საქმე # 330100123007875042
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №66აპ-25 ქ. თბილისი
ა–ი ვ., 66აპ-25 3 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2023 წლის 12 დეკემბრის დადგენილების (ტ.1, ს.ფ. 109-112) თანახმად, ვ. ა–ს – პ/ნ .......... – ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს სახელობის ბაღში წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვ. ა–მა განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით ო. გ–ეს მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობები, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს;
1.2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს სახელობის ბაღში, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვ. ა–მა ნ. გ–ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ ხელი დაარტყა მუცლის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.3. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს სახელობის ბაღში, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვ. ა–მა გ. ფ–ს, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიზნით დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობები. გ. ფ. სამედიცინო დახმარების მიზნით გადაყვანილი იქნა ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის №..-ში მდებარე შპს „... ჰ-ში". აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით: ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 1 აგვისტოდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ვ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება და ამ ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 1 აგვისტოდან;
4.1.5. ვ. ა–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „........ ცენტრში‘‘ (........) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდება საერთო წესით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ვ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და ამ ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ვ. ა–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ვ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.
7.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ვ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ამ დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
8. მხარეთა შორის დავის საგანს ასევე არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს სახელობის ბაღში ვ. ა–მა დანის გამოყენებით ო. გ–ეს მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობები. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ ვ. ა–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას ო. გ–ის მიმართ თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი იძლეოდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი №213აპ-20 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი №309აპ-19, ასევე – 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 და 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი №227აპ-16)
10. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან შეზღუდული შერაცხადობის მქონე ვ. ა–ს არ ჰქონდა სერიოზული საბაბი ო. გ–ის მოკვლის, მისთვის დაზიანების მიყენების შემდეგ არავის გაუშველებია და არაფერი უშლიდა ხელს განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მისი ქმედება მოკვლის განზრახვის არარსებობის გამო უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ვ. ა–ი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა ო. გ–ის მოკვლის განზრახვით და აცნობიერებდა (შეზღუდული შერაცხადობის პირობებში არასრულად) შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. ვინაიდან,
10.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ო. გ–ემ განმარტა, რომ დაზიანების მიღების შემდეგ აქვს მეხსიერების პრობლემები და იმ დღეს განვითარებული მოვლენებიდან ყველაფერი არ ახსოვს, არ ახსოვს არც ჩხუბისა და არც გაშველების მომენტი, ახსოვს მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი დიდი ზომის დანით ხელში, რომელმაც უთხრა, რომ „ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარო“, შემდეგ დაიხედა და დაინახა, რომ სისხლი მოსდიოდა. ასევე, ახსოვს გოგონას ხმა და მისთვის უცნობი ბიჭის ხმა, რომელიც იძახდა, რომ იყო დაჭრილი და ითხოვდა დახმარებას, თვითონაც (ო. გ–ემ) მოასწრო დაძახება, რომ იყო დაჭრილი, რის შემდეგაც დაკარგა გონება და როდესაც გონზე მოვიდა, იმყოფებოდა კლინიკაში, რეანიმაციაში. ვ. ა–ის მიერ ჭრილობების მიყენების შემდეგ მისი (დაზარალებულის) ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, რის გამოც ჰქონდა მკაცრი წოლითი რეჟიმი და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სახლში გამოიკითხა გამომძიებლის მიერ. დაზარალებული დაეთანხმა პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ მისი 2023 წლის 14 სექტემბრის გამოკითხვის ოქმის სისწორეს, რომლის თანახმადაც, დაინახა, რომ გოგონების თანმხლებ ორ ახალგაზრდას უკან მოსდევდა ვ. ა–ი (როგორც მოგვიანებით გამოძიების შედეგად დადგინდა). ეს ორი პირი ყვიროდა, რომ გაიქეცითო, რა დროსაც დანიანი ბიჭი მიუახლოვდა და უთხრა, „ვიცი, შენ არაფერ შუაში ხარ, გამომყევიო“ და წავიდნენ .....ს ბაღში, სადაც ვ. ა–მა მოულოდნელად მარჯვენა ხელით, რომელშიც ეჭირა მუქი ფერის გასაშლელი დანა წაწვეტებული პირით, მარცხენა გვერდში და ზურგში მიაყენა ჭრილობები და ვიდრე გაიქცეოდა, ვ. ა–მა კიდევ ერთხელ უთხრა, „შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ამათთან რომ „დვიჟენიობ“ მაგიტომო“. ამ დროს ესმოდა ხმები, რომ ვიღაც ყვიროდა, დაჭრილი ვარო, თვითონაც დაიძახა, რომ დაჭრილი იყო და ითხოვა დახმარება, რის შემდეგაც დაკარგა გონება. დაცვის მხარის შეკითხვებზე, დაზარალებულმა განმარტა, რომ დაზიანების მიყენებისას არავის გაუშველებია. როდესაც ა–ი გაიქცა, თვითონ ჯერ ისევ ფეხზე იდგა და რომ სდომებოდა, ბრალდებულს კვლავ შეეძლო დარტყმების გაგრძელება. დამატებით დაზარალებულმა განაცხადა, რომ სამჯერ ჰქონდა დარტყმული მუცლის მიმართულებით და საეჭვო იყო მისი გადარჩენა, რადგან თირკმელი იყო ამოსაღები და ელენთაც გაკაწრული ჰქონდა, გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ორგანიზმმა შეინარჩუნა სიცოცხლე.
