Facebook Twitter

ას-1690-1674-2011 9 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჰ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნოტარიუსი ე. ო-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის დავალდებულება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ჰ. მ-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს ე. ო-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის დავალდებულება, არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 77-82).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 94-103).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ჰ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას. ამ ნორმის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს უწყება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შპს «ს.კ.ს-ს» ადმინისტრატორ ზ.ნ-ის 2011 წლის 5 ოქტომბრის აქტის თანახმად, ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა მაცხოვრებლების განმარტებით, ჰ. მ-ი არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი წასული იყო რუსეთის ფედერაციაში. გარდა ამისა, მოსამართლის თანაშემწის 2011 წლის 26, 28, 30 სექტემბრის, ასევე, 4 ოქტომბრის აქტებით სატელეფონო შეტყობინების თაობაზე, ირკვეოდა, რომ ჰ. მ-თან კავშირი ვერ შედგა ტელეფონის დროებით გამორთულობის გამო. რაც შეეხებოდა მოწინააღმდეგე მხარეს _ ე. ო-ეს, მას უწყება ჩაბარდა 2011 წლის 26 სექტემბერს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული 2011 წლის 26 სექტემბრის აქტით სატელეფონო შეტყობინების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

ზემომითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 35-37).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჰ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აუცილებელი გახდა მისი გამგზავრება სომხეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ. სწორედ ამ მიზეზით, 2011 წლის 19 აგვისტოს, მან განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც ითხოვა, რომ მკურნალობისათვის სჭირდებოდა გარკვეული დრო და ამიტომ, არ ჩაენიშნათ საქმის განხილვა 2011 წლის ოქტომბრის ბოლომდე. ამავდროულად, აპელანტმა კუთვნილი ტელეფონი ჩართო როუმინგულ მომსახურებაზე. როგორც გამოირკვა მის მიერ გაგზავნილ განცხადებაზე, ფოსტამ არასწორად მიუთითა სასამართლოს მისამართი, კერძოდ, მიუთითა უზენაესი სასამართლოს მისამართი. აქედან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკაში აპელანტის გამგზავრების შემდეგ მისი განცხადება დაბრუნებულა უკან. ჰ. მ-ი სომხეთიდან დაბრუნდა 2011 წლის 5 ოქტომბერს, რაც დასტურდება მისი პასპორტით, მაგრამ 5 ოქტომბერს აპელანტთან არავინ მისულა და არ ჩაუბარებია არანაირი უწყება. საქმეზე არ დგინდება, თუ კონკრეტულად ვინ განუცხადა კურიერს იმის თაობაზე, რომ ის იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, კურიერი ვალდებული იყო კონვერტზე გაეკეთებინა ასეთი აღნიშვნა (ს.ფ. 42-43).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

გასაჩივრებული განჩინებით ჰ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის, აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის) გამოუცხადებლობა, რომლებიც კანონით დადგენილი წესით მოწვეულნი იყვნენ საქმის განხილვაში. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.ახალქალაქი, ნ-ის 64) გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც მას ატყობინებდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა აპელანტისათვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა. კერძოდ: შპს «ს.კ.ს-ს» ადმინისტრატორ ზ.ნ-ის 2011 წლის 5 ოქტომბრის აქტის თანახმად, ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა, მეზობლების განმარტებით, ჰ. მ-ი არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი წასული იყო რუსეთის ფედერაციაში, ამიტომ მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა (ტომი 2, ს.ფ. 32-34). მოსამართლის თანაშემწის 2011 წლის 26 სექტემბრის, 28 სექტემბრის, 30 სექტემბრის და 4 ოქტომბრის აქტებით სატელეფონო შეტყობინების თაობაზე, ირკვევა, რომ ჰ. მ-თან, მის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე, სატელეფონო კავშირი ვერ შედგა იმის გამო, რომ ტელეფონი დროებით იყო გამორთული (ტომი 2, ს.ფ. 28-31).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტისათვის უწყება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი სამკურნალოდ გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკაში და, შესაბამისად, დროებით არ იმყოფებოდა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, აპელანტს ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოსათვის ეცნობებინა მის მიერ მითითებული მისამართიდან საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე. საქმის მასალებით ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მისი განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს არ ჩაბარებია. აქედან გამომდინარე, სასამართლო უყება აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ასევე აპელანტისათვის უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.2 მუხლის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73.11 მუხლით გათვალისინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამრთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოში დაბარების ფორმებს, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგერთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაეკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება შეიძლება გაიგზავნოს ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით. ტელეფონით დაბარების შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით (სსკ-ის 73.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი სასამართლოში დაბარებული იყო როგორც ფოსტის მეშვეობით, ასევე ტექნიკური საშუალებით, კერძოდ, ტელეფონის მეშვეობით, ამასთან, არაერთხელ. ამდენად, სასამართლო უყება აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ჰ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.