწის ნაკვეთის სამხედრო ტურბაზის ბალანსზე აღრიცხვის შესახებ არ არსებობს, ხოლო აწ გარდაცვლილმა ნ. ფ-მა ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გაადწყვეტილების გაყალბებით 1980-იან წლებში მიითვისა ლ. წ-ის მიწის ნაკვეთი. დოკუმენტის სიყალბე ოფიციალურად ცნობილი გახდა 2011 წელს, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ არსებობს ორი ურთიერთგანსხვავებული შინაარსის დოკუმენტი: ერთ-ერთი ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც ინახება აჭარის სახელმწიფო არქივში და რომლის საფუძველზედაც არ მომხდარა უძრავი ქონების რეგისტრაცია და მეორე დოკუმენტი _ ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹45/2 სხდომის ოქმიდან ამონაწერია, რის საფუძველზეც უძრავი ქონება რეგისტრირებულია ტექ.ბიუროში, რომლის დედანი, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო სხდომის ოქმიდან ამონაწერი, ბუნებაში არ არსრებობს, არ არის არქივში რეგისტრირებული და დაცული და შინაარსობრივადაც განსხვავდება არქივში დაცული დოკუმენტისაგან. სადავო დოკუმენტის სიყალბეს ადასტურებს ასევე ეთერ გირითილაძის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ახსნა-განმარტების მიმცემი პირი 1952-1965 წლებში მუშაობდა ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში და ამ პერიოდში ნ. ფ-ს ლ. წ-ის საკუთრებიდან მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია, რადგანაც ნ.ფ-ი ფლობდა კომუნალურ ბინას ლ-ის ქ¹156-ში, ამასთან, 1954 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-106-ე მუხლები რამდენიმე საცხოვრებლის ფლობის ფაქტს არ ითვალისწინებდა. მითითებულის გათვალისწინებით, ნ.ფ-ს ვერ გამოეყოფოდა მიწა, რადგანაც მას კომუნალურ ფართზე უარი არასოდეს უთქვამს და არც მრავალსულიანი ოჯახის წევრი იყო. ნ. ფ-ის უკანონო ქმედებას ადასტურებს იმდროინდელი პრესაც, რაც წარმოდგენილია საქმის მასალებში. გარდა დოკუმენტის სიყალბისა, იგი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს ბათილადაც, რადგანაც 1954 წლით დათარიღებული დოკუმენტის აღსრულება დაიწყო 1980-იან წლებში. იგივე წესი მოქმედებს ნებისმიერი ქონების მიღებისას. განსახილველ შემთხვევაში გამოყოფის დღიდან სამი თვის ვადაში არ მომხდარა მიწის ნაკვეთის ათვისება, ერთი წლის ვადაში არ დაწყებულა და არ დამთავრებულა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ასევე არ არსებობს ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტი. კასატორმა განმარტა, რომ მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგანაც ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველი უფლების დარღვევაა, თუმცა ვადის ათვლა არ ხდება უფლების დარღვევის მომენტიდან, არამედ იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. რაც შეეხება ლ. წ-ის აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს, კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა მითვისებული ნ. ფ-ს, ლ.წ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთია და მისი დაკანონების უფლება ლ.წ-ს გააჩნია. სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული დოკუმენტის სიყალბის დადგენის შემთხვევაში იგი სარჩელით კვლავ მიმართავს სასამართლოს სადავო გარიგებისა და სამკვიდრო მიღების შედეგად არსებული ურთიერთობის ბათილად ცნობის მოთხოვნით და აღნიშნულით დაიცავს თავის საკუთრების უფლებას _ შეძლებს მითითებული მიწის ფართის თავის საკუთრებაში აღრიცხვას, ხოლო სასამართლოს არგუმენტები სარჩელის იურიდიულ ინტერესის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, უსაფუძვლოა სასამართლოს ის მითითებაც, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ დადგება ლ. წ-ისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ლ. წ-ს მიეცემა უფლება, სადავო ქონებაზე თავისი კანონიერი უფლებების რეალიზაციისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით ლ. წ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.