10.2. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა: ს. ო–სა და თ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებმაც განმარტეს, რომ დაინახეს ვ. ა–ის მიერ ო. გ–ისათვის დანის სამჯერ დარტყმა, რის შემდეგაც თ. ზ–ს განმარტებით ო. გ–ე ჩაიკეცა, როდესაც გაიქცნენ ო. გ–ის მიმართულებით ბაღის თანამშრომელს იგი უკვე წამოყენებული ჰყავდა და მიჰყავდა სკვერში არსებული შადრევნის მიმართულებით, 112-ში დარეკა უსაფრთხოების თანამშრომელმა, რომელიც იმ დროს სკვერში იმყოფებოდა, ვ. ა–ი კი ეუბნებოდა მას რომ ტყუილად ცდილობდა დახმარებას, ვ. ა–ი დანით ხელში დადიოდა მათ ირგვლივ და ყვიროდა პოლიციაში არ დაერეკათ (იხ.: 2023 წლის 1 აგვისტოს ს. ო–ს გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ. 5-12; 2023 წლის 1 აგვისტოს თეონა ზუკაკიშვილის გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ.27-32).
10.3. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმე კ. მ–ს (შპს „... ჰ-ს“ უროლოგი) გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, ო. გ–ეს საავადმყოფოში სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა მარცხენა თირკმლის დაზიანებით და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თირკმლის არეში. ქირურგიული მკურნალობის მიმდინარეობისას გაიკერა თირკმლის ჭრილობა, რომელიც სახიფათო იყო პაციენტის სიცოცხლისათვის და რომ არა სწრაფი რეაგირება, დადგებოდა ფატალური შედეგი.
10.4. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით ო. გ–ეს დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის კედლის ღია ჭრილობა მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, ელენთის და თირკმლის დაზიანებით (ელენთის ქვედა პოლუსზე ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა თირკმლის პოლუსის დონეზე ლატერალურ კიდესთან ნაკვეთი ჭრილობა). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და მთლიანობაში მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
11. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ს. ო–სა და თ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ადასტურებენ დაჭრილი ო. გ–ისათვის მყისიერი დახმარების გაწევას, (ჭრილობაზე დააფინეს ნაჭრები, დარეკეს 112-ში და გადაიყვანეს კლინიკაში), ექიმ კ. მ–ს გამოკითხვის ოქმს, რომელიც ადასტურებს, რომ ო. გ–ეს სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და რომ არა სწრაფი რეაგირება, დადგებოდა ფატალური შედეგი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ვ. ა–ის მიერ ო. გ–ისათვის მიყენებული ჭრილობები ცალ-ცალკე და მთლიანობაში მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვ. ა–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება (დანის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა), დაზიანებათა რაოდენობა (სამჯერ დანის დარტყმა), მათი ლოკალიზაცია (ელენთის ქვედა პოლუსზე ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა თირკმლის პოლუსის დონეზე ლატერალურ კიდესთან ნაკვეთი ჭრილობა) და ხასიათი (ცალ-ცალკე და მთლიანობაში მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ვ. ა–ის მხრიდან ო. გ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვას, რაც ვ. ა–ისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად.
15. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) ვ. ა–ის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
16. ვ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი განხილულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ განმეორებით მსჯელობის საჭიროება.
17 . „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე