Facebook Twitter

ას-1671-1659-2011 9 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ღ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ღ-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1998 წლის 23 ივლისიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე ზ. ღ-ასთან. 1999 წლის 2 აგვისტოს შეეძინათ შვილი მ. ღ-ა. ცოლქმრული თანაცხოვრების 4 წლის შემდეგ ურთიერთობები გამწვავდა. მოპასუხე ცხოვრობს სხვა ქალთან ერთად, რის გამოც იძულებული შეიქნა შვილთან ერთად დაბრუნებულიყო მშობლებთან. შვიდი წელია მასთან ურთიერთობა აღარ აქვს. ამ ხნის განმავლობაში მოპასუხე ზ. ღ-ას შვილის რჩენასა და აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია. ამჟამად შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა. არის პედაგოგი, მუშაობს ზუგდიდის ¹11 საჯარო სკოლაში. მხოლოდ ხელფასით ვერ უზრუნველყოფს შვილის აღზრდასა და რჩენას. ზ. ღ-ა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია, იზრუნოს თავის არასრულწლოვან შვილზე.

მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. იგი თანახმაა მისი არასრულწლოვანი შვილის მ. ღ-ას სარჩოდ ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტი 30 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი ზ. ღ-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ. ღ-ას მისი არასრულწლოვანი შვილის – მ. ღ-ას სასარგებლოდ ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს – ალიმენტის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2011 წლის 5 სექტემბრიდან თვეში 100 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ღ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ითხოვს ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 70 ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება შეადგენს 840 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ღ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე თავდაპირველად ითხოვდა ალიმენტის _ თვეში 300 ლარის დაკისრებას. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დააკისრა თვეში 100 ლარი, ანუ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული ნაწილი შეადგენს 1200 ლარს, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი ზ. ღ-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ. ღ-ას მისი არასრულწლოვანი შვილის – მ. ღ-ას სასარგებლოდ ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს – ალიმენტის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2011 წლის 5 სექტემბრიდან თვეში 100 ლარის ოდენობით, რაც ზ. ღ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ ოდენობას 70 ლარის ნაწილში და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად არა 100 ლარის, არამედ 30 ლარის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტმა გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მისთვის 70 ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს ერთ წელზე (12 თვეზე) 70 ლარის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 840 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ზ. ღ-ას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 840 ლარით სწორად განსაზღვრა და მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ღ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.