Facebook Twitter

ას-356-336-2011 30 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს. ს. ე-ა» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. ს. ე-ის» მიმართ, 2002 წლისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოცდენით გამოწვეული ზიანის _ 2597155,37 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

სემეკ-ის 2002 წლის 20 დეკემბრის ¹100 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს «ს. ს. ე-ა» ვალდებული იყო, შპს «ს. რ-ისათვის» უწყვეტად მიეწოდებინა ელექტროენერგია. «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და მესამე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხემ არ განახორციელა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხემ შპს «ს. რ-ას» უწყვეტად არ მიაწოდა ელექტროენერგია, მაშინ, როდესაც 2002 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულებით შპს «ს. ს. ე-ას» გადაცემული ჰქონდა ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია.

მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე, 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 412-ე მუხლზე და მოითხოვა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

შპს ,,ს. ს. ე-ამ» სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

სარჩელი არის უსაფუძვლო, მასში არ არის დაზუსტებული და ერთმანეთისაგან გამიჯნული ზიანის წარმოშობის ცალკეული პერიოდები. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას მიადგა ზიანი აღნიშნული ოდენობით, ზიანის არსებობის შემთხვევაში, მისი ოდენობის დასადგენად საჭირო იყო სპეციალური ცოდნა, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსეპრტიზის ეროვნულ ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მაგრამ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზისათვის მოთხოვნილი მასალები, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის ¹100 გადაწყვეტილებით გაუქმდა სს «ე-აზე» გაცემული ელექტროენერგიის ლიცენზია ¹002, სერია 12, გაუქმდა შპს ,,ე--2000-ზე» გაცემული იმპორტის ლიცენზია ¹016, სერია 15 და შპს ,,ს. ს. ე-ას» გადაეცა ელექტროენერგიის გადაცემის ლეცენზია ¹004, სერია 12 და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ¹004, სერია 13. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2002-2003 წლებში და შემდგომ პერიოდში შპს ,,ს. რ-ას» ელექტროენერგია მიეწოდებოდა შეწყვეტით. შპს ,,ს. ს. ე-ამ» 2008 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შპს ,,ს. რ-ისთვის» ელექტროენერგიის შეწყვეტით მიწოდების გამო, ამ უკანასკნელს რეალურად მიადგა თუ არა ზიანი და, დადებით შემთხვევაში, რას შეადგენდა ზიანის ოდენობა. ექსპერტიზის ეროვნულმა ბურომ მასალების წარდგენის შესახებ თხოვნით მიმართა შპს ,,ს. რ-ას», მაგრამ მოსარჩელემ ექსპერტიზას მასალები არ მიაწოდა, საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა და ექსპერტიზის მიერ 2008 წლის 18 ნოემბერს დაბრუნდა საქმის მასალები ექსპერტიზის შეუსრულებლად.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ, სადავო პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, შპს ,,ს. რ-ას» მესამე პირთა სასარგებლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რაიმე ზიანი, ჯარიმა ან პირგასამტეხლო არ დაკისრებია და არც რაიმე ზიანი აუნაზღაურებია მოსარჩელეს მესამე პირთათვის.

სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარდგენილი შპს ,,ს. რ-ის» ცალკეული ქვესადგურებისა და დაწესებულებების მიერ შედგენილი აქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის დროის მიხედვით ზიანის გაანგარიშების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მითითებული აქტები ცალმხრივია და დაუსაბუთებელია ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა.

პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონითა და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა, მაგრამ სხვა საკითხია, მოჰყვება მას თუ არა მოვალის პასუხისმგებლობა, სასამართლოს განმარტებით, ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, სახეზე იყოს ზიანი და მოვალის ბრალი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ამ ნორმით დადგენილი წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, შპს ,,ს. რ-ისათვის» ელექტროენერგიის უწყვეტად მიუწოდებლობის გამო, შპს ,,ს. ს. ე-ის» მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლოს დასკვნით, მიუხედავად საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის შპს «ს. რ-ის» ბრალით ჩაუტარებლობისა, ზიანის არსებობის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკისრებლად აუცილებელი კომპონენტები, კერძოდ, შპს ,,ს. ს. ე-ის» ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ვინაიდან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით», ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მოხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად დამტკიცებული ბალანსებისა და ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების» მოთხოვნების თანახმად. სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, ლიცენზიანტი, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება ,,საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს. ს. ე-ა», მისი სტატუსიდან გამომდინარე, იყო ტექნიკური ოპერატორი, რომელიც უზრუნელყოფდა ქსელში არსებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას მომხმარებლის მიწოდების პუნქტამდე. ელექტროენერგიის შემძენად ე-ა ელექტრობაზარზე გამოდიოდა, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, რომელიც ბაზარზე განსაზღვრავდა ყოველთვიურად ბაზრის გამყიდველების მიერ მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას. შპს ,,ს. ს. ე-ა» ვალდებული იყო, მხოლოდ ელექტრობაზარზე პირდაპირი მომხმარებლის მიერ შეძენილი ელექტროენერგია მიეწოდებინა მოსარჩელისათვის, მაგრამ ელექტროსისტემაში შექმნილი მწვავე დეფიციტის დროს, როდესაც ელექტროენერგია არ იქნებოდა მიწოდებული წარმოების ლიცენზიატების მიერ, შპს ,,ს. ს. ე-ა» არ იყო პასუხისმგებელი შპს ,,ს. რ-ისთვის» ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდუალურ მეწარმეთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობასა და ურთიერთობას ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობას, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად. სარჩელის შეტანის დროისათვის დასახელებული კანონის მე-3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის რედაქციის თანახმად, შპს «ს. ს. ე-ა» წარმოადგენდა იმ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობდა ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიას და უზრუნველყოფდა შპს «ს. რ-ისათვის» ელექტროენერგიის მიწოდებასა და ჩართვას. სემეკ-ის 2002 წლის 20 დეკემბრის ¹100 გადაწყვეტილება მოპასუხეს ავალდებულებდა შპს «ს. რ-ისათვის» ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას.

სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შპს «ს. ს. ე-ა» ვალდებული იყო, მიეწოდებინა უწყვეტად ელექტროენერგია შპს «ს. რ-ისათვის».

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, ვინაიდან შპს «ს. რ-ის» ძირითადი საქმიანობა მგზავრთა გადაყვანა და გადაზიდვაა, იგი დამოკიდებულია ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე, რაც მოპასუხეს ჯეროვნად არ განუხორციელებია, შპს «ს. რ-ას» 2002 წლის ნოემბრიდან, დეკემბრიდან და შემდგომი პერიოდიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შპს «ს. ს. ე-ისათვის» სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ზიანის თაობაზე წინასწარ იყო ცნობილი და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შპს «ს. რ-ის» სარჩელი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» პუნქტების მოთხოვნები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემული საქმის მასალებით დადგენილი, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის ¹100 გადაწყვეტილებით გაუქმდა სს «ე-აზე» გაცემული ელექტროენერგიის ლიცენზია ¹002, სერია 12, გაუქმდა შპს ,,ე--2000-ზე» გაცემული იმპორტის ლიცენზია ¹016, სერია 15 და შპს ,,ს. ს. ე-ას» გადაეცა ელექტროენერგიის გადაცემის ლეცენზია ¹004, სერია 12 და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ¹004, სერია 13. დადგენილია ის ფაქტიც, რომ 2002-2003 წლებში და შემდგომ პერიოდში შპს ,,ს. რ-ას» ელექტროენერგია მიეწოდებოდა შეწყვეტით. კასატორი სადავოდ არ ხდის არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,ს. ს. ე-ამ» 2008 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმ საკითხის გარკვევის მიზნით, შპს ,,ს. რ-ისთვის» ელექტროენერგიის შეწყვეტის მიწოდების გამო, რეალურად მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი და, დადებით შემთხვევაში, რას შეადგენდა ზიანის ოდენობა, თუმცა შპს «ს. რ-ამ» ექსპერტიზას მასალები არ წარუდგინა და შეუძლებელი აღმოჩნდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარება.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი _ შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მტკიცების სტანდარტს და დაწესებულია თითოეული მოდავე მხარის ვალდებულება, სარწმუნოდ დაადასტუროს მის მიერ სარჩელსა თუ შესაგებელში მითითებული გარემოებები.

მტკიცებულებათა წარდგენაზე შპს «ს. რ-ის» მიერ უარის თქმის ფაქტთან მიმართებით საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულით მხარემ მისი მტკიცების საწინააღმდეგო გარემოება დაადასტურა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზიანის არსებობის ფაქტის დადგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის მიერ ვერ განხორციელდა საექსპერტო კვლევისათვის შპს «ს. რ-ის» მიერ მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო, ამასთან, არ იქნა გაზიარებული საქმეში წარდგენილი შპს ,,ს. რ-ის» მიერ ცალკეული ქვესადგურებისა და დაწესებულებების შედგენილი აქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის დროის მიხედვით ზიანის გაანგარიშების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მითითებული აქტები ცალმხრივია და დაუსაბუთებელია ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებას და დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მტკიცებულებათა სათანადოობასა და განკუთვნადობაზე, კერძოდ, კანონმდებელი აღნიშნული ნორმის შემოღებით აწესებს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შპს «ს. რ-ა» ვალდებული იყო, ზიანის ოდენობის ფაქტი დაედასტურებინა არა მისი ცალკეული ქვესადგურებისა და დაწესებულებების მიერ შედგენილი აქტებით, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტის მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნით, რომელიც დაადგენდა ზიანის არსებობის შემთხვევაში მის ოდენობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო პერიოდში შპს «ს. რ-ისათვის» ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების ფაქტის დადგენა ზიანის ანაზღაურებისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დასახელებული ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება _ ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი _ ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემეტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

განსახილველ შემთხვევაში შპს «ს. რ-ა» მოითხოვს რა ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, იგი თავის მოთხოვნას ამყარებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა შეფერხებით, შპს «ს. რ-ის» ძირითადი საქმიანობა მგზავრთა გადაყვანა და გადაზიდვაა და ამ შეფერხების შედეგად მას ზიანი ადგებოდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მან სასამართლოს მოთხოვნის დამადასტურებლად წარუდგინა მხოლოდ მისი ქვესადგურებისა და ცალკეული დაწესებულებების მიერ სხვადასხვა დროს შედგენილი მტკიცებულებები, რაც სასამართლომ სავსებით მართებულად არ ჩათვალა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

შპს «ს. რ-ის» მიერ სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთის არასათანადოდ რეალიზაციის გამო საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო შპს ,,ს. რ-ას» მესამე პირთა სასარგებლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რაიმე ზიანი, ჯარიმა ან პირგასამტეხლო არ დაკისრებია და არც რაიმე ზიანი აუნაზღაურებია მოსარჩელეს მესამე პირთათვის. ამდენად, არ არსებობს მისი სასარჩელო მოთხოვნის დამაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს შპს «ს. რ-ის» არგუმენტს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სარჩელის შეტანის დროისათვის მოქმედი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი პირველი ნაწილი, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის პირველი ნაწილი, 394-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება, კერძოდ, მან უტყუარად ვერ დაასაბუთა ზიანის დადგომის ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა სასამართლოს მიერ დასახელებული ნორმების გამოყენების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.