ას-1588-1587-2011 9 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლი თანახმად ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.ბათუმში, კ-ის ქ. ¹83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ. ი-სა და ს. ვ-ეს შორის სსიპ «ლევან სამხარაული სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» 2009 წლის 17 აგვისტოს ¹13-4862 დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ზემოხსენებულ მისამართზე ვ. ი-ს მიეკუთვნა 317,3კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ს. ვ-ეს მიეკუთვნა 669,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიე ძლაში.
2011 წლის 11 იანვარს ნ. ვ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სასამართლო პროცესზე ნ. ვ-ემ ასევე მოითხოვა მისი მეუღლის _ ს. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ვ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალში.
2011 წლის 29 აგვისტოს ვ. ი-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ განჩინება კანონის დარღვევით იყო მიღებული, ვინაიდან საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა ის მოსამართლე, რომელსაც არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო, კერძოდ, მოსამართლე ს. ჩ-ე, რომელსაც არაერთხელ განუცხადა მან აცილება, არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქმე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ ვ. ი-ს საქართველოს იუსტიციის საბჭოში შეტანილი ჰქონდა განცხადება მოსამართლე ს. ჩ-ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც ცხადყოფს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ვ. ი-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილოებდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
დასახელებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (სხვადასხვა ინსტანციებში); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე ს. ჩ-ეს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ვინაიდან ვ. ი-მა მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზე, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულ შემთხვევებში, კანონი არ ზღუდავს მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ი-ი ვერც კერძო საჩივარში უთითებს რაიმე ისეთ გარემოებას, რაც საფუძველი გახდებოდა მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩვრებული განჩინების გაუქმებისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. იგნოაინის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.