Facebook Twitter

ას-1816-1790-2011 16 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს ,,შ. პ-ი»

წარმომადგენელი _ გ. პ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,შ. პ-ის» მიმართ და მოითხოვა თანხის – 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,შ. პ-მა».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,შ. პ-ის». სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,შ. პ-ის» წარმომადგენელმა გ. პ-ამ.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. კასატორს უნდა წარმოედგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომარციული), იურიდიული პირების რეესტრიდან, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება შპს ,,შ. პ-ის» წარმომადგენლობაზე და სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,შ. პ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ წარმოსადგენი იყო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომარციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რითაც დადასტურდებოდა მისი უფლებამოსილება შპს ,,შ. პ-ის» წარმომადგენლობაზე და სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. კასატორს ასევე განემარტა, რომ, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნულის თაობაზე, შპს «შ. პ-ის» დირექტორს გ. პ-ას ტელეფონის საშუალებით ეცნობა 2012 წლის 9 იანვარს.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 10 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 12 იანვარს. მიუხედავად ამისა, ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ განცხადება უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მითითებული ვადის დარღვევით – 2012 წლის 13 იანვარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «შ. პ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «შ. პ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.