Facebook Twitter

ას-1610-1604-2011 9 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათ.ე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჯ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 14 თებერვალს თ. გ-მა განცხადებით ითხოვა 2002 წლის 2 ივლისის მორიგების განჩინებაში უზუსტობის გასწორება. ამავე წლის 25 ივნისს მან უარი განაცხადა განცხადების განხილვაზე, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. 2007 წლის 18 ივნისს განმცხადებელმა, ვინაიდან თ. გ-ს მასთან აღარ ჰქონდა პრეტენზიები მორიგების აქტთან დაკავშირებით, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელიც მიიღო 2007 წლის 20 ნოემბერს. ამავე განჩინებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, სადაც იგი მოვალედაა მითითებული, ხოლო თ. გ-ი – კრედიტორად. ორივე მხარისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რადგან მხარეები ერთდროულად ვერ იქნებიან კრედიტორებიც და მოვალეებიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით რ. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით თ. გ-სა და რ. ღ-ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: რ. ჯ-ი თ. გ-ს 2002 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდის 2300 აშშ დოლარს. თანხის გადაცემის შემდგომ თ.გ-ი თანახმაა, თბილისში, ლითონკონსტრუქციის მე-6 დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხოს რ.ჯ-ის სახელზე. თუ რ.ჯ-ი დათქმულ ვადაში ვერ გადაიხდის აღნიშნულ თანხას, იგი წყვეტს დავას და რაიმე პრეტენზია სადავო ბინაზე არ ექნება, ბინა დარჩება თ.გ-ის საკუთრებაში. აღნიშნულ განჩინებას საფუძვლად დაედო მხარეთა შორის 2002 წლის 2 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტი, რომლის თანახმად, თ. გ-ი და რ. ჯ-ი შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: რ. ჯ-ი თ. გ-ს 2002 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდის 2300 აშშ დოლარს. თ. გ-ი თანახმაა, მიიღოს რ. ჯ-ისგან 2002 წლის 31 დეკემბრამდე 2300 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დათქმულ ვადაში მიღების შემდეგ თ. გ-ი თანახმაა, თბილისში, ლითონკონსტრუქციის მე-6 დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხოს რ. ჯ-ის სახელზე. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რ. ჯ-ს პრეტენზია აღარ ექნება სადავო ბინაზე, ნებაყოფლობით დაცლის ბინას და გადასცემს თ. გ-ს.

2010 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. 2010 წლის 31 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახალი განცხადებით მიმართა თ. გ-მა, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და მიღებული განჩინების საფუძველზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმ საფუძვლით, რომ განჩინებაში სრულად არ არის ასახული მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების ყველა პირობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით თ. გ-ის განცხადება, დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით სასამართლოს ინიციატივით დაინიშნა სხდომა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის განსახილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში გასწორდა დაშვებული უსწორობა და მისი სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

«დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

თ. ჯ-ი თ. გ-ს 2002 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდის 2300 (ორი ათას სამას) აშშ დოლარს.

თ. გ-ი თანახმაა მიიღოს რ. ჯ-ისგან 2002 წლის 31 დეკემბრამდე 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხის დათქმულ ვადაში მიღების შემდეგ თ. გ-ი თანახმაა თბილისში, ლითონკონსტრუქციის მე-6 დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხოს რ. ჯ-ის სახელზე.

აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რ. ჯ-ს პრეტენზია აღარ ექნება სადავო ბინაზე, ნებაყოფლობით დაცლის ბინას და გადასცემს თ. გ-ს.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.»

2011 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. 2011 წლის 26 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ჯ-მა და მოითხოვა 2011 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა თ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც, მან უარი განაცხადა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის განხილვაზე. იმავე მხარის მიერ ხელმეორედ იმავე მოთხოვნის დაყენება კი, კანონით აღარ შეიძლებოდა. ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაზე მას მიღებული აქვს სააღსრულებო ფურცელი, სადაც იგი მითითებულია კრედიტორად. ორივე მხარისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რადგან მხარეები ერთდროულად ვერ იქნებიან კრედიტორებიც და მოვალეებიც.

სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას აღნიშნა, რომ, მართალია, თ. გ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად, მაგრამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით გაასწორა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინებაში არ იყო ასახული მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების პირობები სრულად. ზემოაღნიშნული განჩინება 2011 წლის 3 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში და 2011 წლის 10 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეები ერთ საქმეში არ შეიძლება იყვნენ როგორც კრედიტორები, ისე მოვალეები და განმარტა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობები შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. ორმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის შემთხვევაში, ურთიერთობის მონაწილეები ერთდროულად კრედიტორებიც არიან და მოვალეებიც. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ორმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობა და თითოეული მხარე არის როგორც კრედიტორი, ისე მოვალე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1-ლი ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჯ-მა შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 9 იანვარს თ.გ-მა განცხადებით ითხოვა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა, რომელიც მიიღო 2003 წლის 7 თებერვალს, სადაც კრედიტორადაა მითითებული. მან 2003 წლის 14 თებერვალს, მიღებიდან მე-7 დღეს, ისე, რომ არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის, განცხადებით მოითხოვა განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორება იმ მოტივით, რომ განჩინების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღმასრულებლები ვერ ახდენდნენ აღსრულებას და განცხადებას დაურთო სააღსრულებო ფურცლის დედანი, ხოლო აღსრულების შეფერხების ან შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2003 წლის 25 ივნისის განცხადებით თ.გ-მა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. 2003 წლის 2 ივნისის განჩინებით, განმცხადებლის მიერ განცხადების განხილვაზე უარის თქმის გამო, თ.გ-ის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება, მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით არ შეიძლება, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. 2010 წლის 3 ნოემბრის განცხადებით თ.გ-მა ისევ მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი და განცხადებას დაურთო აღმასრულებელ გოგიტა ოქროპირიძის პასუხი მოვალე თ. გ-ის მიმართ. მან 2003 წლის 7 თებერვალს მიღებული სააღსრულებო ფურცელი დაურთო 2003 წლის 14 თებერვლის განცხადებას. სასამართლოს კი მიაწოდა იმ აღმასრულებლის პასუხი, რომელიც აწარმოებდა აღსრულებას სააღსრულებო ფურცელზე და რომელიც გაცემულია რ.ჯ-ის განცხადების საფუძველზე, სადაც კრედიტორია რ.ჯ-ი, ხოლო თ.გ-ი მოვალედაა მითითებული. 2011 წლის 1-ლი ნოემბრის განჩინებაში ზემოჩამოთვლილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები არაა ასახული.

2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, თ. გ-ის განცხადება 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და მიღებული განჩინების საფუძველზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო იმ მოტივით, რომ ამავე საკითხზე არსებობს 2003 წლის 27 ივნისის განჩინება; აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და ძალაშია, რასაც ასევე გააჩნია პრეიუდიციული ხასიათი, მაგრამ ამისი შეფასება არ მომხდარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის პირველ ნოემბერს გამოიტანა არასწორად დასაბუთებული განჩინება, სადაც არ იმსჯელა განცხადების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, თუ ამ გარემოებების შეუფასებლობის მიზეზებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1-ლი ნოემბრის განჩინებით რ. ჯ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეეძლო, გაესწორებინა განჩინებაში დაშვებული უსწორობა, მაშინ, როცა მხარემ აღნიშნულზე უარი თქვა. ამასთან, ორივე მხარისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რადგან მხარეები ერთდროულად ვერ იქნებიან კრედიტორებიც და მოვალეებიც.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რ. ჯ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისას მხარემ თავისი პოზიცია აუცილებლად უნდა დაასაბუთოს აღსრულების შეუძლებლობით და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მორიგების აქტი, სადაც მორიგების ერთ-ერთ პირობად მითითებულია, რომ, თუ რ. ჯ-ი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის შეთანხმებულ თანხას, იგი წყვეტს დავას და რაიმე პრეტენზია სადავო ბინაზე არ ექნება, ბინა დარჩება თ. გ-ის საკუთრებაში, ხოლო რ. ჯ-ი ნებაყოფლობით დაცლის ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება განჩინების აღსულებისათვის კანონით დადგენილი წესები. მორიგების ეს პირობა სრულად არ ასახულა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მორიგების პირობების არასრულად ასახვის გამო, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაასწორა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

პალატა განმარტავს, რომ, მართალია, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2003 წლის 27 ივნისის განჩინებით, განმცხადებლის მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო, თ. გ-ის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება, მაგრამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა მხარეს ართმევს შესაძლებლობას, წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში კვლავაც მიმართოს იმავე დავაზე სასამართლოს, რომელიც ამ მხრივ სრულად თავისუფალია. აქედან გამომდინარე, დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების სრული დაცვით იმოქმედა, კერძოდ, მან 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დატოვა თ. გ-ის 2010 წლის 31 დეკემბრის განცხადება, რადგან თ. გ-მა უარი თქვა იდენტური განცხადების განხილვაზე, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის განჩინებით შეწყვეტილი იყო საქმის წარმოება. ამის შემდგომ, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების უპირველესი მნიშვნელობა მოდავე პირებისთვის უფლება-მოვალეობათა არსებობა-არარსებობის დადგენაა, რაც საბოლოოდ მართლწესრიგის დამკვიდრებასა და სამართალდარღვევის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლების თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავა მორიგებით დაამთავრონ, ამასთან, მორიგების პირობების განსაზღვრაში მხარეთა თავისუფლება უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დისპოზიციურობის პრინციპით. სასამართლოს კომპეტენცია ამ შემთხვევაში, მხოლოდ მორიგების პირობების კანონთან შესაბამისობის შემოწმებასა და მათ დამტკიცებაშია. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს მოდავე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს, შესაბამისად, მორიგების განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად უნდა ასახავდეს მხარეთა შეთანხმებულ პირობებს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებაზე ორჯერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც დაუშვებელია. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2011 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 31 იანვრის და არა 2002 წლის 2 ივლისის განჩინების საფუძველზე, შესაბამისად, ერთსა და იმავე განჩინებაზე ორი სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ერთ დავაში შეუძლებელია ორივე მხარე კრედიტორიც იყოს და მოვალეც, რის გამოც დაუშვებელია ორივე მათგანზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია, რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ერთ დავაზე გაიცეს რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი თითოეული მხარის მოთხოვნის იძულებითი აღსრულების მიზნით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.