ას-34-34-2012 30 იანვარი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-ი, ლ. ნ-ი, ლშ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 19 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს: ა. ნ-მა, ლ. ნ-მა და ლშ. ნ-მა მოპასუხეების _ ბ. ნ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2011 წლის 23 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. პ-ის მიერ დაყადაღებული მათი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (ტომი I, ს.ფ. 1-9).
მოპასუხე ბ. ნ-მა სარჩელი მთლ.დ ცნო (ტომი I, ს.ფ. 57-62). რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, იგი სარჩელს არ დაეთანხმა (ტომი I, ს.ფ. 33-40).
ადიგენის რაიონში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ნ-ის, ლ. ნ-ის და ლშ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებით ყადაღა მოეხსნა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. პ-ის 2011 წლის 23 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებულ მოძრავ ქონებას, კერძოდ: «ელჯის» ფირმის შავი ფერის ტელევიზორს; რუსული წარმოების ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა «ოკა-9-ს»; რუსული წარმოების მაცივარს «ორსკი-7-ს»; დივიდი «სუპერმაქსის»; «სამსუნგის» ფირმის პატარა ტელევიზორს; ორკარიან ყავისფერ ტანსაცმლის კარადას; სამკარიან ტანსაცმლის კარადას; წითელი ფერის ძროხას; მოწითალო ფერის ხბოს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილია თითოეული მხარის ვალდებულება _ დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული საპროცესო ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეების ახსნა-განმარტებებით და მოწმეების ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდნენ მოპასუხე (მოვალე) ბ. ნ-ის საკუთრებას და მათი სარჩელი საფუძვლიანი იყო. მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა მის შესაგებელს.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები (ტომი I, ს.ფ. 67-73).
დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 79-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბ. ნარიმანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დავლიანება;
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. პ-მა 2011 წლის 23 ივნისს დააყადაღა: „ელჯის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, რუსული წარმოების ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა „ოკა-9“, რუსული წარმოების მაცივარი „ორსკი-7“, დივიდი „სუპერმაქსი“, „სამსუნგის“ ფირმის პატარა ტელევიზორი, ორკარიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა, სამკარიანი ტანსაცმლის კარადა, წითელი ფერის ძროხა და მოწითალო ფერის ხბო;
დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენენ მოპასუხე (მოვალე) ბ. ნარიმანიშვილის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ დასახელებული საპროცესო ნორმების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მართებულად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ გ.თუმანიშვილის მიერ გაცემული ცნობა. სხვა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა შესაგებელს აპელანტს არ წარუდგენია არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდნენ მოპასუხე (მოვალე) ბ. ნარიმანიშვილის საკუთრებას, რის გამოც ჩათვალა, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. პ-ის მიერ დაყადაღებული ქონება ექვემდებარებოდა მისი ყადაღისაგან გათავისუფლებას (ტომი II, ს.ფ. 32-45).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია ამავე კოდექსის 102-ე და 105.2 მუხლების დარღვევით, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ქონებაზე საკუთრების უფლებას. ამასთან, მფლობელი (მფლობელობა) და მესაკუთრე (საკუთრება) განსხვავებული ცნებებია. თუ ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე, მაშინ მოვალე ბ. ნარიმანიშვილი, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ითვლება ნივთების მფლობელად და შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ისიც ჩაითვლება მესაკუთრედ (ტომი II, ს.ფ. 49-55).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.