Facebook Twitter

ას-1742-1723-2011 20 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. თ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ-ის მიმართ ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹132-ში მდებარე ¹84-ე ბინის 1/4-ის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხე მ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹132-ში მდებარე ¹84 ბინა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2009 წლის 9 მარტის ¹52 განკარგულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების შესაბამისად, საკუთრების უფლების მოწმობა ¹220 გაიცა მ. თ-ზე და ზემოხსენებული ბინა მას გადაეცა უსასყიდლოდ საკუთრებაში.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2009 წლის 9 მარტის ¹52 განკარგულებით ბინის მ. თ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის დროს 1973 წლიდან რეგისტრირებულია მოსარჩელე ქ. ი-ე.

ქ. ი-ის პირადობის მოწმობის მიხედვით, მისი ხელახალი რეგისტრაცია მოხდა 2006 წლის 22 მარტს და იგი ამჟამადაც რეგისტრირებულია მითითებულ მისამართზე. მისი ბინაში ცხოვრება და რეგისტრაცია უკავშირდება «მაუდ-კამვოლის» ქარხანაში მუშაობას. სადავო ბინა წარმოადგენს საერთო საცხოვრებელს, რასაც ადასტურებენ მოწმეები და მოპასუხეც. 2001 წლის 16 აგვისტოს მ. თ-ის სახელზე გაიცა ორდერი სწორედ სს «საწარმოო გაერთიანება მაუდის ადგ. პროფკომის» 14 ოქმის საფუძველზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ი-ის შუამდგომლობით საქმეზე დაკითხული მოწმეების _ მ. ვ-ის, მ. გ-ისა და ნ. ხ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ქ. ი-ე 1973 წლიდან ჩაწერილია და მოპასუხის მიერ მისი ბინიდან გამოსახლების მომენტამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომელიც სწორედ ქ. ი-ემ მიიღო მაუდ-კამვოლის ქარხანაში მუშაობისას. მ. თ-ი, რომელიც მისი დისშვილია, 1986 წელს ქ. ი-ემ ჩამოიყვანა თავისთან საცხოვრებლად სადავო ბინაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ბარათსა და მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით დაადგენა, რომ ქ. ი-ე 1973 წლიდან ჩაწერილია და მოპასუხის მიერ მისი ბინიდან გამოსახლების მომენტამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში. ამასთან, მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა სარჩელი, სანამ არ იქნებოდა გასაჩივრებული და ბათილად ცნობილი გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ აქტები. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ ცნობა და არა - სადავო ბინის პრივატიზაციის კანონიერების შემოწმება. აპელანტის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს განჩინებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები კი, არსებითად განსხვავდება მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებებისაგან, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების განსახილველ საქმეში გათვალისწინების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით საკმარისად დასაბუთებული არ არის და განსხვავდება მოცემული ტიპის დავებზე სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ვინაიდან 2007 წლის იანვრის შემდეგ განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერება და პირის საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა წყდება ამ ბინის პირისათვის გადამცემი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადგენის შემდეგ.

სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და უპირატესობა მიანიჭა მათ იმ ადმინისტრაციულ აქტთან შედარებით, რომლითაც მხარეს სადავო ფართი გადაეცა. ქ. ი-ის ბინაში რეგისტრაციის ფაქტი მისი მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი არ არის.

სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია სხვაობა 1992 წლის ¹107 დადგენილებითა და 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დარეგულირებულ პრივატიზაციის წესებს შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 5 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ მ. თ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.