Facebook Twitter

ას-14-14-2012 13 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. წ-ე-ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. წ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ჟ. ტ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა, ამასთან, ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. წ-ე-ნ-ამ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასცდა მხარეთა მოთხოვნებს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ამასთან, არასწორია სააპელაციო პალატის მიერ ტ-ისათვის გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნებაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ე-ნ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. წ-ე-ნ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა ამავე წლის 5 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

დასახელებული ნორმების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 6 დეკემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 17 დეკემბერს. ნ.წ-ე-ნ-ამ კი გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა 2011 წლის 13 დეკემბერს ანუ კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის გადაცილებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. წ-ე-ნ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. წ-ე-ნ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.