ას-507-481-2011 30 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ი (შ-ი) (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ის მიმართ მოპასუხის მიერ სარდაფში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და სახლზე სახურავის დადგმის შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მ.შ-ს არ აძლევს უფლებას, გაყიდოს ბინა, რადგანაც სურს საცხოვრებელი სახლის გაერთიანება, მოპასუხე აყენებს ზიანს, კერძოდ, მოპასუხემ გააჩინა ხანძარი, მიისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორია, დააზიანა ოთახის კედელი, ხოლო ს.მ-ის კუთვნილი სახლის საძირკვლის ქვეშ სარდაფის მოწყობით დააზიანა სახლის კედლები, მოპასუხემ მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახლის კედელი და დაადგა სახურავი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ს. მ-ისათვის არანაირი ზიანი მიუყენებია.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. მ-ის სარჩელი, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ქ.ახალქალაქში, თ-ის (ყოფილი მ-ის) ქ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის 1/2 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე ს. მ-ი. ქ.ახალქალაქში, ტ-ის ქ¹1-ში მდებარე სახლის მესაკუთრეა მოპასუხე მ. შ-ი. მოსარჩელისა და მოპასუხის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად და გააჩნიათ საერთო გამყოფი კედელი. მოსარჩელე ს. მ-ი, სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მ. შ-ის (ს-ი) სახლის სახურავიდან წვიმისა და თოვლის წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანდა მისი სახლის კედლები, ჭერი და იტაკი, ხოლო მოპასუხის მიერ მისი სახლის კედელთან სარდაფის მოწყობით დაიბზარა სახლის კედლები. სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹5995/04/18/19 დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ს სახლის სახურავი მოწყობილი აქვს იმგვარად, რომ ტექნიკურად შეუძლებელია აღნიშნულ სახურავზე მოხვედრილი ატმოსფერული ნალექების ჩადინება მოსარჩელის ბინის სახურავზე, ვინაიდან მოპასუხის ბინის სახურავს დაქანება აქვს ტ-ის ქუჩის მხრიდან და არა მოსარჩელის ბინის სახურავის მხრიდან, ასევე, მოპასუხის სახლის სახურავს მოწყობილი აქვს წყალმიმღები და წყალშემკრები სისტემა, რაც ასევე გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ბინაში ატმოსფერული ნალექების მოხვედრას. მ. შ-ის საცხოვრებელ სახლის ერთი ოთახის ქვეშ განთავსებულია სარდაფი, არსებული სახლების ურთიერთგანლაგებიდან გამომდინარე, ასევე სარდაფის გაბარიტული ზომების, კონფიგურაციის და სარდაფიდან მოსარჩელის საცხოვრებელ სახლამდე არსებული დისტანციის გათვალისწინებით, ტექნიკურად შეუძლებელია მოპასუხე მ. შ-ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლში სარდაფის მოწყობითYს. მ-ის საცხოვრებელ სახლს მიდგომოდა ზიანი.
სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გვარი «შ-ი» არის ქორწინებამდელი გვარი, ხოლო ქორწინების შემდეგ მას მიეკუთვნა გვარი «ს-ი».
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ ის, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება მ. შ-ის (ს-ის) მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლზე და გაიზიარა ექსპერტის დასკვნის მითითება, რომ მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ დასკვნასთან მიმართებით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საინჟირო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენდა საქმეში არსებულ ერთადერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ დასტურდებოდა და, შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.
საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლითა და 412-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე 162-ე მუხლის დანაწესი, რადგანაც ექსპერტს არ დაუსვა ის კითხვები, რაც დასკვნის შესაგენად იყო საჭირო და დაადასტურებდა ზიანის მიყენების ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე მითითებული იყო სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა სასამართლომ ეს მითითება არ გაიზიარა.
კასატორის განმარტებით, იგი მოითხოვდა სახლზე სახურავის დადგმამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც, რადგანაც ამ დროს დაზიანდა მისი უძრავი ქონება, ამასთან ახალი გადახურვა, მართალია, დახრილია საპირისპირო მხარეს, მაგრამ კასატორს არ ეძლევა საშუალება საკუთარი სახლის გადახურვისა, ვინაიდან საყრდენი ბოძების დადგმის საშუალება არაა, ამასთან, ზამთარში მოწინააღმდეგე მხარის სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლისაგან სახლის გათავისუფლების შესაძლებობა მოსარჩელეს არ გააჩნია ინვალიდობის გამო.
