ას-422-400-2011 16 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ც. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. პ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქმის წარმოების შეჩერება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ნ. გ-ისათვის სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 2208 ლარისა და 50 თეთრის, მოძრავი ნივთების ღირებულების _ 2441 ლარისა და 85 თეთრისა და მიუღებელი შემოსავლის _ 5000 ლარის დაკისრება.
ნ. გ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. Mმას არასოდეს განუცხადებია უარი ო. პ-ის მიერ შეძენილი მოძრავი ნივთების დაბრუნებაზე. მოსარჩელემ რემონტისათვის, სავარაუდოდ, დახარჯა 200-300 ლარი, რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2208 ლარისა და 50 თეთრის გადახდა. ო. პ-ის მოთხოვნა მოძრავი ნივთების ღირებულების _ 2441 ლარისა და 85 თეთრის, ასევე მიუღებელი შემოსავლის _ 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. პ-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ო. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. პ-ის სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ს ო. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 291,1 ლარის ანაზღაურება, ო. პ-ს უარი ეთქვა ნივთების ღირებულების დარჩენილი ნაწილის _ 2150,75 ლარის ანაზღაურებაზე. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. გ-ისათვის 2208 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების, ასევე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. გ-ის შვილმა ც. გ-მა, წარმოადგინა მისი (ც.გ-ის) პირადობის მოწმობისა და ნ. გ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლები.
წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ნ. გ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ნოემბერს.
აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე განმცხადებელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება, ო. პ-ის სარჩელის გამო, ნ. გ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე შეჩერდა ნ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ის განცხადება საპროცესო ვადის შეჩერების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით უდავოდ დასტურდება, რომ ნ. გ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ნოემბერს. საკასაციო პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ნ. გ-ის შვილის _ ც. გ-ის განცხადების საფიუძველზე მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება ნ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულობის ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. გ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ნოემბერს, პალატა თვლის, რომ მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 28 მაისს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან _ 2011 წლის 28 მარტიდან გასულია 9 თვე და 18 დღე. საქმეში წარმოდგენბილი მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ, როგორც საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება, ისე სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა გარდაცვლილი ნ.გ-ის ყოფილ მისამართზე და ერთ შემთხვევაში ამ მისამართზე ჩაბარდა მ-ე მ.ს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ ნ. გ-ის შვილს _ ც. გ-ს, თუმცა სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, რადგანაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსათვის ნ.გ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს და არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.გ-ის შვილ ც. გ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. გ-ის განცხადება საპროცესო ვადის შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად დადგენილ ვადაში ნ. გ-ის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.