ას-1616-1610-2011 9 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,ე-ა» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ისა და შპს ,,ე-ას» მიმართ და მოითხოვა სასამართლოს დაევალდებულებინა შპს ,,ე-ა» მის მიერ 2010 წლის 16 აპრილს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზი – მიწის ნაკვეთი ფართობით 1700 კვ.მ, დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, მდებარე ქ. ახალციხე, სოფელი უ-ი, მოპასუხე გ. კ-ე მოყვანილი ყოფილიყო შესაბამისობაში მესაკუთრე გ. კ-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ¹159-ის მოინაცემებთან.
მოპასუხე გ. კ-ემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხე შპს ,,ე-ასაგან» სასამართლოში შესაგებელი არ შესულა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ე-ას“ დაეკისრა ვალდებულება მის მიერ 2010 წლის 16 აპრილს შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზი, - მიწის ნაკვეთზე ფართობით 1700 კვ.მ. დანიშნულება სასოფლო, მდებარე ქ. ახალციხე სოფელ უ-ი, მოპასუხე გ. კ-ე, მოყვანილიყო შესაბამისობაში მესაკუთრის – გ. კ-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ¹159-ის მონაცემებთან. ახალციხის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება 2011 წლის 15 ივლისს გ. კ-ემ ხოლო 2011 წლის 18 ივლისს შპს „ე-ამ» გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ე-ას» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინებით აპელანტს შპს „ე-ას“ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინებით დადგენილ ვადაში. იმავე განჩინებით აპელანტს ასევე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად. სააპელაციო პალატის 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურდა, რომ აღნშნული განჩინების ასლი აპელანტს შპს „ე-ას“ (დირექტორს ს.ს-ეს) ჩაბარდა 2011 წლის 17 აგვისტოს, რასაც ადასტურებს ხელწერილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 აგვისტოდან და ამოიწურა 2011 წლის 29 აგვისტოს, პირველივე სამუშაო დღეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ე-ას» დირექტორმა ს. ს-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2011 წლის 08 აგვისტოს გამოტანილი განჩინებით, შპს ,,ე-ას» სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად მიეცა ათდღიანი ვადა, რა დროშიც მის მიერ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის შეტანა. იმ დროისათვის ს. ს-ეს რაიონიდან სასწრაფოდ მოუხდა გამგზავრება ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და ამ პერიოდში დროულად ვერ უზრუნველყო მისი, როგორც დირექტორის სხვა თანამშრომელზე უფლებამოსილების გადაბარება, რითაც საშუალება მიეცემოდა მის მაგივრად ეწარმოებინათ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები, კერძოდ, გადმოერიცხათ მათი ანგარიშიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ შპს ,,ე-ას» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა სასამართლოში, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღის ვადა. იმავე განჩინებით აპელანტს ასევე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად. საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს ,,ე-ას» დირექტორ ს. ს-ეს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 17 აგვისტოს. მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. ასევე სადავოს არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტ შპს ,,ე-ასთვის» სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დანიშნული ათდღიანი ვადის გასვლა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მას რაიონიდან სასწრაფოდ მოუხდა გამგზავრება ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და შესაბამისად, ვერ უზრუნველყო დირექტორის უფლებამოსილების სხვა თანამშრომელზე გადაბარება, რაც გახდა ხარვეზის დროულად შეუვსებლობის მიზეზი. აღნიშნული არ შეესაბამება არცერთ საპატიო გარემოებას, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კერძოდ, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს იურიდიული პირის შიდა ორგანიზაციულ პრობლემას და იგი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ე-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.