Facebook Twitter

ას-1657-1645-2011 13 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ზ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – პ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ზ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. თ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ მამასთან – ჯ. ზ-ასთან ერთად მოპასუხისგან იყიდა ქ.რუსთავში მდებარე ბინა. მოპასუხეს ბინასთან ერთად მოსარჩელისათვის უნდა მიეყიდა სამი მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ისინი შეთანხმდნენ სამივე მიწის ნაკვეთის საფასურზე, პ.თ-მა წინასწარ ითხოვა მიწის ნაკვეთების ღირებულების დაფარვა, რის გამოც გარანტიის სახით, მისივე თხოვნით, დაუწერა ხელწერილი, რომელიც ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთების ღირებულებას და იმას, რომ თითქოს პ.თ-ისაგან ისესხა 18000 აშშ დოლარი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოსარჩელისთვის შემდგომში ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს საკუთრებაში არ ჰქონდა მიწის ნაკვეთები, რის გამოც ორი მიწის ნაკვეთი ვერ გადაუფორმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პ.თ-ს გადაუხადა მიწის ნაკვეთების საფასურის ნახევარზე მეტი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2009 წლის 28 მაისს მას და მოსარჩელეს შორის წერილობითი ფორმით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შ. ზ-ას გადასცა 18000 აშშ დოლარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ზ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ზ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. ზ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 720 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. შ. ზ-ას აღნიშნული განჩინება ორჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაჰბარდა. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათზე კურიერის მიერ გაკეთებული აღნიშვნით ირკვევა, რომ ბინა წლების განმავლობაში დაკეტილია და შ. ზ-ა სხვაგან ცხოვრობს.

პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, განმარტა, რომ აპელანტის მიერ მისამართის შეცვლა ამ ნორმით გათვალისწინებული შემთხვევაა, რის თაობაზეც აპელანტს არ უცნობებია სასამართლოსათვის. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ადრესატს უწყება ჩაჰბარდა 2011 წლის 17 სექტემბერს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 და 61-ე მუხლის მესამე ნაწილებიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 18 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 სექტემბერს. შ. ზ-ამ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეავსო, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ზ-ამ შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, მისი საფუძველი არის ის, რომ შ. ზ-ა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმის განხილვის დაწყებიდან მითითებულ მისამართზე მას უწყებები ყოველთვის ჰბარდებოდა. სასამართლო განჩინება დაეფუძნა გზავნილზე კურიერის მიერ აღნიშვნულ წარწერას, თითქოს ბინა წლების მანძილზე დაკეტილია, თუმცა კურიერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. სასამართლომ არც კი სცადა ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების გარკვევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ იგი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს, კურიერის მიერ გზავნილზე გაკეთებული აღნიშვნა კი, არ შეესაბამება სინამდვილეს.

საკასაციო სასამართლო ეყრდნობა რა საქმეში წარმოდგენილ გზავნილებს (ტ.I, ს.ფ 57), იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის განხილვის დაწყებიდან მითითებულ მისამართზე მას უწყებები ჰბარდებოდა, თუმცა პალატა არ ეთანხმება შ.ზ-ას იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული აუცილებლად კურიერის მიერ გაკეთებული წარწერების სინამდვილესთან შეუსაბამობას ნიშნავს, რადგან 2011 წლის 28 აპრილს კერძო საჩივრის ავტორისთვის უწყების ჩაბარება, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2011 წლის 4 აგვისტოსაც, როდესაც სადავო წარწერა შესრულდა (ტ.II, ს.ფ 6). გარდა ამ გზავნილისა, განჩინებების ჩაბარება ვერ განხორციელდა სხვა შემთხვევებშიც, კერძოდ, 2011 წლის 30 ივნისს (ტ.I, ს.ფ. 115), 2011 წლის 17 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ 9), 2011 წლის 7 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ. 15) და 2011 წლის 9 ნოემბერს (ტ.II, ს.ფ. 18). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შ.ზ-ამ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება სწორად ჩაითვალა აპელანტისთვის ჩაბარებულად 2011 წლის 17 სექტემბერს, თუმცა შ. ზ-ამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში – 2011 წლის 22 სექტემბრამდე არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ზ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.