ას-1793-1770-2011 24 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-ე
წარმომადგენელი – ქ. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი, ნოტარიუსი თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ-ისა და ნოტარიუს – თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს თ. გ-ის მიერ 2010 წლის 3 ნოემბერს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 19 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 11 000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით კ. კ-ისაგან. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა თვეში 5%-ს. ამავე ხლშეკრულების მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მხარე არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, სესხს დაერიცხებოდა გადასახდელი თანხის 0.2%. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ სცადა გადაეხადა სარგებელი 5%, კრედიტორი განზრახ თავს არიდებდა თანხის მიღებას. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის ქ. ¹44. 2010 წლის 3 ნოემბერს კ. კ-ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა თ. გ-მა გასცა სააღსრულებო ფურცლი, რომლითაც დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებთანAშეუსაბამოდ მიიჩნია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: კ. კ-ის განმარტებით, მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსესხებლის მხრიდან სარგებლის გადაცემის შეთავაზებისა და კრედიტორის მხრიდან სარგებლის მიღებისაგან თავის არიდების შემთხვევას, რასაც ადგილი არ ქონია. თუ კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას, ნ. მ-ეს შეეძლო სარგებელი შეეტანა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის თანახმად, რაც მას არ გაუკეთებია. კ. კ-მა რამდენჯერმე მოუწოდა მსესხებელს, რომ შეესრულებინა ვალდებულება, მაგრამ მოპასუხე მასზე რეაგირებას არ ახდენდა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელმა თავისი ვალდებულება – დაებრუნებინა ნასესხები თანხა 11 000 აშშ დოლარი და გადაეხადა სარგებლის სახით თვეში 5%, არ შეასრულა, რითაც დაარღვია ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც კანონიერად გასცა სააღსრულებო ფურცელი სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,ნოტარიატის შესახებ» კანონის 38-ე და მე-40 მუხლებისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 ნაწილის (დასკვნითი დებულებების) შესაბამისად. ნოტარიუს თ. გ-ის განმარტებით, ხელშეკრულების პირველი თავის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნება უნდა გაფორმებულიყო წერილობითი აქტით, რომელსაც ხელს მოაწერდნენ მხარეები, აქტში უნდა მიეთითებინათ თანხის ოდენობა და ამ აქტის შედგენის თარიღი. თუ ხელშეკრულების მეორე მხარე, თავს არიდებდა აღებული ვალდებულებების შესრულებას, მაშინ მსესხებელს შეეძლო საამისოდ კანონით გათვალისწინებული წესი გამოეყენებინა, ანუ ნოტარიუსის დეპოზიტზე განეთავსებინა თანხა ან კიდევ ვადამდე ადრე გასულიყო ხელშეკრულებიდან მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლოლის გამო, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტით, ხელშეკრულების 5.1. ა მუხლის თანახმად. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებით ვერ დადგნდება ის, რაც კანონის თანახმად წერილობითი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, შესაბამისად მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და ვალდებულების შესრულების წესი ორივე მხარისთვის სავალდებულო იყო. ხელშეკრულების მე-7 მუხლით მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ გაიცემოდა სააღსრულენბლო ფურცელი ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისას. ჯეროვანი შესრულება კი უნდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის წერილობითი აქტქით, როგორც ამას ხელშეკრულების 1-3 მუხლი ითვალისწინებდა. ნოტარიუსმა აღნიშნა, რომ იპოთეკარის წარმომადგენელმა მიხეილ ბაიდოშვილმა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა სააღსრულებლო ფურცლის გაცემა, რაზედაც მან უარი განუცხადა, რადგან ხელშეკრულების ვადა არ იყო გასული. თ. გ-მა ორჯერ დაურეკა მსესხებელ ნ. მ-ეს და განუმარტა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარე ითხოვდა სააღსრულებლო ფურცლის გაცემას და არასდროს უთქვამს მოვალეს, რომ გამსესხებელი უარს აცხადებდა თანხის დაბრუნებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუს თ. გ-ის მიერ 2010 წლის 3 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹... (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი) გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, 3 267 აშშ დოლარის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ორივე მხარემ _ ნ. მ-ემ და კ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ნ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რაც შეეხება კ. კ-ის საჩივარს, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა, შეიცავდა რიგ ფაქტობრივ უზუსტობებს, იგი ამ ნაწილში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 386-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 19 აპრილს ნ. მ-ესა და კ. კ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ. კ-მა ნ. მ-ეს ექვსი თვის ვადით, ე.