ას-1754-1735-2011 30 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,ნ-ი+»
წარმომადგენელი _ გ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,ნ-ი+-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 9 თებერვალს შპს „ნ-ი+-სთან“ გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ჯ-ის ქუჩა ¹74-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 წლის ვადით მიაქირავა შპს „ნ-+-ს.“ მოპასუხე 2011 წლის 25 იანვრამდე იხდიდა ქირას და მიმდინარე კომუნალურ გადასახადებს. 2011 წლის 24 იანვარს შპს „ნ-ი+-მა“ აცნობა ფართის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და 25 იანვარს გაათავისუფლა დაკავებული ფართი, ისე რომ არ შეუთავაზებია ახალი გადახდისუნარიანი დამქირავებელი. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო საიჯარო თანხის ათმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 7000 აშშ დოლარს, რომელიც შპს „ნ-ი+-ს“ უნდა დაეკისროს გადასახდელად.
მოპასუხე შპს „ნ-ი+-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წელს და არა 2010 წლის 9 თებერვალს. მოსარჩელე ითხოვს იჯარის თანხის დაკისრებას, მხარეებს შორის კი გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება. მ.ხ-ას მიერ გაქირავებული ფართი წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. მოსარჩელე ვერ უთითებს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია შპს „ნ-ი+-მა. “
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მ.ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ნ-ი+-ს» მ.ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 3500 აშშ დოლარი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ნ-ი+-მა. «
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ნ-ი+-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ.ხ-ასა და შპს ,,ნ-ი+-ს” შორის 2009 წელის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მ.ხ-ამ ვალდებულება აიღო შპს ,,ნ-ი+-სათვის” გადაეცა დროებით სარგებლობაში ქ. თბილისში, ჯ-ის ქ. 74-ში მდებარე 64 კვ.მ შენობა. დამქირავებლის ვალდებულება ხელშეკრულების საზღაურისა და გადახდის წესის შესახებ განისაზღვრა ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტებით, რომლის თანახმად, ქირა განისაზღვრა თვეში 700 (შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხუთი წლით, რომლის ათვლის დასაწყისად მიეთითა ხელშეკრულების ხელმოწერის დღე. ხელშეკრულების აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ქირის თანხის ათმაგი ოდენობით. შპს ,,ნეიფარმი+მა” 20011 წლის იანვარში ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის თობაზეც ტელეფონით ეცნობა გამქირავებელს.
აპელანტის დასაბუთება, რომ მოქმედი კოდექსით არ არის გათვალისწინებული არასაცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. და სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღნიშნა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლო თავად ხელშემკვრელი მხარეების მიერ იქნა წინასწარ შეთანხმებული, რისი უფლებამოსილებაც მათ მინიჭებული ჰქონდათ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ისე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელობა ვერ ექნება იმ ფაქტს აღნიშნული საკითხი პირდაპირ გათვალისწინებული იყო თუ არა მოქმედ კოდექსში.
აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა პირგასამტეხლოს თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი თვის ქირის ხუთმაგი ოდენობით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლის დანაწესი საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის ოდენობად მიიჩნევს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას, პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ზემოთმითითებული კოდექსის ნორმა არეგულირებს არა ხელშეკრულების დარღვევის გამო მხარეთა პასუხისმგებლობის მოცულობას, არამედ განსაზღვრავს ქირის თანხის გადახდის შესახებ დამქირავებლის ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლებს ხელშკრულების მოქმედების პერიოდში.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლის 531-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე გასული არ ყოფილა ხელშეკრულების მოქმედების 5 წლიანი ვადა. შპს ,,ნ-ი+-ის” მიერ დარღვეული იქნა ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული პირგასამტეხლოს თაობაზე, რომელიც ქირის თანხის ხუთმაგ ოდენობას შეადგენდა., შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის, მართებულად იქნა განახევრებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ნ-ი+-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი 2009 წლით დათარიღებული ხელშეკრულების დედნის საფუძველზე დაადგინა, რომ ხელშეკრულება მ.ხ-ასა და შპს „ნ-ი+“-ს შორის არა 2010 არამედ 2009 წელს გაფორმდა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არ აუსახავს განჩინებაში, ამდენად პალატამ 2010 წლით დათარიღებული ხელშეკრულება ყალბად მიიჩნია, რის შემდგომაც მას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე და 137.5 მუხლები. პალატამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასწორად დაადგინა და მიაკუთვნა მხარეს ის რაც მას არ უთხოვია, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლს.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ-ი+-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია პირგასამტეხლოს დაკისრება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ-ი+-ს“ დაუბრუნდეს გ. ი-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ნ-ი+-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
შპს ,,ნ-ი+-ს“ დაუბრუნდეს გ. ი-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.