კასატორის განმარტებით, მ. ს-მა სარდაფის მოწყობისას გამოიყენა პნევმატული იარაღი, რომლის ძლიერმა ბიძგებმა დააზიანა ს.შ-ის სახლის კედლები და, სახლის დანგრევის თავიდან აცილების მიზნით, კასატორი იძულებული გახდა, გაემაგრებინა სახლის კედლები. რაც შეეხება სარდაფის არსებობას, კასატორის განმარტებით, სარდაფის არსებობა მას არასოდეს აყენებდა ზიანს და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიასაც არ აცხადებდა, არამედ მოითხოვდა სარდაფის მოწყობისას პნევმატური იარაღის გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ს. მ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და მხარის საკასაციო პრეტენზიების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დასახელებული ნორმისა და ს.მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებას, რომ ქ.ახალქალაქში, თ-ის (ყოფილი მ-ის) ქ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის 1/2 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე ს. მ-ი. ქ.ახალქალაქში, ტ-ის ქ¹1-ში მდებარე სახლის მესაკუთრეა მოპასუხე მ. შ-ი. მოსარჩელისა და მოპასუხის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად და გააჩნიათ საერთო გამყოფი კედელი.
საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 18 მარტის სხდომს ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოპასუხის სახლის სახურავიდან წვიმისა და თოვლის წყლის ჩამოსვლით, ასევე სარდაფის მოწყობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის მითითებისა და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად: ა) შესაძლებელია თუ არა მიადგეს ზიანი ს. მ-ის საცხოვრებელ სახლს მ. შ-ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამონადენი თოვლისა და წვიმის წყლისაგან და ზიანის მიყენების შემთხვევაში რა ოდენობის შეიძლება იყოს ეს ზიანი; ბ) შესაძლებელია თუ არა მოპასუხე მ. შ-ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლში სარდაფის მოწყობით ს. მ-ის საცხოვრებელ სახლს მიდგომოდა ზიანი და ზიანის მიყენების შემთხვევაში რა ოდენობის შეიძლება იყოს ეს ზიანი.
სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ეროვნული ბიუროს» 2009 წლის 9 ნოემბრის დასკვნით დადასტურებულია, რომ სახლების ურთიერთგანლაგებიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის საცხოვრებელი სახლის სახურავის კონფიგურაციის, მასზე მოწყობილი წყლის გადამყვანი სისტემებისა და სახურავის დაქანების გათვალისწინებით, მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანება წარმოქმნილი ატმოსფერული ნალექებით შეუძლებელია. სასამართლოს მეორე შეკითხვაზე ექსპერტის დასკვნა ასევე კატეგორიული ხასიათისაა და გადმოცემულია სარდაფის მოწყობით მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანების შეუძლებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ 2009 წლის 15 სექტემბრისა და 2010 წლის 18 მარტის სხდომის ოქმებზე. მითითებული ოქმების შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელე ს.მ-ს არც ექსპერტიზის დანიშვნის ეტაპზე გაუხდია სადავოდ საექსპერტო კვლევისათვის დასმული კითხვები და არც ექსპერტის დასკვნის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას მიუთითებია რაიმე არსებით უსწორობაზე, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მხარე ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტის დასკვნას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის საქმის განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია.
განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, მოცემული დავის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება _ ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი _ ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით კი დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამგვარად, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ვალდებულია დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და, მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცებულებათა წარდგენის აბსოლუტური თავისუფლება, რაც სადავო ფაქტებს დაადაასტურებს.
მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად არ დაუსაბუთებია, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ექსპერტის დასკვნაა და იგი უარყოფს სარჩელის საფუძვლიანობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არც ექსპერტიზის დანიშვნის ეტაპზე და არც ექსპერტის დასკვნის გამოკვლევისას მოტივირებული შენიშვნებით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 162-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. პალატა თვლის, რომ სასამართლომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ ამ კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმის საკვანძო და ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც სარჩელის მართებულობა გამოირიცხა. ამასთანავე, საქმის მასალებითვეა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის სახურავიდან წვიმისა და თოვლის წყლის ჩამოსვლითა და მ.შ-ის მიერ სარდაფის მოწყობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა (იხ. 2010 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება), რაც თავისთავად გამორიცხავს ს.მ-ის მიერ საკასაციო საჩივარში ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მითითებული პრეტენზიების გათვალისწინების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ს. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ტ.II, ს.ფ.86, 89-108), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ს. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება.
3. ს. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ტ.II, ს.ფ.86, 89-108.
4. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.