Facebook Twitter

ას-1753-1734-2011 6 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «თ-ი-3» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «თ-ი-3-ის» მიმართ საექსპერტო მომსახურების ღირებულების _ 10186.42 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოპასუხე სს «თ-ი-3-ს» 2008-2009 წლებში მოპასუხე საზოგადოების დირექტორ ა. ლ-ის მიმართვებისა და მხარეთა შორის 2008 წლის 10 ივლისს გაფორმებული ¹1/1982 ხელშეკრულების საფუძველზე გაეწია საინჟინრო-ტექნიკური საექსპერტო მომსახურება. მოპასუხეს შესაბამისი ტარიფით დადგენილი გაწეული მომსახურების საფასური არ აუნაზღაურებია, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მომსახურების საზღაურის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

2008 წლის 10 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ იქნა სამუშაოების შესრულების ვადა და შესრულებული სამუშაოს ჩაბარების წესი. ხელშეკრულების 4.1 მუხლის შესაბამისად კი, ვალდებულების შესრულების საწყისად განისაზღვრა კვლევის მასალების გადაცემიდან 30 დღე. ექსპერტიზა ჩატარდა 2009 წლის 14 ივლისს, ვალდებულების შესრულების ვადის 1 წლისა და 4 თვის დარღვევით, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ მონაცემებს. მიღების აქტის გრაფაში საქმის შესვლის თარიღად მითითებულია 2009 წლის 19 ივლისი, ხოლო კვლევის დაწყების თარიღად _ 2009 წლის 14 ივლისი. მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ უცნობებია დასკვნის შედგენის შესახებ, ასევე არაა წარმოდგენილი დასკვნის სრული ტექსტი, რაც ეჭვს ბადებს მის სრულყოფილად შედგენაში. მოპასუხემ განმარტა ისიც, რომ ექსპერტიზის ბიუროს მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო სს «თ-ი-3-მა» შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის 2008 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებით გატვალისწინებული საზღაურის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,თ-ი-3-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 186,42 ლარის გადახდა, სს ,,თ-ი-3-ს» სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 305,6 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს ,,თ-ი-3-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 10 ივლისს სს თ-ი-3-ის» სახელით მისმა დირექტორმა მიმართა სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს» საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით და 2008 წლის 10 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ¹1/1982 ხელშეკრულება სასამართლო-საექსპერტო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის ¹43-ე დადგენილებით დამტკიცებული სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების შესაბამისად, ხოლო, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო გამოკვლევა უნდა დაეწყო დამკვეთის მიერ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში. სს ,,თ-ი-3-ის» მიერ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო კვლევისთვის აუცილებელი დოკუმენტები სრულყოფილად წარედგინა 2009 წლის 4 მარტს. მოსარჩელის მიერ სს ,,თ-ი-3-ის» დაკვეთის საფუძველზე ჩატარებულ იქნა საექსპერტო გამოკვლევა, მოპასუხეს გაეწია მომსახურება და 2009 წლის 14 აპრილს შედგენილ იქნა საექსპერტო დასკვნა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 629-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შესრულება განხორციელდა ვადის დარღვევით და მას არ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისათვის განსაზღვრული თანხის გადახდა, ვინაიდან საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზა შესრულდა 2009 წლის 14 აპრილს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შემკვეთის მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2009 წლის 4 მარტს წარდგენილ იქნა საექსპერტო კვლევისათვის აუცილებელი დოკუმენტები სრულყოფილად. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა შემდეგი: აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა უმოძრაოდ ედო და მისთვის მისი მზადყოფნის შესახებ არ უცნობებია, უსაფუძლოა, რადგან მხარეთა შორის 2008 წლის 10 ივლისს დადებული სასამართლო-საექსპერტო მომსახურების შესახებ ¹1/1982 ხელშეკრულებით წინასწარ განისაზღვრა დამკვეთისათვის ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის მომენტი, კერძოდ, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო გამოკვლევა უნდა დაეწყო დამკვეთის მიერ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში და შესრულებად ითვლება ექსპერტიზის დასკვნის, სპეციალისტის ცნობის ან რევიზიის აქტის დამკვეთისათვის ჩაბარების (გადაცემის) მომენტი, ხოლო, ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია, გადასცეს დამკვეთს საექსპერტო სამუშაო (დასკვნა, ცნობა ან აქტი) დამკვეთის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს» მიერ დამკვეთისათვის საექსპერტო დასკვნის მზაობის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების წესი და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან დარღვეული იყო დასკვნის მომზადების ვადა, შემკვეთმა დაკარგა დასკვნისადმი ინტერესი და ფაქტობრივად გავიდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან ცალმხრივად, ვინაიდან საექსპერტო დაწესუბულებისათვის უცნობი იყო შემკვეთის მიერ ინტერესის დაკარგვის შესახებ და მას არ გამოუხატავს ნება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე შემსრულებლის მიმართ, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო» 2011 წლის 15 აპრილიდან 3 წლის განმავლობაში (2012 წლის 15 აპრილამდე) უფლებამოსილი იყო, მიემართა სასამართლოსათვის შემკვეთისაგან იძულებითი წესით თანხის გადახდევინების მოთხოვნით, ვინაიდან დროის ამ ინტერვალში ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ, ვინაიდან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაგვიანებით მიმართა სასამართლოს, იგი უნდა გათავისუფლდეს ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, ამასთან, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ჩათვალა, რომ სსიპ «ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» აღნიშნული მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არც აპელანტს წარუდგენია სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-ი-3-მა», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ საქმის განხილვისას არასრულად და არასწორად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, სსიპ «ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაარღვია დასკვნის მომზადებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა და შედეგად დამკვეთმა დაკარგა ინტერესი. არასწორია სარჩელის მითითება, რომ ექსპერტიზის დასკვნა 2009 წლის 14 აპრილს იყო მზად, რადგანაც საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ კვლევის დაწყების თარიღი 2009 წლის 14 ივლისია. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ვალდებულების შესრულების თაობაზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის ინფორმირების არარსებობაზე, მან მოთხოვნა მოპასუხეს მხოლოდ 2 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ წარუდგინა. ის ფაქტი, რომ სარჩელს არ ერთვოდა სრულყოფილი დასკვნა, თანდართული დოკუმენტები ბადებს ეჭვს, რომ სადავო დასკვნა არც მისი დათარიღების დროისათვის იყო შედგენილი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სს «თ-ი-3-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «თ-ი-3-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «თ-ი-3-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «თ-ი-3-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რომან კორკოტაშვილის მიერ გადახდილი 509.35 ლარის 70% _ 356.545 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «თ-ი-3-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სს «თ-ი-3-ს» (...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» რომან კორკოტაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 356.545 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.