Facebook Twitter

ას-1596-1592-2011 12 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ პ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ი

მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ბ-ის წინააღმდეგ, მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, ზ-ას ქ.¹60-ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია ნ. ფ-ას სახელზე, რომლის მემკვიდრეა პ. ბ-ე. მოსარჩელის განმარტებით, პ. ბ-ე თავს არიდებს სამკვიდრო მოწმობის აღებას და საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება მ. გ-ის სასარგებლოდ და სადავო უძრავი ქონების პ. ბ-ის საკუთრებად ცნობის შემდეგ, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მოხდება აღსრულების მიქცევა.

მოპასუხე პ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ უძრავი ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით, ხოლო სამკვიდრო მოწმობის აღება და საკუთრების რეგისტრირება საჯარო რეესტრში მისი უფლებაა და არა ვალდებულება.

მესამე პირმა – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ზ-ას ქ.¹60-ში მდებარე უძრავი ქონება არ იყო უმკვიდრო ქონება, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ნ. ფ-ა გარდაცვლილია, მაგრამ, ჰყავს მეორე რიგის მემკვიდრე –პ. ბ-ე, რომელსაც ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუგრძელდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ზ-ას ქ.¹60-ში მდებარე, ნ. ფ-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება ცნობილ იქნა პ. ბ-ის საკუთრებად.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

2011 წლის 11 ოქტომბერს პ. ბ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 30 სექტემბერს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 10 ოქტომბერი, ხოლო აპელანტმა სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2011 წლის 11 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც ცხადყოფდა, რომ მის მიერ ხარვეზი გამოასწორებული იყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ პ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ს.ფ. 142-143).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი პ. ბ-ეს, კერძოდ, მის ძმისშვილს _ ნ. ბ-ეს ჩაბჰარდა 2011 წლის 30 სექტემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ნ. ბ-ის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 145). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის პირველ ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 10 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში პ. ბ-ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან ხარვეზი გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2011 წლის 11 ოქტომბერს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟი ვადაში გადაიხადა, რაც ცხადყოფდა, რომ მის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იყო.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს ხაზგასმით დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ამავე სასამართლოში წარდგენა. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი. აქედან გამომდინარე, მართალია, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაზე დართული ქვითრით დასტურდებოდა აპელანტის მიერ 150 ლარის გადახდის ფაქტი 2011 წლის 10 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აპელანტს მითითებული ქვითარი დროულად არ წარუდგენია სასამართლოსათვის, რაც ასევე დავალებული ჰქონდა მას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.