ას-1781-1759-2011 13 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე -Mბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ქ. ბ-ის სარჩელის გამო, ი. თ-ის მიმართ, ასევე ი. თ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ქ. ბ-ის მიმართ შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულად არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. თ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო ნორმების დარღვევას, ამასთან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მხარეს განემარტა, რომ საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონის დარღვევით გამოტანილ გადაწყვეტილებას.
2012 წლის 3 იანვარს ი. თ-მა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელშიც უთითებს საკასაციო მოთხოვნაზე და შუამდგომლობს მის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ხარვეზს, მხარეს ის შევსებული არ აქვს, ი.თ-ის საჩივარი არ შეიცავს არანაირ მითითებას საპროცესო ნორმების დარღვევაზე და, შესაბამისად, კვლავ დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითYპალატა მიიჩნევს, რომ ი. თ-ს დადგენილ ვადაში სრულად არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.