Facebook Twitter

ას-1669-1657-2011 26 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ე-ასა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის წინააღმდეგ და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის _ თ. გ-ას მიერ 2011 წლის 4 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთების (რიგით ¹2 და ¹4) მესაკუთრეს.

მ. ე-ამ სარჩელი ცნო.

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის – თ. გ-ას მიერ 2011 წლის 4 აგვისტოს ზუგდიდის სოფელ კოლხიდაში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში დაყადაღებული ხის კარადა და ტელევიზორი, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გაღებული სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურმა და მოითხოვა დასახელებულ ნაწილში მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 600 ლარით და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის საგანი, რომელიც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მართალია განუხილველად დარჩა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო ვინაიდან იგი უკანონოდ მიიჩნიეს ფ. ხ-ას მიმართ მოვალედ და კრედიტორად და, შესაბამისად, უკანონოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რომელიც არ აღემატება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისიწნებულ 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ ბუნებრივი რესურსებიოს სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.