ი. 2010 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით ასესხა 11 000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა თვეში 5%-ს. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა საურავი - გადასახდელი თანხის 0,2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ბ-ის ქუჩა №44. ხელშეკრულების მე-7 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა განცხადებით მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. დადგენილია, რომ ნ. მ-ეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გამსესხებლისათვის არ გადაუხდია არც ერთი თვის სარგებელი და არ დაუბრუნებია არც ძირი თანხა. პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ იგი შეეცადა თანხის გადახდას, მაგრამ მოპასუხე თავს არიდებდა თანხის მიღებას. სამოქალაქო კოდექსი ასეთ შემთხვევაში იძლევა საშუალებას, რომ მოვალის ინტერესები არ იქნეს დარღვეული და ვალდებულება შესრულებულ იქნეს დეპონირების გზით. კერძოდ, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია ფული შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. კ-ის განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა თ. გ-მა 2010 წლის 3 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცლი, რომელშიც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად მიუთითა 18 260 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა 11 ათასი აშშ დოლარი, სარგებელი ყოველთვიური 5%, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%). როგორც თვით კ. კ-ის განმარტებით, ასევე არითმეტიკული გაანგარიშებით დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის საერთო მოცულობის თანხა მიღებულია სესხის ძირითადი თანხის - 11 ათასი აშშ დოლარის, ექვსი თვის პროცენტის (6ხ550) - 3300 აშშ დოლარის, 2010 წლის 19 აპრილიდან (ხელშეკრულების დადების თარიღი) 2010 წლის 19 ოქტომბრამდე (ხელშეკრულების დასრულების თარიღი) ანუ 180 დღეზე სესხის ძირითადი თანხის 11 ათასი დოლარის 0,2%-ს ყოველდღიურად, რაც შეადგენდა - 3960 აშშ დოლარს, შეკრებით (11000+3300+3960=18260). პალატის მოსაზრებით, მართალია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად იქნა მითითებული პირგასამტეხლოს გამოთვლისას დაშვებული უსწორობის თაობაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ პირგასამტეხლოს ათვლა კრედიტორმა მოახდინა 2010 წლის 19 აპრილიდან (ანუ ხელშეკრულების დადების თარიღიდან), თანაც სესხის ძირითადი თანხიდან, მაშინ როდესაც ნ. მ-ეს პირველი თვის სარგებელი - 550 აშშ დოლარი - უნდა გადაეხადა 2010 წლის 19 მაისს, ხოლო მთლიანი თანხა უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 19 ოქტომბრისათვის, მაგრამ თავის მხრივ ამ კომპონენტში გადასახდელი თანხის გაანგარიშებისას შეცდომა დაშვებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც. ამასთან, პალატამ გაიზიარა კ. კ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვეოდა, თუ რის საფუძველზე დაიანგარიშა სასამართლომ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. როგორც აღინიშნა, 2010 წლის 19 აპრილს მოსარჩელე ნ. მ-ესა და მოპასუხე კ. კ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით, ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა საურავი შესაბამისად გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საქმის მასალებით გაირკვა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის 5 პროცენტს, კერძოდ, 550 აშშ დოლარს, რომელიც მოსარჩელეს უნდა გადაეხდა სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ყოველი მომდევნო თვის 19 რიცხვისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელმა არ შესრულა 2010 წლის 19 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ყოველი თვის 19 რიცხვისათვის სარგებლის გადახდის თაობაზე, სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ პერიოდში, რომელიც მოიცავს 2010 წლის 19 აპრილიდან 2010 წლის 19 სექტემბრამდე დროის მონაკვეთს, მსესხებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო სარგებლის გადახდის დროისათვის არსებული დავალიანების თანხიდან, რომლის ოდენობა 2010 წლის 19 მაისისათვის შეადგენდა 33 აშშ დოლარს (550 აშშ დოლარის 0,2% X 30 დღეზე); 19 ივნისისათვის _ 66 აშშ დოლარს (1100 აშშ დოლარის 0,2% X 30 დღეზე); 19 ივლისისათვის _ 99 აშშ დოლარს (1650 აშშ დოლარის 0,2% X 30 დღეზე); 19 აგვისტოსათვის _ 132 აშშ დოლარს (2200 აშშ დოლარის 0,2% X 30 დღეზე); 19 სექტემბრისათვის _ 165 აშშ დოლარს (2750 აშშ დოლარის 0,2% X 30 დღეზე), რაც საერთო ჯამში შეადგენდა 495 აშშ დოლარს (33+66+99+132+165). 2010 წლის 19 ოქტომბერისათვის კი, მსესხებელს უნდა დაეფარა როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე სარგებელი, რაც ჯამში შეადგენდა 14 300 აშშ დოლარს. ვინაიდან მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არც აღნიშნული ნაწილი, ამიტომ 2010 წლის 19 ოქტომბრიდან ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28,6 აშშ დოლარის ოდენობით (14300-ის 0,2%), რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისათვის, კერძოდ, 2010 წლის 3 ნოემბრისათვის იქნებოდა 429 აშშ დოლარი (28,6 აშშ დოლარი X 15 დღე). შესაბამისად, პირგასამტეხლო სულ იქნებოდა 924 აშშ დოლარი (495+429). ასეთ პირობებში დავალიანების მთლიანი მოცულობა, რაც უნდა ასახულიყო სააღსრულებო ფურცელში, იყო 15 224 აშშ დოლარი (11 ათასი ძირითადი თანხა, 3300 სარგებელი და 924 პირგასამტეხლო). შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაუქმებას ექვემდებარებოდა 3 036 აშშ დოლარის ნაწილში (18 260-15 224). პალატამ არ გაიზიარა ნ. მ-ის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლით მოვალეს პირგასამტეხლო და სარგებელი დაკისრებული ჰქონდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რადგან ასეთი საქმის მასალებით არ დგინდებოდა. სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და მე-40 მუხლებიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დადასტურდა მხარეების შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის განცხადებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იპოთეკარს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის, ხოლო ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდათ და აღნიშნულ ნაწილში რაიმე დარღვევა არ დგინდებოდა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ნ. მ-ის მიერ არ შესრულდა 2010 წლის 19 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კ. კ-ს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რომლის მოცულობა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ხელშემკვრელი მხარეების მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებასთან სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად. ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა საბოლოო ჯამში განისაზღვრა 924 აშშ დოლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დადგენილი პირგასამტეხლოს მოცულობა არ შეესაბამებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობას და სწორედ აღნიშნული სხვაობის ფარგლებში (3960 აშშ დოლარს-924 აშშ დოლარი=3036 აშშ დოლარს) არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 19 აპრილს გაფორმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ. მ-ემ ისესხა 11 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით კ. კ-ისგან. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა თვეში 5%-ს. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ არ იქნებოდა ნაკისრი ვალდებულება შესრულებული, სესხს დაერიცხებოდა გადასახდელი თანხის 0.2 პროცენტი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის ქ. ¹44-ში. სასამართლომ უკანონოდ არ იმსჯელა იმ საკითხზე რომ პირგასამტეხლო და სარგებელი მხარეს დაკისრებული ქონდა გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა გაუქმებული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ, მაშინ როდესაც მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ხელშეკრულებით 6 თვის განმავლობაში გადაეხადათ სესხის სარგებელი 5%. ნოტარიუსმა, უკანონო სააღსრულებო ფურცლით დააკისრა ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 5% სარგებელი, ხოლო პირგასამტეხლო ასევე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ყოველდღიური 0,2% რაც შეადგენდა თვეში 11%-ს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ნ.მ მ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განჩინება კასატორის წარმომადგენელ ქ. უ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 10 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 13 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.