Facebook Twitter

ას-1836-1809-2011 9 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. კ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. კ-ას სარჩელის გამო, მოპასუხეების: ფ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩიავრი ი.მ.ა. «რ.-2002-ისა» და ი.მ.ა. «მ-ე 3/5-ის» მიმართ განუხილველად უნდა იქნას დატოვებელი, ხოლო ფ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ წარმოებაში იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ხოლო ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სუბიექტებს, რომელთაც აქვთ უფლება გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი და გამოვიდნენ მხარედ საკასაციო ინსტანციაში. ამავე დროს განსაზღვრულია ის ფარგლები, რაზეც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოწინააღმდეგე მხარედ უთითებს ი.მ.ა. «რ.-2002-სა» და ი.მ.ა. «მ-ე 3/5-ს», რომლებიც არც პირველ და არც მეორე ინსტანციაში არ იყვნენ მხარეები და სასამართლოს მათ მიმართ დაყენებულ მოთხოვნაზე არ უმსჯელია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე ი.კ-ას განცხადება, რომლითაც ის აზუსტებს მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობების _ «რ. 2002-ისა» და «მ-ე 3/5-ის» მიმართ ხსნის მოთხოვნას (ტ.I, ს.ფ.112-113). ამდენად, აღნიშნული ამხანაგობების მიმართ დაყენებული პრეტენზია საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი, ი.მ.ა. «რ.-2002-ისა» და ი.მ.ა. «მ-ე 3/5-ის» მიმართ, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

რაც შეეხება წარმოდგენილი საკასაციო საჩივარს, ფ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ, ის აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად «სახელმწიფო ბაჟის» შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

2. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი ი.მ.ა. «რ. 2002-ისა» და ი.მ.ა. «მ-ე 3/5-ის» მიმართ დარჩეს განუხილველად.

3. წარმოებაში იქნეს მიღებული ი. კ-ას საკასაციო საჩივარი ფ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

4. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

5. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.